კაზუსი თავისი ამოხსნით

ბლოგის  ადმინის  ნებართვით  აღებულია  ბლოგიდან    https://geolaw.wordpress.com

კაზუსი

ბლოგის  ადმინის  ნებართვით  აღებულია  ბლოგიდან    https://geolaw.wordpress.com

რეზო,  რომელიც  ოცნებობს  შეიძინოს  ნოკია  N  95  მოდელი,  ვერ  ახერხებს  მოიპოვოს  აღნიშნული  ტელეფონის  ღირებულება  ერთიანად,  ვინაიდან  იგი  დასაქმებულია  სამშენებლო  კომპანიაში  და  მისი  შემოსავალი  ყოველთვიურად  შეადგენს  600  ლარს.  ის  მეგობრისაგან  შეიტყობს,  ახალი  მაღაზიის  შესახებ,  რომელიც  მობილური  ტელეფონებით  ვაჭრობს  და  მომგებიან  წინადადებასაც  სთავაზობს  კლიენტებს.  კერძოდ,  კი  აღნიშნული  მაღაზიის  სარეკლამო  რგოლში  მოისმენს,  რომ  ნებისმიერი  მობილური  ტელეფონის  ყიდვის  მსურველს  შეუძლია  შეიძინოს  ტელეფონი  ყოველგვარი  გარანტიისა  და  სხვა  რთული  პროცედურის  გარეშე  თავის  ფასში.  რეზო  სასწრაფოდ  მიეშურება  მაღაზიაში  და  აზუსტებს  დეტალებს.  გამყიდველი  ნინო  ატყობინებს,  რომ  მაღაზიის  მიერ  განხორციელებული  შეთავაზება  უნიკალურია,  ვინაიდან  გადასახდელი  თანხის  განვადება  შესაძლებელია  5  წლამდე  ვადაზე  გაიწეროს.  აღფრთოვანებული  რეზო  დებს  ხელშეკრულებას  და  მაქსიმალურ  ვადას  3  წელს  განსაზღვრავს  ხელშეკრულებით.  ამასთან,  იგი  გამყიდველთან  საუბარში  მიდის  აღნიშნულ  დასკვნამდე,  ვინაიდან,  გამყიდველის  განმარტებით  რეზოს  ნებისმიერ  დროს  შეეძლება  გრაფიკს  გადაუხვიოს  და  წინასწარ  და  უფრო  მეტი  რაოდენობით  გადაიხადოს,  ანუ,  ვადაზე  ადრე  დაფაროს  განვადების  თანხა.  იგი  შესაბამისად,  დაუფიქრებლად  აწერს  ხელს  სამწლიან  განვადების  ხელშეკრულებას  და  მისი  ტელეფონის  გადასახადის  გრაფიკს.

ექვსი  თვის  შემდეგ  ის  მოულოდნელად  იღებს  საზღვარგერეთ  მცხოვრები  ძმისაგან  საჩუქრად  2000  ლარს  და  დაუყონებლივ  გადაწყვეტს  დაფაროს  ტელეფონის  დარჩენილი  სრული  თანხა.  გამყიდველი  კი  განუმარტავს,  რომ  სამწლიანი  20  %-იანი  განვადების  გათვალისწინებით  %  1200  ლარს  შეადგენდა,  ტელეფონის  ღირებულება  2000,  გადახდილი  %-ის  (200  ლარის)  გამოკლებით  ბანკი  ითხოვს  1000  ლარის  დარჩენილი  პროცენტისა  და  ძირითადი  თანხის  1665  ლარის  გადახდას.  რეზი  აღშფოთებულია,  ის  თვლის,  რომ  გამყიდველი  ატყუებს  მას  სთხოვს  რა  იმ  დარჩენილი  დროისათვის  %-ის  გადახდას,  როდესაც  განვადება  აღარ  იარსებებს.  ეს  მაშინ,  როდესაც  შეთავაზება  მაღაზიის  მიერ  არ  ითვალისწინებდა  პროცენტის  გადახდას,  ვინაიდან  ტელეფონი  თავის  ფასში  იყიდებოდა.  გამყიდველი  მიუთითებს  მაღაზიის  შიდა  ინსტრუქციაზე,  რომელიც  მაღაზიის  სარეკლამო  ბუკლეტშიდაც  არის  ასახული.  ხელშეკრულებაში  აღნიშნულის  შესახებ  მითითება  არ  არსებობს.
რეზოს  უფლებები.

