მინიატურული წიგნის გურამ ახალაიას კოლექცია

აღებულია საიტიდან http://www.tbiliselebi.ge/index.php?mas_id=1617&year=2009&rubr_id=4&jurn_id=49   SEO-ოპტიმიზებულია საიტის ადმინისტრაციის მიერ.

პაატა ბურჭულაძის საქველმოქმედო ფონდ „იავნანას“ ხელმძღვანელი, გურამ ახალაია, რამდენიმე ათეული წლის წინათ შეუდგა მინიატურული წიგნების კოლექციონერობას. დღეისათვის მის კოლექციაში მინიატურული წიგნის  3 500-მდე ეგზემპლარია თავმოყრილი. ბატონმა გურამმა გვიამბო, თუ რა ზომის წიგნები ითვლება მინიატურულად, გვაჩვენა საკუთარ კოლექციაში ყველაზე მცირე ზომის წიგნი და მინიატურული წიგნების შექმნისა და გავრცელების შესახებ რამდენიმე საინტერესო ისტორიაც მოგვითხრო.

– ბატონო გურამ, როდის გადაწყვიტეთ კოლექციონერობა და რატომ დაინტერესდით მაინცდამაინც მინიატურული წიგნებით?

– არც მიფიქრია, თუ ოდესმე მინიატურული წიგნების კოლექციონერი გავხდებოდი, ეს შემთხვევით მოხდა. გასული საუკუნის 70-იან წლებში ძალიან ძნელი იყო კარგი წიგნის ყიდვა. მის შესაძენად საჭირო იყო რიგში დგომა, ჩაწერა, თუმცა მაღალი თანამდებობის პირთათვის არსებობდა „ექსპედიცია“, რომელიც მათთვის წიგნებს ხელმოწერით იღებდა. ეს მაღაზია პერიოდულად აწვდიდა რაიკომის მდივნებს, ცენტრალური კომიტეტის მუშაკებსა თუ სხვა თანამდებობის პირებს ნუსხას ახალი წიგნის მიღების შესახებ, რომელიც მხოლოდ იმ შემთხვევაში შეეძლოთ, გაეყიდათ სხვაზე, თუ ეს პიროვნებები არ მოინდომებდნენ მათ შეძენას. ერთ-ერთი ასეთი შეთავაზებისას, „მსოფლიოს უდიდესი მხატვრების“ ასეთი სერიის ათი ცალი წიგნი მიუტანეს ბატონ ლევან მგალობლიშვილს, რომელიც ამჟამად მეცნიერებათა აკადემიაში მოღვაწეობს. მას „ექსპედიციის“ თანამშრომლისთვის უთქვამს, მე არ მინდა ეს წიგნები, მაგრამ გურამ ახალაიას აჩვენეთ და, თუ მოეწონება, ჩემ მაგივრად ის აიღებსო. მაჩვენეს თუ არა, მაშინვე ვთქვი, ათივეს ავიღებ-მეთქი.

– თქვენ მაშინ სად მუშაობდით?

– მე ვიყავი კომკავშირის რაიკომის პირველი მდივანი და ასეთი პრივილეგია არ მეკუთვნოდა.

– მიუხედავად იმისა, რომ სამოცდაათიანი წლები იყო?!

– დიახ (იცინის). თითო წიგნში გადავიხადე 10 მანეთი, რაც მაშინ საკმაოდ დიდი თანხა იყო, მერე ლატარია ვითამაშე და ეს თანხა ისე გავისტუმრე. მოგვიანებით ვნახე, რომ საქართველოშიც გამოდის მინიატურული წიგნები, რუსეთშიც… მერე დროც შეიცვალა. ერთხელ, ის პერიოდია, როდესაც საბჭოთა კავშირი უკანასკნელ დღეებს ითვლის. მორიგი ინსპექტირების მიზნით, საქართველოში ერთ-ერთი მაღალჩინოსანი ჩამოვიდა მოსკოვიდან, საკმაოდ მკაცრი კაცი იყო. მას ჩემს კაბინეტშიც მოუწია შემოსვლა და ჩემს სამუშაო მაგიდაზე ნახა რამდენიმე მინიატურული წიგნები. მაშინ ბევრი მინიატურული წიგნი არ მქონდა. მკითხა, კიდევ გაქვთ ასეთი მინიატურული წიგნებიო ? მაქვს, მაგრამ ბევრი არა, 600-700 ცალი თუ მექნება-მეთქი. თქვენ მინიატურული წიგნების  კოლექციონერი ყოფილხართო – დაასკვნა, მიატოვა საქმეზე, თავისი ჩამოსვლის მიზანზე ლაპარაკი და გადავიდა წიგნებზე. ეს ანჩხლი კაცი, საკმაოდ დიდი თანამდებობის პირი, უცებ ჩვეულებრივი პიროვნება გახდა. თურმე „პუშკინისტი“ და, ამავე დროს, მინიატურული წიგნების  კოლექციონერი ყოფილა. ასე მარტივად გამოვნახეთ საერთო გატაცებიდან გამომდინარე საერთო ენა. სხვათა შორის, ჩემს ზემდგომებს ძალიან აინტერესებდათ, თუ რა მოხდა იმ დღეს, რაც კარგა ხანს საიდუმლოდ დავტოვე (იცინის). მე მას დავათვალიერებინე ჩემი კოლექცია და რამდენიმე მინიატურული წიგნიც   ვაჩუქე – ისეთი, რომლებსაც კოლექციონერები „დუბლიკატს“ ვეძახით, ანუ გვაქვს რამდენიმე ერთნაირი გამოცემა. მას შემდეგ ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს, რაც დღემდე გრძელდება. სწორედ მან დამაკავშირა მოსკოვის წიგნის მოყვარულთა საზოგადოებასთან.

