ადამიანის უფლებათა კომიტეტი

ადამიანის უფლებათა კომიტეტი E. Human Rights Committee

შექმნილია საერთაშორისო პაქტით სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა შესახებ (28–ე მუხ.) მისი მიზანია, ზედამხედველობა გაუწიოს პაქტის მონაწილე სახელმწიფოების მიერ პაქტით გათვალისწინებულ ვალდებულებათა შესრულებას. კომიტეტი შედგება 18 დამოუკიდებელი ექსპერტისგან, რომლებიც მიუკერძოებლად ასრულებენ თავიანთ მოვალეობებს. კომიტეტის წევრთა უფლებამოსილების ვადაა 4 წელი. კომიტეტი თავისი ფუნქციების განსახორციელებლად მოქმედებს საგანგებოდ შემუშავებული პროცედურის წესების საფუძველზე. იგი მიიღებს და განიხილავს სახელმწიფოების პერიოდულ მოხსენებებს მათ მიერ პაქტით გათვალისწინებულ ვალდებულებათა შესრულების შესახებ (40–ე მუხ.); განიხილავს პაქტის მონაწილე სახელმწიფოების შეტყობინებებს რომელიმე სხვა სახელმწიფოს მიერ პაქტით დაკისრებულ ვალდებულებათა შეუსრულებლობის შესახებ (41–ე მუხ.). თუ ამ სახელმწიფოს აღიარებული აქვს ამ მუხლით დადგენილი წესი; სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების საერთაშორისო პაქტის ფაკულტატიური ოქმის (იხ. ფაკულტატიური ოქმი საერთაშორისო პაქტის სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა შესახებ), თანახმად, აუკ მიიღებს და განიხილავს ინდივიდუალურ შეტყობინებებს პაქტის მონაწილე სახელმწიფოს იურისდიქციაში მყოფ პირთა ამ სახელმწიფოს მიერ მათი უფლებების დარღვევის შესახებ, აღსანიშნავია, რომ სახელმწიფოს პირველადი მოხსენება კომიტეტს წარედგინება ამ სახელმწიფოსათვის პაქტის ძალაში შესვლიდან ერთი წლის ვადაში. შემდგომში მოხსენებები კომიტეტს წარედგინება ყოველ 5 წელიწადში ერთხელ. კომიტეტი განიხილავს სახელმწიფოთა მოხსენებებს, აგრეთვე სახელმწიფო და ინდივიდუალურ შეტყობინებებს და იღებს სარეკომენდაციო ხასიათის გადაწყვეტილებებს. კომიტეტი ჩატარებული მუშაობის შესახებ ყოველწლიურად მოხსენებას წარუდგენს გაეროს გენერალურ ასამბლეას.

Source: ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალი : ლექსიკონი-ცნობარი / [ავტ.: ლ. ალექსიძე (რედ.), ლ. გიორგაძე, მ. კვაჭაძე და სხვ.] – თბ., 2005 – 283გვ. ; 23სმ. – ISBN 99940-0-877-3 : [ფ.ა.]

ბმები: 1. კორპორაციული ტიპური დოკუმენტები; 2. ორგანიზაციების იურიდიული, საბუღალტრო და საკონსულტაციო მომსახურება; 3. დისტანციური იურიდიული კონსულტაციები; 4. ბიზნეს გეგმების მომზადება; 5. მზა ტიპური ბიზნეს-გეგმები (შაბლონი)