ა  მ  ო  ხ  ს  ნ  ა:

1.  რეზოსშესაძლოაჰქონდესმაღაზიისმიმართმის  (რეზოსმიერხელშეკრულებითნაკისრივალდებულებისვადამდელიშესრულებისმიღებისმოთხოვნისუფლება  477-,  364-,  366-,  361-და  505-მუხლებიდანგამომდინარე.  (+)
1.1.  ამისათვის  აუცილებელია  ნამდვილი  ნასყიდობის  ხელშეკრულების  წარმოშობა/არსებობა.  აღნიშნულის  წინაპირობაა  ორი  ურთიერთმფარავი  ნების  გამოვლენა  ოფერტის  და  აქცეპტის  სახით  და  შეთანხმება  ხელშეკრულების  არსებით  პირობებზე  სსკ-ის  327-ე  მუხლის  შესაბამისად  (საგანი,  ფასი  და  ა.შ.).
ა)  მაღაზიის  მხრიდან  ნების  გამოვლენა:
•  მოწვევა  ოფერტზე  –  სარეკლამო  რგოლი;
•  ოფერტი  კონკლუდენტურად:  ნებისმიერ  მოქალაქესთან,  რომელიც  მაღაზიაში  შედის,  მაღაზიას  სურს  ნასყიდობის  ხელშეკრულების  დადება.  მაღაზიის  მიერ  დაზუსტებული  ინფორმაციის  მიწოდება  წარმოადგებს  შეთავაზებას  –  ოფერტს,  ანუ  საბოლოო  წინადადება,  რომელსაც  ახასიათებს  ბოჭვის  ნება  და  მიმართულია  ამ  შემთხვევაში  რეზოსაკენ,  და  საჭიროებს  მხოლოდ  მის  თანხმობას.
ბ)  რეზოს  მხრიდან  ნების  გამოვლენა:
ადგილი  აქვს  შემხვედრი  ნების  გამოვლენას  –  აქცეპტს;
1.2.  ხელშეკრულების  ნამდვილობისათვის  აუცილებელია  საამისოდ  გათვალისწნებული  ფორმა  (327.1.):  ჩვენს  შემთხვევაში  –  სახეზეა  განვადებით  ნასყიდობის  ხელშეკრულება,  რომელიც  აკმაყოფილებს  კანონით  გათვალისწინებულ  მოთხოვნებს  ფორმასთან  მიმართებით  –კერძოდ,  დადებულია  წერილობითი  ფორმით  (505,  506).

1.3.  შუალედური  დასკვნა:  მხრეები  თანხმდებიან  ნასყიდობის  ხელშეკრულებისათვის  დამახასიათებელ  არსებით  პირობებზე  (327.2.):  საგანი,  ფასი,  ხელშეკრულების  შესრულების  ვადა.  მაშასადამე,  სახეზეა  ნამდვილი  ნასყიდობის  ხელშეკრულება,  რომელიც  წარმოშობს  477-ე  მუხლის  I  და  II  ნაწილებით  გათვალისწინებულ  უფლება-მოვალეობებს.  მყიდველი  ხდება  ნივთის  მესაკუთრე  ტელეფონის  გადაცემისთანავე  (186).

