ტოტალიტარიზმი
E. Totalitarianism
აბსოლუტური ძალაუფლების პოლიტიკური იდეოლოგია. სახელმწიფო სოციალიზმი, კომუნიზმი, ნაციზმი, ფაშიზმი და ისლამური ფუნდამენტალიზმი ტოტალიტარიზმის არც თუ დიდი ხნის წინანდელი გამოვლინებებია. ტოტალიტარულია სახელმწიფო, რომლის მმართველობის სისტემა არ არის შეზღუდული კონსტიტუციურად, ანდა არ არის შეკავებული საზოგადოების სხვა ძალების მიერ (როგორიცაა: ეკლესია, პროფკავშირები, ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოები და ა.შ.). ასეთ სახელმწიფოში ხელისუფლება არ არის ანგარიშვალდებული საზოგადოების წინაშე პერიოდული, ფარული და სამართლიანი არჩევნებით. თავის განუსაზღვრელ ძალაუფლებას ის საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროს კონტროლისათვის იყენებს, როგორიცაა: ოჯახი, რელიგია, განათლება, ბიზნესი, კერძო საკუთრება თუ სოციალური ურთიერთობანი. ტოტალიტარული სისტემის ფასადის უკან ადვილი აღმოსაჩენია განუკითხაობა, მართვის არაპროფესიონალიზმი და ხელისუფლებაში მოკალათებული კრიმინალური კლანები, რომლებიც სახელმწიფო საშუალებებს საკუთარი მიზნებისათვის იყენებენ. ტოტალიტარული რეჯიმი, როგორც წესი, ადამიანის უფლებების ყველაზე სერიოზული დამრღვევია, ვინაიდან სხვა რეჯიმებთან შედარებით უფრო ხშირად მიმართავს ომებსა და გენოციდს.
See also: რეჟიმი
Source: ადამიანის უფლებათა ლექსიკონი / [შეადგინა ფრიდონ საყვარელიძემ ; რედ.: ანა ჭაბაშვილი] – თბ. : დასი, 1999 – 128გვ
E. Totalitarianism
ავტორიტარული მმართველობის ფორმა, რომლის დროს სახელმწიფოს ფუნქციონირებისა და მოქალაქეთა ქცევის ყველა ასპექტს უკიდურესად ცენტრალიზებული ხელისუფლება წარმართავს. ტ საზოგადოდ, ფაშისტური და კომუნისტური რეჟიმების აღმნიშვნელი ტერმინია, თუმცა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ იგი გამოიყენებოდა კონკრეტულად საბჭოთა კავშირსა და მის სატელიტ სახელმწიფოებში გამაფებული მმართველობის სისტემის აღსანიშნავად. ტოტალიტარული რეჟიმისათვის დამახასიათებელია ერთპარტიული სისტემა, პიროვნების თავისუფლების უგულებელყოფა და მასობრივ საინფორმაციო საშუალებებზე უმკაცრესი კონტროლი.
Source: ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალი : ლექსიკონი-ცნობარი / [ავტ.: ლ. ალექსიძე (რედ.), ლ. გიორგაძე, მ. კვაჭაძე და სხვ.] – თბ., 2005 – 283გვ. ; 23სმ. – ISBN 99940-0-877-3 : [ფ.ა.]
ანტიდემოკრატიული პოლიტიკური წყობა, რეჟიმი, რომლის დროსაც სახელმწიფო სრულად არის გაბატონებული საზოგადოებასა და პიროვნებაზე. იგი მიისწრაფის საზოგადოების ყველა სფეროზე კონტროლის დამყარებისაკენ, სოციალურ-პოლიტიკურ ცხოვრებაში გაუქმებულია პლურალიზმის პრინციპი. სოციალურ-პოლიტიკური წინააღმდეგობების რეგულირება ხდება ძალისმიერი მეთოდებით. პოლიტიკური ხელისუფლება პრეტენზიას აცხადებს მოსახლეობის საყოველთაო ინტერესებზე. ამ საყოველთაო ინტერესებში ადგილი არ რჩება პიროვნებისა და პოლიტიკის სხვა სუბიექტების ინტერესებისათვის, თავისუფალი პოლიტიკური მოღვაწეობისათვის, რაც ინდივიდის ხელისუფლებისაგან გაუცხოებას იწვევს. ხდება სახელმწიფოსა და ინდივიდის იდენტიფიკაცია, რაც ამ უკანასკნელს ართმევს თვითრეგულაციის და თვითგანვითარების შესაძლებლობებს, ხელისუფლების ლეგიტიმაცია ემყარება ძალადობას, სახელმწიფოს მონოიდეოლოგიას, პიროვნების უფლებანი და თავისუფლებანი უგულებელყოფილია. შესაბამისად, ტოტალიტარული რეჟიმი – ეს არის სახელმწიფოს მთლიანი და ყოვლისმომცველი კონტროლი საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროზე ძალისმიერი მეთოდების გამოყენების გზით. აღნიშნული რეჟიმი უფრო ხშირად წარმოიშობა საგანგებო პირობებში, როდესაც საზოგადოების სოციალურ-პოლიტიკურ ცხოვრებაში შეიმჩნევა არასტაბილურობა, სახეზეა ღრმა ეკონომიკური და პოლიტიკური კრიზისი და ტოტალიტარული რეჟიმის დამყარება განიხილება როგორც წარმოშობილი პრობლემების გადაწყვეტის საშუალება. პოლიტოლოგები მიუთითებენ ტ-ის შემდეგ ძირითად ნიშნებზე:
1. ხელისუფლების მაღალი ცენტრალიზაცია რომელიმე პიროვნების ან ჯგუფის ხელში. გაბატონებული ფენა პასუხს არ აგებს არც ერთი სახელმწიფო ორგანოს წინაშე, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლება გაბატონებული ზედა ფენის ხელშია. ტოტალიტარულ შეგნებაში ხალხი და ხელისუფლება გააზრებულია როგორც ერთიანი მთელი, ხელისუფლების მთელი აქცენტი გადატანილია საშინაო და საგარეო მტრების ძიებასა და მათ წინააღმდეგ ბრძოლაზე.
