ბლოგის ადმინის ნებართვით აღებულია ბლოგიდან https://geolaw.wordpress.com
გარიგების ფორმა ნების გამოვლენის ფორმაა. სამოქალაქო კოდექსი ამკვიდრებს ფორმის არჩევის თავისუფლებას. თვითონ მხარეები თანხმდებიან გარიგების ფორმაზე, თუ კანონით არაა იგი განსაზღვრული. ესა თუ ის ფორმა ყველა შემთხვევაშია აუცილებელი, თუმცა ზოგჯერ კანონითა თუ მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული კონკრეტული ფორმა წარმოადგენს გარიგების აუცილებელ ელემენტს, როგორც იტყვიან გარიგების corpus-ს, ურომლისოდაც ეს გარიგება არ არსებობს. სწორედ აქაა გარიგების სავალდებულო ფორმა. სხვა დროს კი, როცა ნების გამოხატვა შეიძლება ნებისმიერი ფორმით, მაშინ ნებისმიერი მათგანია საკმარისი საფუძველი გარიგების ნამდვილობისთვის. ამ შემთხვევაში კი სახეზეა გარიგების არასავალდებულო ფორმა. ამრიგად, ერთ შემთხვევაში ფორმა იმპერატიულია, სხვა დროს კი – დისპოზიციური. იმპერატიული ფორმა ყოველთვის წერილობითია, დისპოზიციური ფორმა უპირატესად ვლინდება სიტყვიერ ან სხვაგარ მოქმედებაში, როგორიცაა დუმილი და კონკლუდენტური მოქმედებანი.
ნების გამოვლენის ფართოდ გავრცელებული საშუალება ზეპირი გარიგებაა. ზეპირად ნების გამოვლენა გულისხმობს სიტყვიერად მის გამოვლენას “კონტრაჰანტთან პირისპირ მოლაპარაებით თუ სატელეფონო საუბრით”. ზეპირად შეიძლება დაიდოს ყველა ის გარიგება, რომელთათვისაც არაა აუცილებელი წერილობითი ფორმა. ამასთან, ნებისმიერი ზეპირი გარიგება მხარეთა შეთანხმებით შეიძლება მოექცეს ფორმაში.
წერილობითი გარიგებისას ნების გამოვლენის გამოხატვის ფორმაა წერილობითი დოკუმენტი. სულერთია სახეზეა მარტივი წერილობითი ფორმა, თუ რთული წერილობითი ფორმა. დოკუმენტებში აუცილებელია ჩანდეს გარიგების შინაარსი, ნების გამოვლენის სუბიექტთა ხელმოწერა. ცალმხრივი გარიგებისას საკმარისია ერთი პირის ხელმოწერა, ორმხრივი და მრავალმხრივი გარიგებისას კი – ორი ან მეტი პირის ხელმოწერაა საჭირო. თუ კი გარიგება იდება წარმომადგენლის მეშვეობით, მაშინ საჭიროა მისი ხელმოწერა. დოკუმენტის შინაარსიდან უნდა ჩანდეს რომ ესა თუ ის პირი სხვისი დავალებით მოქმედებს. ამ წესების დაუცველობა ნიშნავს იმას, რომ არაა დაცული გარიგების წერილობითი ფორმა, რაც მისი ბათილობის მომასწავებელია.
თუ სანოტარო ფორმა კანონით ეხება ცალმხრივი ნების გამოვლენას, ან მხოლოდ ერთი მხარის ნების გამოვლენას სახელშეკრულებო ურთიერთობებში, ასეთ შემთხვევაში საკმარისია დამოწმდეს ნების გამოვლენის შინაარსი. მაგალითად, ანდერძის დამოწმება გულისხმობს ერთი მხარის ნების გამოვლენის დამოწმებას; სხვა დროს კი, როცა სანოტარო ფორმა ეხება ურთიერთმხრივი ნების გამოვლენას, ამ შემთხვევაში დამოწმების საგანია არამარტო ნების გამოვლენის შინაარსი, არამდედ ყოველი მათგანის ნების გამოვლენა მეორე მხარის მიმართ. სანოტარო წესით დამოწმება საჯარო დამოწმებაა და მას ანორციელებს ნოტარიუსი, მოსამართლე ან კანონით გათვალისწინებული სხვა პირი.
ხელშეკრულების დადებისას მხარეები ვალდებულნი არიან ხელი მოაწერონ ერთსა და იმავე დოკუმენტზე; ხოლო თუ უნდა შედგეს ერთი და იმავე შინაარსის მქონდე რამდენიმე დოკუმენტი, რომელბშიაც მხარეთა ნება გადმოცემული იქნება სრულად და ერთნაირად, მაშინ საკმარისია, თითოეულმა მხარემ ხელი მოაწეროს იმ დოკუმენტს, რომელიც განკუთვნილია შესაბამისი მხარისთვის. ტექსტში არსებული წვრილმანი შეცდომები არ იძლევა შეცილების უფლებას. თითოეულის მიერ ხელმოწერლი წერილი წარმოადგენს ცალმხრივი ნების გამოვლენას. ამ წერილების გაცვლა არაა საკმარისი ისეთი ხელშეკრულების დასადებად, რისთვისაც კანონი წერილობით ფორმას ითხოვს. მაგალითად, ერთი პირი წინადადებას სთავაზობს მეორეს მიწის ნაკვეთის გარკვეული ვადით გაქირავების თაობაზე, რაზედაც მეორისგან იღებს წერილობით პასუხს. მოკლედ, მხარეები ახდენენ წერილების გაცვლას. გარიგების წერილობითი ფორმა ჯერ კიდევ არ გვაქვს. ერთი პირის მიერ თავის წინადადებაზე, ხოლო მეორის მიერ კი – თავის პასუხზე ხელის მოწერა აკმაყოფილებს შესაბამისად წინადადებისა (ოფერტისა) და პასუხის (აქცეპტის) მოთხოვნებს და არა მათ შორის შეთანხმების მოთხოვნებს. ამიტომაც, ერთიც და მეორეც ვალდებულია ხელშეკრლების ტექსტზე ერთად მოაწერონ ხელი. ასევე საკმარისია, რომ ერთმა მეორისათვის გაკვუთვნილ დოკუმენტს მოაწეროს ხელი, ხოლო მეორემ – პირველიუსათვის განკუთვნილ დოკუმენტს.