ნორმატიული წესრიგი
მოცემული სოციალური სიტუაციის შესაბამისი წესებისა და კრიტერიუმების სისტემა. სოციალური ცხოვრების გაგება გაფორმებული მოლოდინებითა და მოვალეობებით განპირობებულ, მოწესრიგებულ და უწყვეტ პროცესად სოციოლოგიურ თეორიებში ძალზე გავრცელებულია, თუმცა მას სხვადასხვაგვარ მნიშვნელობას ანიჭებენ. დიურკემის თვალსაზრისით, საზოგადოების ფუნქციონირების საფუძველი ზნეობრივი წესრიგია; ამ თვალსაზრისმა გავლენა მოახდინა თანამედროვე ფუნქციონალზმზე. მაგ., პარსონსის თეორიაში ცნება ნ. წ. სოციალური სისტემის მთავარი ელემენტია. მისი თვალსაზრისით, ნორმის ცნება სოციალური კონტროლის ცნებასაც გულისხმობს, რამდენადაც ეს უკანასკნელი უზრუნველყოფს საზოგადოების წევრთა კონფორმულობას და სანქციების გამოყენებას დევიანტური ქცევის მიმართ. ნ. წ. ორ ძირითად ელემენტს მოიცავს – ღირებულებებსა და ნორმებს. ნორმები დაკავშირებულია სოციალიზაციასა და როლებთან; მოცემული სოციალური სიტუაციისათვის (მაგალითად, რაიმე თავყრილობა) დამახასიათებელი სპეციფიკური წესების სახით ისინი არეგულირებენ ინდივიდთა მოღვაწეობას ჯგუფის ან სისტემის ფარგლებში. ღირებულებები მარეგულირებელ ფუნქციასაც ასრულებს, მაგრამ, ამას გარდა, მორალურობის ნიშანიც აქვს. ამის გამო მათი მნიშვნელობა მით უფრო ფართოვდება, რაც უფრო მეტად სცილდება კონკრეტული სიტუაციის ფარგლებს სხვადასხვა კონტექსტში ღირებულებები მაინფორმირებელ ნორმად განიხილება და ამით ისინი სხვადასხვა სისტემის შემაერთებელ ფუნქციას ასრულებს. სწორედ ამის გამო, პარსონსის თვალსაზისით, ნ. წ-ის ღირებულებრივი ასპექტი გადამწყვეტია ნიმუშის შესანარჩუნებლად.
Source: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] – თბ. : ლოგოს პრესი, 2004 – 351გვ. ; 20სმ. – (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). – ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]
…
….
….
იურიდიული ენციკლოპედია www.gen.ge-ზე
შიდა ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP- იურიდიული მომსახურებები
გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით; 2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი
……