ბლოგის ადმინის ნებართვით აღებულია ბლოგიდან https://geolaw.wordpress.com
სსკ-ის 254-ე მუხლის მე-5 ნაწილი წარმოადგენს სიახლეს. კოდექსის ადრინდელი მდგომარეობა არამცთუ ითვალისწინებდა, არამედ კრძალავდა გირავნობის ობიექტად დამგირავებლის სამომავლო ქონების გამოყენებას. თუმცა შესაძლებელი იყო და დღესაც უშვებს სამოქალაქო კოდექსი სამომავლო და პირობითი მოთხოვნების უზრუნველყოფას სხვა ნებისმიერი მოძრავი ნივთით თუ არამატერიალური ქონებრივი სიკეთით. მაშასადამე, დღესდღეობით კანონი არ კრძალავს უზრუნველყოფილი იყო სამომავლო მოთხოვნა თუნდაც სამომავლო ქონებით.
რას ნიშნავს სამომავლო ქონება სსკ-ის 254-ე მუხლის მე-5 ნაწილის გაგებით? ლოგიკურია – იმ ქონებას, რომელსაც დამგირავებელი მომავალში შეიძენს. ქონებაში აქ იგულისხმება მხოლოდ მოძრავი ნივთები და არამატერიალური ქონებრივი სიკეთე. აქ მნიშვნელოვანი დებულება გახლავთ ამავე ნაწილის მეორე წინადადება, რომელიც ამბობს, რომ გირავნობის უფლების რეგისტრაცია, ანუ მასზე გირავნობის უფლების წარმოშობა ხდება ხელშეკრულების დადებისთანავე, ხოლო თავად სამომავლო ქონება მოთხოვნის საშუალებად გამოიყენება მისი შეძენისთანავე. ანუ, მე შემიძლია ჯერ გავაფორმო და მოვახდინო ამ ქონებაზე გირავნობის უფლების რეგისტრაცია და შემდგომ შევიძინო ეს ქონება. თუ არ მოხდა შეძენა ქონების, ავტომატურად წყდება გირავნობის უფლება. რეგისტრაციის ზოგადი წესი კი გვეუბნება, რომ გირავნობის უფლებათა რიგითობა განისაზღვრება რეგისტრაციის თარიღის, მომენტის შესაბამისად.
თუმცა სამომავლო ქონებაზე გირავნობის უფლებათა რიგითობასთან დაკავშირებით არსებობს ცალკე გამონაკლისი შემთხვევა, რომელიც სხვაგვარად აწესრიგებს ამ საკითხს. ეს გახლავთ სსკ-ის 267-ე მუხლის მე-2 ნაწილი. ამ მუხლის თვალსაჩინოებისათვის მოვიყვანოთ მაგალითი.
მაგ.: დავაგირავე სამკვიდრო ქონება ანუ სამომავლო ქონება, რომელსაც შევიძენდი მამკვიდრებლის გარდაცვალების შემდეგ. მაშასადამე, გავაფორმე გირავნობა 2012 წლის 1 იანვარს, მანამადე კი იგივე ქონება მამკვიდრებელმა გირავნობით დატვირთა 2011 წლის 1 ოქტომბერს. 2012 წლის 20 იანვარს გარდაიცვალა მამკვიდრებელი და ქონებაც მე შევიძინე, ანუ უზრუნველყოფის საშუალება გახდა.
იბადება კითხვა: რომელი გირავნობაა პირველადი? თუ ჩვენ რეგისტრაციის პრინციპით ვიხელმძღვანელებთ, მაშინ ჩემი გირავნობა იქნება პირველადი და მამკვიდრებლის მეორადი. მაგრამ 267-ე მუხლის მე-2 ნაწილით კი პირველადია წინა მესაკუთრის ანუ ამ შემთხვევაში მამკვიდრებლის გირავნობის უფლება. ანუ ეს წესი ერთგვარი გამონაკლისია რიგითობის იმ ზოგადი წესიდან.