ბლოგის ადმინის ნებართვით აღებულია ბლოგიდან https://geolaw.wordpress.com
სამეზობლო სამართალს ნაკლები ყურადღება ექცევა დღესდღეობით, განსაკუთრებით ქალაქებში , სადაც ბევრად მეტია მრავალბინიანი სახლები და თანდათან მცირდება კერძო პირთა მფლობელობაში არსებული ნაკვეთების რაოდენობა, თუმცა, ვფიქრობ, სწორედ ინფორმაციის სიმწირის და თვით ამ ცნების სიახლის გამო, არ იქნებოდა ურიგო ამის შესახებ დამეწერა. პოსტს 2 ნაწილად გავყოფ, რათა მომაბეზრებელი არ გახდეს ინფორმაცია მკითხველისთვის:
მეზობელი მიწის ნაკვეთის, ან სხვა უძრავ-მოძრავი ქონების მესაკუთრეები ვალდებულნი არიან პატივი სცნენ ერთმანეთს. ქონების მესაკუთრეს არ შეუძლია აკრძალოს მეზობელი ნაკვეთიდან თავის ნაკვეთზე გაზის, ორთქლის, სუნის ხმაურის, სითბოს, ან სხვა მსგავს მოვლენათა ზემოქმედება, თუ ისინი უმნიშვნელოდ ხელყოფენ მის უფლებას. იმ შემთხვევაში, თუ ზემოქმედება დასაშვებ ფარგლებს სცილდება, დაზარალებულს შეუძლია მოითხოვოს კომპენსაცია.
არ უნდა მოხდეს ზემოთხსენებული უფლებების ბოროტად გამოყენება და იმით სარგებლობა, რომ დღემდე არაა ზუსტად დადგენილი, რა ქმედება შეიძლება ჩაითვალოს ნორმის დარღვევად და რა შეიძლება იყოს ნებადართული.
მესაკუთრე ასევე ვალდებულია ითმინოს ასევე ზემოქმედებები, რომელიც გამოწვეულია მეზობელი ნაკვეთის ჩვეულებისამებრ გამოყენების შედეგად. მაგალითად, თუ მის მეზობლად მოძრაობს მატარებელი, ან მდებარეობს სტადიონი, მეზობელი ვალდებულია შეეგუოს მათ ფუნქციონირებას.
ისეთი მოქმედებების განხორციელებისას, რომლებიც მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს აშკარა ზიანს აყენებს და ხელყოფს მის უფლებებს, მესაკუთრეს უფლება აქვს აკრძალვა დაუწესოს მეზობელს.ნაგებობის აშენებით ან გამოყენებით გამოწვეულ მოქმედებაში მხოლოდ ზღვარგადასული ზემოქმედება იგულისხმება , რომელიც აშკარად ხელყოფს მეორე მესაკუთრის უფლებებს. თუ ზიანი მესაკუთრეს არაპირდაპირ ადგება, მაგალითად მეორე ნაკვეთს მზეს უბნელებს და ა.შ, აკრძალვა დაუშვებელია.
თუ მიწის ნაკვეთს მეზობელი ნაკვეთიდან ემუქრება საფრთხე შენობის ჩამონგრევის, რისკის ქვეშ მყოფ მესაკუთრეს შეუძლია მეზობელს მოსთხოვოს აუცილებელ ღონისძიებათა გატარება ამ საფრთხის თავიდან ასაცილებლად. საფრთხე დაუყოვნებლივ უნდა იქნას აღკვეთილი, თუნდაც ამისთვის შენობის დანგრევა გახდეს აუცილებელი. თუ პრეტენზია არ იქნა გათვალისწინებული, მესაკუთრეს შეუძლია მიმართოს თვითდახმარებას. რაც შეეხება წყალგაყვანილობას და ა.შ, არ შეიძლება მათი მიმართულების შეცვლა. ასევე დაუშვებელია მდინარეების ბუნებრივი კალაპოტის ცვლილება.
თუ ერთი ნაკვეთიდან ხიდან ჩამოცვენილი ნაყოფი გადავარდა მეზობელ ნაკვეთზე, ეს ნაყოფი ითვლება იმ ნაკვეთის ნაწილად, სადაც დაეცა , მაგრამ ეს უნდა მოხდეს ბუნებრივად და არა ბოროტი განზრახვით, ადამიანის ჩარევით. მაგრამ თუ იქნება ქარიშხალი, ან სეტყვა, რაც გამოიწვევს უეცარ ცვენას ნაყოფისას, მაშინ ნაყოფი თავდაპირველი მესაკუთრის ხელში უნდა დარჩეს, რადგან მსგავსი მოვლენა არ შეიძლება ჩაითვალოს ნაყოფის ბუნებრივად დაცვენის გამომწვევად.
მიწის მესაკუთრეს შეუძლია მოჭრას იმ ხის ან ბუჩქის ფესვები, რომლებიც მის ნაკვეთზე გადავიდა, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ მას შეუძლია ბოროტად გამოიყენოს კანონით მინიჭებული უფლება. მას მხოლოდ მაშინ შეეძლება ქმედების განხორციელება, თუ ფესვები ან ტოტები ხელს უშლის მიწის ნაკვეთით სარგებლობას, აბრკოლებს მასზე შენობების განთავსებას.
რაც შეეხება მოჭრილ ტოტებს, ფესვებს და ა.შ, კანონში არ არის გათვალისწინებული, ვის საკუთრებაში უნდა დარჩეს ისინი. როგორც წესი ისინი რჩება ხისა და ბუჩქის მესაკუთრის ხელში.
და ბოლოს, თუ მესაკუთრემ გამოიყენა თვითდახმარების უფლება, მას აღარ შეეძლება, ზიანის ანაზღაურება მოითხოვოს მეორე მესაკუთრისაგან.