ბლოგის ადმინის ნებართვით აღებულია ბლოგიდან https://geolaw.wordpress.com
ნებისმიერი კანონი, იქნება ეს ნორმატიული აქტი, კოდექსი თუ სხვა, ვრცელდება კონკრეტულ სფეროზე. ამჯერად შემოგთავაზებთ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის (სზაკ) მოქმედების სფეროს.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მესამე მუხლის თანახმად, ამ კოდექსის მოქმედება ვრცელდება სახელმწიფო, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და დაწესებულებების, აგრეთვე იმ პირების საქმიანობაზე, რომლებიც ამ კოდექსის შესაბამისად ითვლებიან ადმინისტრაციულ ორგანოებად. ადმინისტრაციული ორგანოს ცნებას იძლევა სზაკ-ის მეორე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის თანახმადაც ადმინისტრაციული ორგანო არის ყველა სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითთმართველობისა და მმართველობის ორგანო ან დაწესებულება, საჯარო სამართლის იურიდიული პირი (გარდა პოლიტიკური ან რელიგიური გაერთიანებებისა), აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირი, რომელიც კანონმდებლობის საფუძველზე ასრულებს საჯარო-სამართლებრივ უფლებამოსილებებს. ეს ლეგალური დეფინიცია შედგება ორი ნაწილისგან: მისი პირველი ნაწილი მოიცავს ხელისუფლების რომელიმე შტოს (არსებითი არ არის, თუ რომელი შტოს სტრუქტურულ ერთეულს წარმოადგენს ესა თუ ის ორგანო) და საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს, როდესაც ეს სუბიექტები ასრულებენ საჯარო-სამართლებრივ უფლებამოსილებებს. საჯარო უფლებამოსილების განხორციელება გულისხმობს საქმიანობას, რომელიც არ არის კონსტიტუციური უფლებამოსილებების განხორციელება, პოლიტიკური გადაწყვეტილება, საეკლესიო და სასამართლო საქმიანობა და მართლმსაჯულება. მმართველობას ძირითადად აღმასრულებებლი ორგანოები ახორციელებენ, თუმცა ეს სფერო აღმასრულებელი ხელისუფლებით არ იფარგლება. ადმინისტრაციული ორგანოს ფუნქციონალური გაგება, რომელიც ცნების დეფინიციის მეორე ნაწილშია მოცემული, აერთიანებს იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს, რომლებიც არ არიან სახელმწიფო მმართველობის ორგანოთა სისტემის სუბიექტები, მაგრამ კანონმდებლობის საფუძველზე ახორციელებენ საჯარო-სამართლებრივ უფლებებს და ამ მიზნით გამოსცემენ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს. ,,ნებისმიერი სხვა პირი“ შეიძლება იყოს როგორც კერძო პირი, რომელიც კანონით განსაზღვრულ და სახელმწიფოს მიერ აღიარებულ შემთხვევებში ახორციელებს საჯარო მმართველობას, ისე საკანონმდებლო ან სასამართლო ხელისუფლება, როდესაც ის ორგანიზაციულ საქმიანობას ეწევა.
სზაკ-ის მე-3 მუხლის მეორე ნაწილი ადმინისტრაციული ორგანოს ორგანიზაციული ცნების ასახვაა, რაც გამოიხატება იმაში, რომ კოდექსის მოქმედების გავრცელებას (მესამე თავის გარდა) ზღუდავს შემდეგ ორგანოებზე: საქართველოს პარლამენტი, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოები; საქართველოს სასამართლო ხელისუფლების ორგანოები; საქართველოს პრეზიდენტის სათათბირო ორგანო (უშიშროების საბჭო); საქართველოს სახალხო დამცველი; საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო და პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი. ადმინისტრაციული ორგანოს ფუნქციონალური გაგების გამოძახილი კი ამავე მუხლის მესამე ნაწილია, რომელიც ითვალისწინებს სზაკ-ის გავრცელებას ამ ორგანოებსა და ორგანოთა თანამდებობის პირების იმ საქმიანობაზე, რომელიც ადმინისტრაციული ფუნქციის განხორციელებას უკავშირდება.
აღმასრულებელი ხელისუფლება, ადმინისტრაციული ორგანოს ცნების ფუნქციონალური გაგების შესაბამისად, შესაძლოა ყოველთვის არ წარმოადგენდეს საჯარო მმართველობას. ამის ნათელი მაგალითი მთავრობაა, რომელიც საპარლამენტო და ნახევრადსაპარლამენტო მოწყობის ქვეყნებში სარგებლობს საკანონმდებლო ინიციატივის უფლებით, რაც კონსტიტუციური ხასიათის უფლებას წარმოადგენს და შესაბამისად სცდება მმართველობით საქმიანობას. ამას გარდა, სზაკ-ის მესამე მუხლის მეოთხე ნაწილი ითვალისწინებს სხვა შემთხვევებსაც, როდესაც აღმასრულებელი ხელისუფლების საქმიანობა არ წარმოადგენს ამ კოდექსის მოწესრიგების საგანს. ესენია: დანაშაულის ჩადენის გამო პირის სისხლის-სამართლებრივი დევნა და სისხლის სამართლის საქმის წარმოება; ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობა; სასამართლოს მიერ გამოტანილი და კანონიერ ძალაში შესული, ასევე ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონით გათვალისწინებული აქტების აღსრულება და სამხედრო საკითხებზე გადაწყვეტილების მიღება. კოდექსის მოქმედება ასევე არ ვრცელდება საქართველოს პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციით გათვალისწინებული უფლებამოსილების განხორციელებაზე, რაც გულისხმობს როგორც პირთა თანამდებობაბზე დანიშვნასა და გათავისუფლებას, ასევე პირთა შეწყალებასა და სხვა უფლებებს.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ამ კოდექსის მესამე თავის (ინფორმაციის თავისუფლების) მოქმედება არ ვრცელდება აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოთა იმ საქმიანობაზე, რომელიც დაკავშირებულია საერთაშორისო საარბიტრაჟო, უცხო ქვეყნის ან საერთაშორისო სასამართლოებში მათ მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე მიმიდინარე სამართალწარმოებასა და საქმეთა განხილვაში საქართველოს სახელმწიფოს მონაწილეობასთან. სასამართლოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე ინფორმაცია გაიცემა საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებისა და შეთანხმების, ან კანონით გათვალისწინებული წესების შესაბამისად.