1.4.  სახეზეა  ნამდვილი  ნასყიდობის  ხელშეკრულება,  რომლით  გათვალისწინებული  ვალდებულებანიც  უნდა  შესრულდეს  ჯეროვნად,  კეთილსინდისიერად,  დათქმულ  დროსა  და  ადგილას  (361.2);  ამასთან,  თუკი  ხელშეკრულება  დაიდო  განსაზღვრული  ვადითა  და  მოქნილი  გადახდის  გრაფიკით,  საეჭვოობისას  ივარაუდება,  რომ  მოვალეს  შეუძლია  ვალდებულების  შესრულება  ვადაზე  ადრე  (366),  ხოლო  საქართველოს  სამოქალქო  კოდექსის  364-ე  მუხლის  შესაბამისად,  მოვალეს  უფლება  აქვს  ვადამდე  შეასრულოს  ნაკისრი  ვალდებულება,  თუკი  პატივსადები  მიზეზით  კრედიტორი  უარს  არ  იტყვის  შესრულების  მიღებაზე.  ჩვენს  შემთხვევაში  არ  არსებობს  პატივსადები  ინტერესი  –  პროცენტი.

მოცემული  შემთხვევის  ანალიზიდან  ირკვევა,  რომ  პროცენტის  შესახებ  მხარეთა  შორის  არ  არსებოდბდა  შეთანხმება.  მოთხოვნის  ეტაპზე  მაღაზიამ  მიუთითა  შიდა  ინსტრუქციაზე  და  აღნიშნა,  რომ  პროცენტის  თაობაზე  სარეკლამო  ბუკლეტში  იყო  მითითება,  მაშინ  როცა,  სტანდარტული  პირობა  არ  ყოფილა  რეზოსათვის  ცნობილი  და  არც  ხელშეკრულებაში  ასახულა  ინფორმაცია,  არც  ზემოხსენებულ  ინსტრუქციაზე,  არც  სარეკლამო  ბუკლეტზე  (როგორც  ხელშეკრულების  დანართზე)  და  არც  კონკრტულად  –  პროცენტზე!  თუ  მოწინააღმდეგე  მხარე  მოიყვანს  იმ  ფაქტს,  რომ  გადახდის  გრაფიკი  იყო  განსაზღვრული  ხელშეკრულებით,  რომელიც  ძირი  თანხის  გადახდახდასთან  ერთად  მოიცავდა  პროცენტსაც,  რაც  სტანდარტული  პირობით  იყო  გათვალისწინებული,  იგი  ვერ  გახდებოდა  ხელშეკრულების  ნაწილი:  1)  იქიდან  გამომდინარე,  რომ  ყველასათვის  თვალსაჩინო  ადგილზე  არ  იყო  გამოკრული  წარწერა;  2)  არც  რეკლამაში  თქმულა  და  კაზუსიდანაც  არ  გამომდინარეობს,  რომ  რეზო  გაეცნო  ან  ჰქონდა  შესაძლებლობა  გაცნობოდა  წინასახელშეკრულებო  ეტაპზე  ბუკლეტს,  რომელიც  მოიცავდა  აღნიშნულ  ინფორმაციას  (343).  ამასთან,  მომხმარებელთა  უფლებების  შესახებ  კანონი  იმისთვის  არის  შექმნილი,  რომ  დაიცვას  შედარებით  სუსტი  მხარის  ინტერესები  და  შესაბამისად,  საეჭვოობისას,  დავა  წყდება  მოვალის  სასარგებლოდ.

დასკვნა:

