შემეცნების განვითარების საფეხურები

შემეცნების განვითარების საფეხურები

ყველა ბავშვი გონებრივი განვითარების მსგავს ეტაპებს მსგავსი თანმიმდევრობით გაივლის. ყოველი ეტაპი შემეცნების თვისებრივად განსხვავებული ფორმით ხასიათდება.

ჟ. პიაჟეს მიხედვით, არსებობს შემეცნების ოთხი ასეთი ზოგადი ეტაპი ანუ საფეხური:

სენსომოტორული – მოიცავს ცხოვრების პირველ 2 წელიწადს. ამ დროს ცოდნა სამყაროს შესახებ შეზღუდულია ადამიანებთან და საგნებთან ფიზიკური ურთიერთქმედებით და ჩვილი სამყაროს შეიმეცნებს მარტივი მოქმედებების საშუალებით. ასეთი მარტივი მოქმედებებია: წოვა, ტაცება, ღეჭვა, დათვალიერება და სხვა.

პრეოპერაციული – მოიცავს 2-6 წლამდე პერიოდს. სამყაროს შემეცნების მიზნით ბავშვი იწყებს სიმბოლოების გამოყენებას. საგნებსა და მოვლენებს სიტყვები, რიცხვები ან ნახატები ცვლის. ქმედებები, რომლებიც ადრე ფიზიკურ ხასიათს ატარებდა, ახლა გონებრივად წარიმართება შინაგანი სიმბოლოების გამოყენებით. პრეოპერაციულ საფეხურზე ბავშვი ჯერ არ ფლობს პრობლემის სიმბოლური გადაჭრის ჩვევებს და უჭირს ობიექტთა კლასიფიკაცია. სხვადასხვა შინაარსის შეცდომები და უხერხულობები თან ახლავს მის მცდელობებს, რომ გაიგოს სამყარო.

კონკრეტული ოპერაციები – ეს ეტაპი მოიცავს 6-11 წლამდე პერიოდს. ამ დროს წინა საფეხურზე არსებული შეზღუდვების დიდი რაოდენობა ქრება. ამ პერიოდის ბავშვს აქვს უნარი, აწარმოოს ლოგიკური ოპერაციები იმ ცოდნის საფუძველზე, რომელსაც უკვე ფლობს. მას შეუძლია მიმატების, გამოკლების, დალაგების, და ა.შ. ოპერაციების წარმოება. ამ ასაკში ბავშვები იწყებენ გონებაში სიტუაციების წარმოდგენას – რა მოხდებოდა იმ შემთხვევაში თუ … ამავე ასაკში ბავშვებს შეუძლიათ ნივთების შინაგანი თვისებების შესახებ წარმოდგენების შექმნა (წონა, მოცულობა და ა.შ.). მათ უჭირთ აბსტრაქტული აზროვნება, აბსტრაქტული ცნებების გამოყენება, განზოგადება, სინთეზი; რომელიმე კონკრეტული აბსტრაქტული ამოცანის ამოხსნა შეუძლიათ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს ამოცანა პირდაპირ უკავშირდება რეალობას. ამ ასაკში ბავშვები სწავლობენ კლასიფიცირებას და რიგის მიხედვით დალაგებას.

ფორმალური ოპერაციები – იწყება 11 წლიდან და მოზრდილობამდე გრძელდება. ამას სხვანაირად აბსტრაქტული აზროვნების პერიოდსაც უწოდებენ. ამ პერიოდში ვითარდება და იხვეწება მაღალი დონის სააზროვნო უნარ-ჩვევები. ამ ასაკში მოზარდს შეუძლია ჰიპოთეზების შემუშავება, შესაძლო ფაქტორების განსაზღვრა, დასკვნების გამოტანა ისე, რომ მსჯელობის საგანი არ იყოს პირდაპირ რეალობიდან აღებული. მოზარდებს უვითარდებათ შესაძლებლობა, იმსჯელონ ტექსტის ლოგიკურ გამართულობაზე.

Source: განმარტებითი ლექსიკონი/ეროვნ. სასწ. გეგმებისა და შეფასების ცენტრი. – [თბ., 2008]. – 20სმ. [MFN: 76027] ნაწ. 1: განათლების სპეციალისტებისათვის / [წიგნზე მუშაობდნენ: სიმონ ჯანაშია და სხვ.]. – [2008]. – 56გვ.. – ბიბლიოგრ.: გვ. 54-56. – ISBN: 978-9941-0-0541-1 (ყველა ნაწ.), ISBN: 978-9941-0-0542-8 (ნაწ. 1) : [ფ.ა.][MFN: 95118]

….

….

იურიდიული ენციკლოპედია www.gen.ge-ზე

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……