ბლოგის ადმინის ნებართვით აღებულია ბლოგიდან https://geolaw.wordpress.com
რამდენიმე წუთის წინ ჩვენს ფეიჯზე დაიდო კაზუსი სისხლის სამართლიდან.
აღნიშნული კაზუსი წარმოდგენილია პრაქტიკიდან და სასამართლოს გადაწყვეტილებით, მძღოლის მიერ ჩადენილი დანაშაული წარმოადგენდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 128-ე მუხლს (განსაცდელში მიტოვება). თუმცა, როგორც იცით სასამართლო ხშირად ცდება ხოლმე და მიიჩნევენ, რომ სასამართლის მიერ გამოტანილი ეს გადაწყვეტილებაც არასწორია და სინამდვილეში მძღოლის მიერ ჩადენილ დანაშაულს დაუხმარებლობა, სისხლის სამართლის კოდექსის 129-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედება, წარმოადგენს.
გადავწყვიტე, თითოეული სავარაუდო პასუხი ცალ-ცალკე განმეხილა და ამეხსნა თუ რატომ არ შეიძლება დაკვალიფიცირდეს ქმედება როგორც განსაცდელში მიტოვება (სსკ-ის 128-ე მუხლი) და რატომ არის კაზუსში განხილული დანაშაული დაუხმარებლობა (სსკ-ის 129-ე მუხლი).
“მუხლი 128. განსაცდელშიმიტოვება (28.04.2006 N 2937)
დაუხმარებლად იმის მიტოვება, ვინც სიცოცხლისათვის საშიშ მდგომარეობაში იმყოფებოდა და შესაძლებლობა არ ჰქონდა მიეღო ზომები თავის დასაცავად, თუ მიმტოვებელს ევალებოდა მასზე ზრუნვა და შეეძლო მისი დახმარება,-
ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ან საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოციდან ორას ორმოც საათამდე, ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.”
სისხლის სამართლებრივი დაცვის უშუალო ობიექტია იმ ადამიანის სიცოცხლე, ვინც სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობაში იმყოფება და არ აქვს შესაძლებლობა მიიღოს ზომები თავის დასაცავად. სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობა შეიძლება შეიქმნას დამნაშავის ნებისგან დამოუკიდებლად. განსაცდელში მიტოვების დროს დამნაშავე არ ეხმარება იმას, ვინც უკვე იმყოფება სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობაში.
დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება უმოქმედებაში, რომელიც გულისხმობს შემდეგი პირობების არსებობას:
ა) ადამიანი იმყოფება სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობაში და შესაძლებლობა არა აქვს მიიღოს ზომები თავის დასაცავად;
ბ) განსაცდელში მიტოვებულს ევალება დაზარალებულზე ზრუნვა და შეუძლია მისი დახმარება.
ყურადღება უნდა მივაქციოთ იმ გარემოებას, რომ მუხლში განსაზღვრულია პირთა ის წრე, რომლებიც ვალდებულნი არიან (თუ კი მათ ამის შესაძლებლობა აქვთ), რომ იხსნან პირი განსაცდელისგან. ანუ, პირები, რომლებსაც ევალებოდათ განსაცდელში მყოფ პირზე ზრუნვა. განსაცდელში მყოფი ადამიანისთვის დახმარების სპეციალური ვალდებულება შეიძლება გამომდინარეობდეს უშუალოდ კანონიდან (მაგალითად, საქამოალაქო კოდექსით მშობლები ვალდებულნი არიან დაეხმარონ არასრულწლოვან შვილებს), მოქმედების ვალდებულება შეიძლება განპირობებული იყოს არჩეული პროფესიით ან სამსახურეობრივი მდგომარეობით. დახმარების აღმოჩენის სპეციალური ვალდებულება აგრეთვე შეიძლება ეფუძნებოდეს დამნაშავის წინარე ქმედებას რითაც საფრთხე შეექმნა ადამიანის სიცოცხლეს. განსაცდელში მიტოვებისთვის პირს პასუხისმგებლობა მაშინ დაეკისრება, როცა მას რეალური შესაძლებლობა აქვს მიიღოს ზომები ადამიანის სიცოცხლის გადასარჩენად. აქვე გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ განსაცდელში მიტოვება ფორმალური შემადგენლობის მქონე დანაშაულია. იგი დამთავრებულად ჩაითვლება იმ მომენტიდან, როცა პირს წარმოეშვა დახმარების აღმოჩდენის მოვალეობა და ეს მან არ შეასრულა. სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დამნაშავეს 128-ე მუხლით მაშინაც დაეკისრება, როდესაც იგი სათანადო დამხარების აღმოჩენითაც ვერ გადაარჩენდა დაზარალებულის სიცოცხლეს.
