ბლოგის ადმინის ნებართვით აღებულია ბლოგიდან https://geolaw.wordpress.com
თანამედროვე საერთაშორისო სამართლის მიხედვით სახელმწიფო ტერიტორიის შეძენის (ან შეცვლის) პირველწყაროს ერის თვითგამორკვევის უფლება წარმოადგენს. ყოველი ერი, რომელიც სხვა სახელმწიფოს ფარგლებშია მოქცეული და ეროვნულ-განმანთავისუფლებელი ბრძოლის შედეგად იძენს დამოუკიდებლობას, ავტომატურად კვეცავს მეტროპოლიის სახელმწიფო საზღვრებს და თავის ეროვნულ ტერიტორიაზე დამოუკიდებელ ორგანიზაციას ქმნის. ყოველ შემთხვევაში, ადგილი უნდა ჰქონდეს მოსახლეობის ნების გამომჟღავნებას კომპეტენტური ორგანოების გადაწყვეტილების ან პლებისციტის (საყოველთაო რეფერენდუმის) სახით.
პირველ შემთხვევაში საკითხი ნათელია – თავისუფლებისათვის მებრძოლი ერის ხელმძღვანელი ორგანოები ყოველთვის სარგებლობენ ხალხის ნდობით დამოუკიდებელი პოლიტიკური ორგანიზაციის შექმნის საქმეში. იგივე ითქმის უკვე არსებული სახელმწიფოს ხელისუფლების უმაღლეს ორგანოებზე, რომლებიც ხალხის ნდობით სარგებლობენ და უფლებამოსილი არიან თვითონ გადაწყვიტონ ქვეყნის პოლიტიკური მომავლის ბედი.
მაგრამ ყოველ შემთხვევაში, როდესაც მიუხედავად კომპეტენტური ორგანოების არსებობისა, აუცილებელია უშუალოდ ხალხის, ერის აზრის გამორკვევა, მიმართავენ საყოველთაო გამოკითხვას – პლებისციტს.
უნდა განვასხვავოთ ორი სახის პლებისციტი – საყოველთაო გამოკითხვა ან რეფერენდუმი დამოუკიდებლობის მოპოვების შესახებ და გამოკითხვა, რომლის მიზანია გამოარკვიოს ხალხის სურვილი, რომელი სახელმწიფოს ფარგლებში სურს მას ყოფნა.
როდესაც ერთი სახელმწიფო მეზობელ სახელმწიფოსთან შეთანხმებით ცდილობს მოაწესრიგოს სასაზღვრო ტერიტორიების საკითხი, რის შედეგად ადგილი აქვს ამ ტერიტორიების მცირე ნაწილების გაცვლა – გამოცვლას ან ცალმხრივად დათმობას, პლებისციტის საკითხი არ ისმება.
თანამედროვე საერთაშორისო სამართალი იცნობს ტერიტორიის შეძენის ძალდატანებით შესაძლებლობასაც, მაგრამ ეს ძალდატანება აგრესიის საპასუხო აქტია და დასაშვებია მხოლოდ ორ შემთხვევაში:
ა)ისტორიულისამართლიანობისპრინციპზედაყრდნობით. ყოველი სახელმწიფო, რომელსაც თავის დროზე წაართვეს ტერიტორია აგრესიული ომის ან კაბალური ხელშეკრულების შედეგად, უფლებამოსილია დაიბრუნოს ეს მიწები აგრსორის დამარცხების შემთხვევაში ან ახალი ხელშეკრულება დადოს
ბ)დამარცხებულიაგრესორისმიმართპოლიტიკური სანქციების გამოყენებით, რომელთა მიზანია აგრესორის დასჯა და მომავალში მისი მხრიდან აგრესიის განახლების თავიდან აცილება.
ტერიტორიის შეძენის ორივე ეს საშუალება გამონაკლისს წარმოადგენს, რადგანაც საერთაშორისო სამართალი კრძალავს ომს, როგორც ტერიტორიული და სხვა დავების გადჭრის საშუალებას.