რეზოს  აქვს  მაღაზიის  მიმართ  მის  (რეზოს)  მიერ  ხელშეკრულებით  ნაკისრი  ვალდებულების  ვადამდელი  შესრულების  (3  წლის  გასვლამდე  შეთავაზებული  ნოკია  #95  დარჩენილი  ღირებულების  1665  ლარის)  მიღების  მოთხოვნის  უფლება  477-ე,  364-ე,  366-ე,  361-ე  და  505-ე  მუხლებიდან  გამომდინარე.  აქვე  აღსანიშნავია,  ის  ფაქტი,  რომ  შესრულება  არის  ცალმხრივი  მიღებასავალდებულო  ნების  გამოვლენა  (51).  ხოლო  გამყიდველი  ვალდებულია  მიიღოს  გასხვისებული  ნივთის  ღირებულება  გამომდინარე  390-ე  მუხლის  პირველი  ნაწილიდან  –  რადგანაც  მიუღებლობის  შემთხვევა  ჩაითვლება  კრედიტორის  მიერ  ვადის  გადაცილებად,  რომელიც  მთელ  რიგ  სამართლებრივ  შედეგბს  წარმოშობს.  ასევე,  მიღების  ვალდებულება  კანონის  ანალოოგიით  (5.1)  გამომდინარეობს  477-ე  მუხლის  მეორე  ნაწილიდან,  რომლის  შესაბამისადაც  –  მყიდველი  მოვალეა  მიიღოს  ნაყიდი  ქონება  –  მაშასადამე,  გამყიდველიც  მოვალეა  მიიღოს  საპასუხო  შესრულება  –  გადახდილი  თანხა,  თუკი  მხარეთა  შეთანხმებით  სხვა  რამ  არ  არის  გათვალისწინებული,  რასაც  ჩვენს  შემთხვევაში  ადგილი  არ  ჰქონია.  თუ  კი  გამყიდველი  დააყოვნებს  ან  არ  მიიღებს  შესრულებას,  რეზო  უფლებამოსილი  იქნება  მოახდინოს  ვალდებულების  შეწყვეტა  ნოტარიუსის  სადეპოზიტო  ანგარიშზე  თანხის  დეპონირებით  (434).

2.  რეზოსშესაძლოაჰქონდესხელშეკრულებიდანგასვლისდაპირვანდელიმდგომარეობისაღდგენისმოთხოვნისუფლებასამოქალაქოკოდექსის  352,  405,  316,  317,  318,  361,  394,  407,  408,  ასევემომხმარებელთაუფლებებისდაცვისშესახებსაქართველოსკანონისმე-6  მუხლისმეორენაწილის  “ქვეპუნქტისსაფუძველზე.  (+)

