წყაროები საერთაშორისო სამართლისა

წყაროები საერთაშორისო სამართლისა

E. Sources of International Law

ის სპეციფიკური ფორმები, რომლებშიც სახელმწიფოთა (ან სხვა სუბიექტთა საერთაშორისო სამართლის) შეთანხმება ამა თუ იმ ქცევის წესის დადგენის შესახებ ობიექტურად გამოიხატება და იურიდიულად სავალდებულო ხდება მხარეებისათვის. თანამედროვე საერთაშორისო სამართალში არსებობს ორი ძირითადი წყარო – საერთაშორისო ხელშეკრულება და საერთაშორისო ჩვეულება (იხ. საერთაშორისო ჩვეულებითი სამართალი). მნიშვნელოვან როლს ასრულებენ, აგრეთვე, სამართლის ზოგადი პრინციპები. გაეროს საერთაშორისო სასამართლოს სტატუსის თანახმად (38-ე მუხ.)., სასამართლო, რომელიც მოვალეა, მისთვის გადაცემული დავა საერთაშორისო სამართლის საფუძველზე გადაწყვიტოს, გამოიყენებს: ა) როგორც ზოგად, ისე სპეციალურ საერთაშორისო კონვენციებს, რომლებიც ადგენენ მოდავე სახელმწიფოთა მიერ აღიარებულ წესებს; ბ) საერთაშორისო ჩვეულებას, როგორც სამართლებრივ ნორმად აღიარებული საყოველთაო პრაქტიკის დადასტურებას; გ) სამართლის ზოგად პრინციპებს, რომლებიც აღიარებულია ცივილიზებული სახელმწიფოების მიერ \nმთავრობათაშორისი ორგანიზაციების საერთაშორისო აქტები (მაგ., გაეროს გენერალური ასამბლეის დეკლარაციები, სხვა რეზოლუციები), თუ ისინი არ ეხებიან ორგანიზაციის შინაგან წესებს (სტრუქტურას, ბიუჯეტს, წესდებით გათვალისწინებულ სავალდებულო სხვა მსგავს სფეროს), არ ითვლებიან საყოველთაო საერთაშორისო სამართლის წყაროდ: ასეთ აქტებს მხოლოდ მორალურ-პოლიტიკური მნიშვნელობა აქვთ და იურიდიულად სავალდებულო ქცევის წესად გახდომა შეუძლიათ მხოლოდ საერთაშორისო ხელშეკრულებისა ან საერთაშორისო ჩვეულებითი სამართლის ნორმის საშუალებით (მაგ.: რასობრივი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ 1963 წლის დეკლარაციას იურიდიული სახე მიეცა 1969 წლის ამავე სახელწოდების კონვენციის მიღების შემდეგ; გაეროს 1948 წლის ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია საყოველთაო საერთაშორისო სამართლის აქტად იქცა საერთაშორისო სამართლებრივი ჩვეულების სახით – სახელმწიფოთა უმრავლესობამ აღიარა მისი სავალდებულო ძალა თავის კანონმდებლობაში სათანადო დებულებათა შეტანით, რაც წინ უსწრებდა ამ დეკლარაციაზე დაყრდნობით ადამიანის უფლებათა საერთაშორისო პაქტების შემუშავებასა და ძალაში შესვლას 1976 წელს). ამ სახის გადაწყვეტილებებს უდიდესი მნიშვნელობა აქვს საერთაშორისო სამართლის ნორმათა ჩამოყალიბების პროცესში: მათი ზემოქმედებით სუბიექტები იძულებულნი ხდებიან, გაითვალისწინონ სახელმწიფოთა საერთაშორისო თანამეგობრობის განწყობილება და იხელმძღვანელონ სათანადო მორალურ-პოლიტიკური პრინციპებით, თუმცა იციან, რომ ამ პრინციპების დარღვევის შემთხვევაში მათ არ დაეკისრებათ საერთაშორისოსამართლებრივი პასუხისმგებლობა. ბოლო დროს ზოგიერთ რეგიონალურ საერთაშორისო ორგანიზაციაში ( მაგ., ევროპის კავშირში) ნორმაშემოქმედებით საქმიანობას სავალდებულო ძალა ეძლევა მათი წევრი სახელმწიფოების მიმართ, რაც მათ ზენაციონალური ორგანიზაციის ელემენტს მატებს. თავისთავად არც შიდასახელმწიფოებრივი კანონი მიეკუთვნება საერთაშორისო სამართლის წყაროთა რიცხვს: ეს კანონი მხოლოდ იმ შემთხვევაში ხდება ასეთ წყაროდ, თუ იგი სხვა სუბიექტისა ან სუბიექტების მიერ აღიარებულია საერთაშორისო ხელშეკრულებით ან ჩვეულებით (იხ. აგრეთვე ცალმხრივი აქტები). ასევ სასამართლო პრეცედენტები და მეცნიერთა დოქტრინა, ანუ მათი შრომები, დასკვნები, გამოკვკლევები გვევლინება მხოლოდ საერთაშორისო სამართლის ამა თუ იმ ნორმის არსებობის ფაქტის დადგენის დამხმარე წყაროდ, რომელსაც საერთაშორისო სამართლის ძირითადი წყაროების შემუშავების ან საერთაშორისო დავების გადაწყვეტის დროს იყენებენ.

Source: ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალი : ლექსიკონი-ცნობარი / [ავტ.: ლ. ალექსიძე (რედ.), ლ. გიორგაძე, მ. კვაჭაძე და სხვ.] – თბ., 2005 – 283გვ. ; 23სმ. – ISBN 99940-0-877-3 : [ფ.ა.]

….

….

იურიდიული ენციკლოპედია www.gen.ge-ზე

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……