– დღეისათვის რამდენი მინიატურული წიგნია თავმოყრილი თქვენს კოლექციაში?
– დღეისათვის ჩემს მინიატურული წიგნების კოლექციაში 3 500-მდე წიგნია თავმოყრილი.

– მათ შორის ყველაზე ძველი რომელია?

– ყველაზე ძველი ამ კოლექციაში არის მეცხრამეტე საუკუნეში გამოცემული „კრილოვი“, რომელიც თბილისში შევიძინე ერთ-ერთი ყოფილი გუბერნატორის შთამომავლებისგან. მაქვს მეჩვიდმეტე საუკუნეში გამოცემული: „დავითის ფსალმუნი“, მეთვრამეტე საუკუნეში შექმნილი რამდენიმე გამოცემაც, ძირითადად კი მეოცე საუკუნის საუკეთესო გამოცემები სჭარბობს ამ კოლექციაში. რაც კი მეოცე საუკუნის 70-იანი წლებიდან მოყოლებული, ქართულ ენაზე მინიატურული წიგნებია დაბეჭდილი ყველა წიგნი მაქვს კოლექციაში.

პირველი ქართული მინიატურული წიგნი იყო ღვთისმშობლის სავედრებელი ლოცვები. იმ დროს მინიატურული წიგნს  არ ბეჭდავდნენ. ყველაფერი შემთხვევით მოხდა. თურმე, ქუთაისში შავი ჭირის ეპიდემია მოდებულა, რის გამოც მოსახლეობა ქალაქიდან გახიზნულა. ამიტომ მოქმედი სტამბა ურმით გადაუტანიათ რაჭაში, სოფელ წესში. ურმით, მოგეხსენებათ დიდი რაოდენობით ქაღალდს ვერ წაიღებდნენ და, ეკონომიის მიზნით, სტამბის დირექტორს გადაუწყვეტია, მცირე ზომის წიგნი გამოეცათ. შეიძლება, ამ საქმეს ეს დაედო საფუძვლად, რადგან მოეწონათ და, ამის შემდეგ ლოცვანი მცირე ზომისა გამოდის. ამ პირველი მინიატურული წიგნის  ეგზემპლარი ამჟამად დაცულია ეროვნულ ბიბლიოთეკაში.

– თქვენი ინფორმაციით, მინიატურული წიგნების გამოცემით ყველაზე აქტიურად რომელი ქვეყანაა დაკავებული?

– ჩემი ინფორმაციით, გერმანიამ, იუგოსლავიამ და რუსეთმა წამოიწია ძალიან. მათ წელს 1-მილიმეტრიანი მინიატურული წიგნი  გამოსცეს. თავდაპირველად ჩინეთში გამოსცეს ბრინჯის მარცვლის ზომის მინიატურული წიგნი.

– თქვენს კოლექციაში რომელია ყველაზე პატარა ზომის მინიატურული წიგნი?

– ჩემს კოლექციაში ყველაზე პატარა ზომის მინიატურული წიგნი 1-მილიმეტრიანია, შემდეგ მოდის მილიმეტრი და ორი მეათედი და მილიმეტრი და სამი მეათედი ზომის წიგნები. ისინი გამოიცა მოსკოვის 850 წლისთავთან დაკავშირებით. გამოცემა დაინომრა და ჩემს კოლექციაში მესამე გამოცემა მოხვდა. როდესაც წიგნი ინომრება, უკვე დიდი მნიშვნელობა აქვს, თუ რომელი ნომერი შეგხვდება და ფასიც ამის მიხედვით განისაზღვრება. რაც უფრო დაბალია ნომერი, მით უფრო მაღალია იმ წიგნის ფასი.

