ბლოგის ადმინის ნებართვით აღებულია ბლოგიდან https://geolaw.wordpress.com
კანონიერების ეს უმნიშვნელოვანესი პრინციპი ნიშნავს ადამიანის დასჯის დაუშვებლობას იმ ქმედებისთვის, რომელიც მისი ჩადენის დროს კანონით არ იყო განსაზღვრული დანაშაულად. საქართველოს კონსტიტუცია ამ პრინციპს 42-ე მუხლის მე-5 პუნქტით აღიარებს. ეს პრინციპი ასევე აღიარებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილით, რომლის მიხედვითაც ქმედების დანაშაულებრიობა და დასჯადობა განისაზღვრება სისხლის სამარტლის კანონით, რომელიც მოქმედებდა მისი ჩადენის დროს.
ზემოთაღნიშნული ძირითადი უფლებით დაცულია ყველა ფიზიკური პირი, აგრეთვე კერძო სამართლის იურიდიული პირებიც. მნიშვნელოვანია სამი უმნიშვნელოვანესი პრინციპი, რომლებიც ამ ძირითად უფლებას „ზურგს უმაგრებს“:
კანონიერების პრინციპი, რომლის მიხედვით სასჯელი გამოყენებული უნდა იქნეს მხოლოდ კანონის საფუძველზე, რომელიც უნდა მოქმედებდეს საკანონმდებლო ნორმების დაცვით.
კანონის არაორაზროვნების და განსაზღვრულობის პრინციპი კანონმდებლობისგან მოითხოვს გასაგები და არაბუნდოვანი სისხლისსამართლებრივი ნორმების დადგენას, რომელიც ყველასთვის გასაგები იქნება.
და ბოლოს კანონის უკუძალა, რომელიც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია: კონსტიტუციის 42-ე მუხლის თანახმად „კანონს, თუ ის არ ამსუბუქებს ან არ აუქმებს პასუხისმგებლობას, უკუძალა არ აქვს“. ეს პრინციპი გავრცობილია საქართველოს ახალი სისხლის სამართლის კოდექსის მე-3 მუხლში:
„სისხლის სამართლის კანონს, რომელიც აუქმებს მოქმედების დანაშაულებრიობას, ამსუბუქებს სასჯელს, ან სხვაგვარად აუმჯობესებს დამნაშავის მდგომარეობას, აქვს უკუძალა. ხოლო იმ შემთხვევაში თუ კანონი აწესებს ქმედების დანაშაულებრიობას, ამკაცრებს სასჯელს, ან სხვაგვარად აუარესებს დამნაშავის მდგომარეობას, უკუძალა არ აქვს.
თუ ახალი სისხლის სამართლის კანონი ამსუბუქებს სასჯელს ქმედებისთვის, რომელსაც დამნაშავე იხდის, ეს სასჯელი უნდა შემცირდეს კანონით მოცემულ ფარგლებში. თუ დანაშაულის ჩადენიდან განაჩენის გამოტანის დღემდე კანონი რამდენჯერმე შეიცვალა, გამოიყენება ყველაზე მსუბუქი კანონი“
ზემოაღნიშნულიდან იკვეთება მნიშვნელოვანი გარემოება: კერძოდ, თუ ახალი კანონი სხვაგვარად აუმჯობესებს, ან სხვაგვარად აუარესებს დამნაშავის მდგომარეობას, მაშინ ახალ კანონს უკუძალა ექნება. მაგალითად: თუ ახალმა კანონმა დააწესა ხანდაზმულობის ან ნასამართლეობის გაქარწყლების ახალი ვადები, ან განსხვავებული წესი, უკუძალა იმოქმედებს, იმის მიუხედავად ამსუბუქებს თუ ამკაცრებს პირის მდგომარეობას იგი.
დანაშაულის ჩამდენ პირს კონსტიტუცია და სისხლის სამართლის კანონი გარანტიას აძლევენ მხოლოდ ორ საკითხში:
ა)ქმედების დანაშაულებრიობის დაწესებას ქმედების ჩადენის შემდეგ არ აქვს უკუძალა;
ბ)ქმედების დასკადობის გამკაცრებას ქმედების ჩადენის შემდეგ არ აქვს უკუძალა;
განხილულ საპროცესო უფლებას მჭიროდ უკავშირდება ნდობის დაცვის პრინციპი, ანუ მოქალაქის უსაფრთხოება, მოქალაქის ნდობის დაცვა, რომ მის მოქმედებას მოგვიანებით არ მოყვება არასასურველი სამართლებრივი შედეგები, რისი გათვალისწინებაც შეუძლებელი იყო მოქმედების განხორციელებისას. მაგალითად: კანონი, რომელიც წარსულში განხორციელებულ მოქმედებებზე აწესებს გადასახადს და მოითხოვს მათ გადახდას ფიზიკური თუ იურიდიული პირებისგან, ეწინააღმდეგება ნდობის დაცვის პრინციპს, რადგან არყევს მოქალაქეთა ნდობას სამართლებრივი სახელმწიფოსადმი არაკონსტიტუციურია.
ხშირ შემთხვევაში კანონის ნორმები ეხება არამხოლოდ წარსულში მომხდარ მოვლენებს არამედ ფაქტებს, რომლებიც წარმოიშვნენ წარსულში, მოქმედება გააგრძელეს აწმყოში და შეწყდებიან მომავალში. ასეთ დროს უნდა იქნეს გათვალისწინებული ხომ არ იზღუდება დაინტერესებულ პირთა ინტერესები და ხომ არ მოყვა კანონის ცვლილებას მოქალაქეთა სამართლებრივი მდგომარეობის გაუარესება.
სწორედ ამიტომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე6 მუხლის მიხედვით, არ შეიძლება კანონს მიეცეს უკუქცევითი ძალა, თუ იგი ზიანის მომტანია, ან აუარესებს პირის მდგომარეობას.