ტრანსფერი
ტრანსფერი ერთგვარ სიტუაციაში ნასწავლის სხვაგვარ, განსხვავებულ სიტუაციაში გამოყენებას ნიშნავს. დ. უზნაძის აზრით, აზროვნებას ახასიათებს ტრანსპოზიციის ან გადატანის უნარი. მას შემდეგ, რაც მოსწავლე გადაჭრის ამოცანას, მას უკვე აღარ უჭირს ანალოგიური ამოცანის გადაჭრა: „აზროვნებას ერთხელ გადაჭრილი ამოცანის ხერხი ანალოგიურ ახალ ამოცანაზე გადააქვს“. მაგალითად, მათემატიკაში ნასწავლის გამოყენება სხვა გაკვეთილზე (ფიზიკაში) ან სკოლის გარეთ (სუპერმარკეტში).
განათლების სპეციალისტებისათვის დილემას წარმოადგენს იმის გარკვევა, თუ რა შემთხვევაში ხდება ან არ ხდება ტრანსფერი. მაგალითად, ბუნებისმეტყველების მასწავლებლები მუდმივად ჩივიან, რომ მათ თავიდან უხდებათ მოსწავლეებისთვის მათემატიკის სწავლება, მაშინაც კი, როდესაც ეს მოსწავლეები კარგად სწავლობენ მათემატიკას. გარკვეული უნარის თავდაპირველი დაუფლება ხორციელდება კონკრეტული შინაარსის საფუძველზე. თუ უნარს ვავითარებთ მხოლოდ ერთი ტიპის შინაარსთან მიმართებაში და არ ვითვალისწინებთ იმას, რომ ეს უნარი მოსწავლემ სხვა შინაარსთან მიმართებაშიც უნდა გამოიყენოს, მაშინ მოსწავლეს ტრანსფერის განხორციელება გაუჭირდება.
ტრანსფერი არ ხდება თავისთავად. საჭიროა სწავლების სპეციალურად დაგეგმვა იმისათვის, რომ ტრანსფერი განხორციელდეს.
ტრანსფერს ხელს უწყობს შემდეგი პირობები:
(1) ცოდნა, რომლის ტრანსფერიც ხდება, უნდა იყოს მიზეზშედეგობრივი მიმართების შემცველი;
(2) სწავლების პროცესში ყურადღება უნდა გამახვილდეს იმაზე, რომ შეძენილი გამოცდილება შესაძლოა გამოყენებულ იქნას სხვადასხვა სიტუაციაში;
(3) სწავლის პროცესში მოსწავლემ უდა აღმოაჩინოს ამოცანის გადაჭრის ძირითადი პრინციპები.
გამოყოფენ ტრანსფერის ორ ძირითად ფორმას. ერთ შემთხვევაში ტრანსფერი ხორცილედება გაკვეთილზე განხილული თემის დაკავშირებით ანალოგიურ თემებთან. მასწავლებელი ეხმარება მოსწავლეს ნასწავლი საკითხი დაუკავშიროს მსგავს თემებს სხვა სფეროებში. ტრანსფერის განხორციელება არ არის რთული. საჭიროა მასწავლებელმა გარკვეული დრო დაუთმოს საკითხის ფართო განხილვას და მოსწავლეთა ყურადღება გაამხვილოს სხვა სფეროებში არსებულ ანალოგიურ თემებზე, მოვლენებზე და ა.შ. მაგალითად, საქართველოში მომხდარი ვარდების რევოლუცია მასწავლებელმა შესაძლოა დაუკავშიროს იმავე მოვლენებს, რომლებიც მოხდა სხვა ქვეყნებში, მაგალითად უკრაინაში.
ტრანსფერის მეორე ფორმის დროს ხდება შესასწავლი საკითხის ძირითადი პრინციპების ღრმად გაგება. ამის განხორციელება შესაძლებელია პრობლემაზე დაფუძნებული სწავლებით. პრობლემაზე მუშაობით მოსწავლეები იძენენ ცოდნას და უნარ-ჩვევებს, რომელიც შეუძლიათ თავისუფლად გამოიყენონ სხვა პრობლემის გადაჭრის დროს. მაგალითად, ლიტერატურის მასწავლებელი ასწავლის მოსწავლეს ფაქტების და ავტორის დამოკიდებულების ამოცნობას ლიტერატურულ ნაწარმოებში. მასწავლებელმა იმავე ოპერაციის შესრულება უნდა დაავალოს მოსწავლეს სხვა ტიპის ტექსტზე, მაგალითად, ისტორიულ წყაროზე.
Source: განმარტებითი ლექსიკონი/ეროვნ. სასწ. გეგმებისა და შეფასების ცენტრი. – [თბ., 2008]. – 20სმ. [MFN: 76027] ნაწ. 1: განათლების სპეციალისტებისათვის / [წიგნზე მუშაობდნენ: სიმონ ჯანაშია და სხვ.]. – [2008]. – 56გვ.. – ბიბლიოგრ.: გვ. 54-56. – ISBN: 978-9941-0-0541-1 (ყველა ნაწ.), ISBN: 978-9941-0-0542-8 (ნაწ. 1) : [ფ.ა.][MFN: 95118]
…
….
….
იურიდიული ენციკლოპედია www.gen.ge-ზე
შიდა ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP- იურიდიული მომსახურებები
გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით; 2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი
……