ერთ-ერთი კოლექციონერი წერდა: მეოცე საუკუნეში წიგნი იყო განათლების ძირითადი იარაღი და ყველას ჰქონდა მისი შეძენის საშუალებაო, როდესაც ვნახე, რომ ძალიან ბევრი წიგნი დამიგროვდა, გადავწყვიტე, მინიატურული წიგნები შემეძინა და ამით ფართი მომეგო. (იცინის). ზოგი ამბობს, სამგზავროდ როცა მივდივარ, ძალიან პრაქტიკულია, რომ სასურველ წიგნებს ჯიბეში ჩავილაგებ და მიმაქვსო. მეც მიმაქვს მგზავრობისას მინიატურული წიგნები. საერთოდ, იმ საკითხზე მიმდინარეობს დავა, ჯერჯერობით კი დადგენილად ითვლება, რომ 10 სანტიმეტრზე დიდი ზომის წიგნები მინიატურულად არ ითვლება.

– რას ნიშნავს თქვენთვის ეს მინიატურული წიგნის   კოლექცია?

– ჩემთვის მინიატურული წიგნის  ეს კოლექცია ძალიან ბევრ რამეს ნიშნავს. აქ ისეთი წიგნებია, რომლებთანაც ვერასდროს მოიწყენ. ეს წიგნები მოსვენებას არ მაძლევენ. მე რამდენიმე მათგანი ყოველთვის მიდევს სამუშაო მაგიდაზე, თუნდაც სახლში. მინიატურული წიგნები სხვანაირად გიზიდავს, გარდა ამისა, სხვა სილამაზე აქვს. წელს პირველად მოვახერხე და სახლში ცალკე კარადა გავაკეთე ამ წიგნებისთვის. მართალია, მთელი კოლექცია მასში არ დაეტია, მაგრამ ძირითადი ნაწილი მაინც მოთავსდა. არ არსებობს, ოჯახში სტუმარი შემოვიდეს და მაშინვე ამ კარადისკენ არ გაექცეს თვალი.

შარშანწინ მოეწყო დიდი გამოფენა-ფესტივალი მოსკოვში, სადაც მთელი მსოფლიო იყო ჩასული დასასწრებად. ყველას ჰქონდა თავისებურად განსაკუთრებული სტენდები. ფესტივალს ესწრებოდნენ მთავრობა, პრეზიდენტები. 20-წუთიანი რეგლამენტები იყო თითოეულ სტენდთან შესაჩერებლად. საათი და 20 წუთი შეჩერდნენ მაღალჩინოსნები მინიატურული წიგნების სტენდთან, იმდენად მიმზიდველია.

– როგორც ვიცი, ამ კოლექციაში რამდენიმე წიგნი ერთადერთია, ანუ, ანალოგი არ აქვს.

– რეზო გაბრიაძემ თავისი ხელით დაწერა „შერეკილები“ ერთ ეგზემპლარად და მე მაჩუქა. თავიდან, სანამ „შერეკილებს“ გადმომცემდა, წერილი მომწერა, შემდეგ დაჭრა, ყდა გაუკეთა, მინიატურული წიგნის ფორმა მისცა და მინაწერიც გაუკეთა – ამ წერილის წიგნად გამოცემის უფლება მხოლოდ გურამ ახალაიას აქვსო. მანვე მაჩუქა ერთ-ერთი მოგზაურობისას მატარებელში დაწერილი ჩანახატები – „პარიზიდან-ლონდონამდე“, რა თქმა უნდა, მასაც მინიატურული წიგნის ფორმა მისცა.

მაქვს კაკლის ხისგან დამზადებული კაკლის ფორმის მინიატურული წიგნის  ჩასადები, რომელიც იხსნება და მასში „ფაუსტი“ დევს. ჩემს კოლექციაში არის ასევე, მინიატურულ წიგნებად ხუთ ენაზე გამოცემული „ათი მცნება“, რომელიც ვერცხლის ყდაში ზის და ცენტრში ოქროს ჯვარი აქვს ჩასმული.

აღებულია http://www.tbiliselebi.ge/index.php?mas_id=1617&year=2009&rubr_id=4&jurn_id=49 

 _________________________________________

 გადასვლა ,,მინიატურული წიგნი