2. საზოგადოებრივი ცხოვრების იდეოლოგიზაცია – მონოპოლიური იდეოლოგია ასაბუთებს, ამართლებს არსებული რეჟიმის უკონტროლო ბატონობას, იდეოლოგიის მნიშვნელობა ძირითადად განისაზღვრება რომელიმე მიზნის გარშემო მოსახლეობის დარაზმვით (მსოფლიო ბატონობა, კომუნიზმის აშენება და ა.შ.). ამ მიზნის მისაღწევად გამართლებულია ყველა საშუალება.
3. ერთპარტიულობა, ხელისუფალი მასობრივი პარტიის მონოპოლიური არსებობა, რომელიც აყალიბებს პოლიტიკურ მიზნებს, განსაზღვრავს მისი რეალიზაციის საშუალებებს და ახორციელებს კადრების მომზადებასა და განაწილებას. მმართველი პარტიის სათავეში დგას ქარიზმატული ლიდერი, რომელიც ყველა არსებით საკითხს წყვეტს.
4. რეპრესიული დაწესებულებების განვითარებული სისტემა, რომელიც მკაცრ კონტროლს ახორციელებს ადამიანთა ქცევაზე და საჭიროების შემთხვევაში იყენებს ძალისმიერ მეთოდებსაც.
5. ტ-ის პირობებში არ არსებობს თავისუფალი ინდივიდი და სამოქალაქო საზოგადოება. განასხვავებენ ტ-ის ორ ძირითად ნაირსახეობას: მემარჯვენე რადიკალურ (ფაშისტური, ნაციონალ-სოციალიასტური, მაგ., იტალიაში (1922-1943), შემდგომ გერმანიაში (1933-1945), ფრანკისტულ ესპანეთში და სხვ.) და მემარცხენე ექსტრემისტულ ტ-ს (სტალინის რეჟიმი სსრკ-ში). ტ-ის პრობლემის თეორიის თანამედროვე დონეზე განვითარება დაიწყო 40-50-იან წლებში (ჰ. არენდი, ზ. ბჟეზინსკი, კ. პოპერი, მ. ჰაიდეგერი, ფ. ჰაიეკი და სხვ.).
See also: ავტორიტარიზმი
Source: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] – თბ. : ლოგოს პრესი, 2004 – 351გვ. ; 20სმ. – (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). – ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]
E. totalitarianism
Fr. totalitaire, totalitaire ტოტალიტარული
L. totalis – მთლიანი, სრული
პოლიტიკური რეჟიმის ერთ-ერთი სახე, რომლის დროსაც სახელმწიფოს სრული (ტოტალური) კონტროლის ქვეშაა საზოგადოების ყველა სფერო, ფაქტობრივად ლიკვიდირებულია კონსტიტუციური უფლებები და თავისუფლებები; იდეოლოგიური მრავალფეროვნების ნაცვლად გაბატონებულია ერთადერთი იდეოლოგია, ჩანასახშივე, ტერორისტული მეთოდებით, იხშობა ნებისმიერი ოპოზიციური გამოსვლა და სხვაგვარად აზროვნება. ერთ პირის (ბელადის) ხელთ სრულად კონცენტრირებული სახელმწიფო ხელისუფლება ხორციელდება ერთადერთი პარტიისა და სამხედრო დისციპლინის მეშვეობით. შენარჩუნებული დემოკრატიული სახელმწიფოს ფორმა და ინსტიტუტები (პარლამენტი, არჩევნები, რეფერენდუმი და სხვ.) მოკლებულნი არიან რეალურ შინაარსს, ასრულებენ მხოლოდ დეკორაციის როლს და გამოიყენებიან პროპაგანდისტული მიზნებისათვის.
See also: ავტორიტარიზმი
Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] – თბ., 2004 – 483გვ.: ცხრ.; 24სმ. – (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). – ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]
…
….
….
იურიდიული ენციკლოპედია www.gen.ge-ზე
შიდა ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP- იურიდიული მომსახურებები
გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით; 2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი
……