ერთი შეხედვით, სახეზე გვაქვს ყველა ის ფაქტი რაც საშუალებას მოგვცემს ვივარაუდოთ რომ საქმე ეხება განსაცდელში მიტოვებას. თანაც, აღსანიშნავია ექპერტიზის დასკვნა, რომ ბავშვი გარდაიცვლებოდა იმ შემთხვევაშიც კი, თუკი მას გადაიყვანდნენ საავადმყოფოში. მაგრამ, ჩვენ ყურადღება უნდა გავამახვილოთ იმ ფაქტზე, რომ მძღოლი, მოქალაქე ა. საავტომობილო გზაზე მოძრაობდა წესების სრული დაცვით და ავარია მოხდა მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო. შესაბამისად, მას არ წარმოეშვა ის ვალდებულება, რაც გათვალისწინებულია სისხლის სამართლის კოდექსის 128-ე მუხლში და არ გახდება პირი, რომელიც მოვალეა იზრუნოს განსაცდელში მყოფ პირზე. თუკი სახეზე არ გვყავს პირი, რომელიც ვალდებული იყო ეზრუნა განსაცდელში მყოფ პირზე, გამოდის რომ ქმედებას ვერ დავაკვალიფიცირებთ როგორც სისხლის სამართლის კოდექსის 128-ე მუხლს.
გადავიდეთ დაუხმარებლობაზე.
“მუხლი 129. დაუხმარებლობა (28.04.2006 N 2937)
სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობაში მყოფისთვის აუცილებელი და აშკარა გადაუდებელი დახმარების გაუწევლობა, თუმ დამნაშავეს შეეძლო მისი დახმარება თავისისთვის ან სხვისთვის სერიოზული ზიანის შექმნის გარეშე, აგრეთვე დამხარების საჭიროების შეუტყობინებლობა სათანადო დაწესებულებისათვის ან პირისათვის,-
ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.”
დაუხმარებლობის დროს სისხლისამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის სიცოცხლე. დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება უმოქმედობაში, სახელდობრ, სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობაში მყოფისთვისათვის აუცილებელი და აშკარად გადაუდებელი დახმარების გაუწევლობაში, აგრეთვე დახმარების საჭიროების შეუტყობინებლობაში სათანადო დაწესებულებისათვის ან პირისათვის. ადამიანის სიცოცხლისთვის საფრთხე უნდა იყოს უშუალო და რეალური, აქედან გამომდინარე, დახმარების აღმოცენაც უნდა იყოს აუცილებელი და გადაუდებელი. აუცილებელი და აშკარად გადაუდებელი დახმარების საჭიროება ნიშნავს იმას, რომ შექმნილ ვითარებაში დაუხმარებლობა გამოიწვევს ადამიანის დაღუპვას.დახმარების აუცილებლობა განპირობებულია აგრეთვე იმით, რომ სიცოცხლითვის საშიშ მდგომარეობაში მყოფ ადამიანს თავად არ შეუძლია შექმნილი ვითარებიდან თავის დაღწევა.
დანაშაულის ჩამდენი პირი შეიძლება იყოს სისხლისამართლებრივი პასუხისმგებლობის ასაკს მიღწეული, ნებისმიერი ფიზიკური პირი. არ უნდა აგვერიოს ერთმანეთში განსაცდელში მიტოვება და დაუხმარებლობა. მთავარი განმასხვავებელი ფაქტორი, შეიძლება ითქვას ის პირთა წრეა რომელიც განსაზღვრულია სისხლის სამართლის 128-ე მუხლში. ანუ, თუ სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობაში მყოფს განსაცდელში მიატოვებს და არ დაეხმარება პირი, რომელიც ვალდებული იყო ეზრუნა მასზე, მაშინ იგი პასუხს აგებს არა დაუხმარებლობისთვის, არამედ განსაცდელში მიტოვებისთვის.
როგორც ზევით აღვნიშნე, ყურადღება უნდა მივაქიოთ იმ ფაქტს მძღოლი იყო თუ არა მოვალე ეზრუნა განსაცდელში მყოფ პიროვნებაზე, ამ შემთხვევაში იმ ბავშვზე, რომელიც დააზიანა. რადგანაც, იგი მოქმედებდა საგზაო წესების სრული დაცვით მას არ წამოშობია პასუხისმგებლობა ეზრუნა დაზარალებულზე. აქედან გამომდინარე, სახეზე გვაქვს დაუხმარებლობა. მძღოლი ვალდებული იყო ბავშვი გადაეყვანა საავადმყოფში.
თუმცა, აქვე ვიტყვი იმასაც რომ, შესაძლებელია ეს კაზუსი თქვენ სულ სხვანაირად ამოხსნათ