ბლოგის ადმინის ნებართვით აღებულია ბლოგიდან https://geolaw.wordpress.com
მიმდინარე მოვლენებმა გადამაწყვეტინა ერთი-ორი სიტყვა მეთქვა ე.წ მიტინგებზე:
ძირითად უფლებათა შორის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი უფლებაა შეკრებებისა და მანიფესტაციების უფლება. ეს ძირითადი უფლება შედგება სამი პუნქტისაგან:
1)ყველას, გარდა იმ პირებისა, რომლებიც არიან სამხედრო ძალების, პოლიციისა და უშიშროების სამსახურის შემადგენლობაში, უფლება აქვს წინასწარი ნებართვის გარეშე შეიკრიბოს საჯაროდ და უიარაღოდ, როგორც ჭერქვეშ, ისე გარეთ.
2)კანონით შეიძლება დაწესდეს ხელისუფლების წინასწარი გაფრთხილების აუცილებლობა, თუ შეკრება ან მანიფესტაცია ხალხისა და ტრანსპორტის სამოძრაო ადგილას იმართება.
3)ხელისუფლებას შეუძლია შეკრების ან მანიფესტაციის შეწყვეტა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მან კანონსაწინააღმდეგო ხასიათი მიიღო.
შეკრებისა და მანიფესტაციების თავისუფლება ე.წ საკომინუკაციო უფლებაა და იცავს მოქალაქის თავისუფალ განვითარებას საზოგადოებაში. ეს ძირითადი უფლება წარმოადგენს ადამიანის თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის ნიშანს.
რაც შეეხება შეკრების თავისუფლებას, ზოგიერთი მეცნიერის აზრით, ეს უფრო მრავლისმომცეველი უფლებაა, ხოლო მანიფესტაციების თავისუფლება ანუ უფლება საკუთარი მოსაზრებების ერთობლივ საჯარო გამოცხადებაზე წარმოადგენს შეკრების თავისუფლების ერთ-ერთ გამოხატულებას.
შეკრებების თავისუფლებაც ორი ძირთდი ნიშნით ხასიათდება: დემოკრატიული სახელმწიფო ვერ იარსებებს, თუ მის მოქალაქეებს არ ექნებათ შესაძლებლობა, შეკრებებზე გამოთქვან თავიანთი პოლიტიკური შეხედულება, მოუსმინონ სხვა მოქალაქეთა მოსაზრებებს და მანიფესტაციების საშუალებით საჯაროდ გამოხატონ თავიანთი შეხედულებები.
მეორე ნიშანი მდგომარეობს ადამიანის ღირსებისა და პიროვნული თავისუფლების პატივისცემასა და აღიარებაში. კონსტიტუციის 25 მუხლი უზრუნველყოფს ნების თავისუფლებას, ადამიანებმა თავად გადაწყვიტონ, მიიღებენ თუ არა მონაწილეობას შეკრებებსა და მანიფესტაციებში, მცირე შეზღუდვა, რასაც კონსტიტუცია აწესებს, არის ის რომ შეკრებები უნდა მოხდეს „უიარაღოდ“ და დაუშვებელია ორგანიზატორები იყვნენ 18 წლამდე ასაკის ან საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირები.
ასევე თუმცა არის ერთი უსამართლობა, რაც ერთი შეხედვით თითქოს არ ჩანს: კონსტიტუციის 27-ე მუხლი ზღუდავს უცხოელების და მოქალაქეების არმქონე პირების დემონსტრაციებში მონაწილეობას და ამით ეწინააღმდეგება 25-ე მუხლს, რომლის მიხედვით, „ყველას“ აქვს უფლება შეიკრიბოს.
შეკრებების და მანიფესტაციების გამართვის ადგილი არ უნდა იყოს შეზღუდული სახელმწიფოს მიერ, იმ მიზეზით, რომ ისინი აფერხებენ გადაადგილებას. დაუშვებელია რაიმე ზომების მიღება შეკრებილთა დასაშლელად, გარდა იმ შემთხვვებისა, როცა შეკრება ან მანიფესტაცია იღებს კანონსაწინააღმდეგო ხასიათს, ანუ მიმდინარეობისას იქნება მოწოდებები კონსტიტუციური წყობილების დამხობის, ან ძალადობით შეცვლისკენ, ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფის და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევისკენ, ან თუ მონაწილეებს ექნებათ იარაღი, ფეთქებადი, ადვილად აალებადი, ცრემლმდენი, მომწამვლელი ნივთიერებები და ალკოჰოლი. ასეთ შემთხვევებში უნდა მოხდეს ჩარევა, მაგრამ მხოლოდ უკიდურეს შემთხვევებში, რადგან მსგავსი ფაქტები მუდამ თან ახლავს ამგვარ მოვლენებს და არ შეიძლება პირველივე შემთხვევისას მოხდეს შეკრებილების დაშლა.
არსებობს ასევე უკიდურესი ფორმა, შეკრებებისა და მანიფესტაციების საერთოდ არდაშვება, არათუ შეწყვეტა, რაც ემყარება პოლიციის მონაცემებს , რომელთა შესაბამისად შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარების შედეგად საფრთხე შეექმნება მოქალაქეთა სიცოცხლეს და კონსტიტუციურ წყობას.