საქართველოს  სამოქალაქო  კოდექსის  352-ე  მუხლის  შესაბამისად,  თუ  ხელშეკრულების  ერთ-ერთი  მხარე  405-ე  მუხლით  გათვალისწინებული  პირობების  არსებობისას  უარს  იტყვის  ხელშეკრულებაზე,  მაშინ  მიღებული  შესრულება  და  სარგებელი  მხარეებს  უბრუნდებათ  (ნატურით  დაბრუნება).  რასაც  ადგილი  აქვს  იმ  შემთხვევაში,  როცა  ხელშეკრულების  ერთი  მხარე  არღვევს  ორმხრივი  ხელშეკრულებიდან  გამომდინარე  ვალდებულებას.  ასეთ  დროს  ხელშეკრულების  მეორე  მხარეს  შეუძლია  უარი  თქვას  ხელშეკრულებაზე  ვალდებულების  შესრულებისათვის  მის  მიერ  დამატებით  განსაზღვრული  ვადის  უშედეგოდ  გასვლის  შემდეგ,  ხოლო  თუ  ვალდებულების  დარღვევის  ხასიათიდან  გამომდინარე,  არ  გამოიყენება  დამატებითი  ვადა,  მაშინ  დამატებითი  ვადის  განსაზღვრას  უთანაბრდება  გაფრთხილება  (405.1).  ჩვენს  შემთხვევაში  გამყიდველმა  დაარღვია  მყიდველის  უფლებებისადმი  განსაკუთრებული  გულისხიერების  ვალდებულება,  რომელიც  მას  ეკისრებოდა  316-ე  მუხლის  მეორე  ნაწილის  შესაბამისად.  რამდენადაც  მან  არ  წარუდგინა  სრულად  ის  ინფორმაცია  მყიდველს,  რისი  წარდგენაც  ევალებოდა  სამოქალაქო  კოდექსის  318-ე  (ინფორმაციის  გაცემა  უზრუნველყოფილი  უნდა  იყოს  მაშინ,  როცა  მას  მნიშვნელობა  აქვს  ვალდებულების  შინაარსის  განსაზღვრისათვის  და  კონტრაჰენტს  შეუძლია  საკუთარი  უფლების  შელახვის  გარეშე  გასცეს  ეს  ინფორმაცია)  და  აგრეთვე  მომხმარებელთა  უფლებების  დაცვის  შესახებ  კანონის  მე-6  მუხლის  პირველი  ნაწილისა  და  მეორე  ნაწილის  “თ”  ქვეპუნქტის  შესაბამისად  –  დამამზადებელი/გამყიდველი  ვალდებულია  მომხმარებელს  მიაწოდოს  აუცილებელი,  უტყუარი  და  სრული  ინფორმაცია  პროდუქციის  შესახებ,  რაც  მას  მისცემს  სწორი  არჩევანის  შესაძლებლობას,  ასევე  –  იგი  ვალდებულია  მიაწოდოს  მყიდველს  ინფორმაცია  პროდუქციის  ფასისა  და  შეძენის  სხვა  პირობების  შესახებ.  გამყიდველმა  დაარღვია  ზემოხსენებული  ვალდებულებანი.
მართალია,  აღნიშნული  დარღვევა  მოხდა  ხელშეკრულების  დადების  წინარე  ეტაპზე,  მაგრამ,  317-ე  მუხლის  მეორე  ნაწილი  იძლევა  316-ე  მუხლის  მეორე  ნაწილის  გამოყენების  საშუალებას  სწორედ  ასეთ  შემთხვევაშიც  (316-ე  მუხლით  გათვალისწინებული  მოვალეობებით  ვალდებულება  შეიძლება  ხელშეკრულების  მომზადების  საფუძველზეც  წარმოიშვას).
იმდენად,  რამდენადაც,  ვალდებულება  უნდა  შესრულდეს  ჯეროვნად,  კეთილსინდისიერად,  დათქმულ  დროსა  და  ადგილას  (361,2),  ხოლო  გამყიდველის  მიერ  მოხდა  სწორედ  კეთილსინდისიერების  ვალდებულების  დარღვევა,  მას  უნდა  დაეკისროს  შესაბამისის  პასუხისმგებლობა,  რამდენადაც  რეზო  მივიდა  სწორედ  მოცემულ  მაღაზიაში  იმ  მიზნით,  რომ  თავის  ფასში  შეიძენდა  საოცნებო  ტელეფონს,  ხოლო  გამყიდველის  არაკეთილსინდისიერი  ქცევის  შედეგად  გახდა  მსხვერპლი  კაბალური  გარიგებისა:  პროცენტის  ოდენობა,  რომლის  შესახებაც  ზემოთ  უკვე  ვისაუბრეთ,  შეადგენდა  ნივთის  ღირებულებას  დამატებული  ამ  თანხის  3/5  ნაწილი,  რა  თანხასაც  იგი  აშკარად  უსამართლოდ  უხდიდა  მაღაზიას.  სამართლებრივი  ურთიერთობის  მონაწილენი  ვალდებულნი  არიან  კეთილსინდისიერად  განახორციელონ  თავიანთი  უფლებები  და  მოვალეობანი.

ხელშეკრულებიდან  გასვლისას  კრედიტორს  შეუძლია  მოითხოვოს  იმ  ზიანის  ანაზღაურება,  რომელიც  მას  მიადგა  ხელშეკრულების  შეუსრულებლობით  (407.1).  აგრეთვე,  სსკ-ის  394-ე  მუხლის  პირველი  ნაწილის  შესაბამისად,  მოვალის  მიერ  ვალდებულების  დარღვევისას  კრედიტორს  შეუძლია  მოითხოვოს  ამით  გამოწვეული  ზიანის  ანაზღაურება.
იმ  პირმა,  რომელსაც  ეკისრება  ზიანის  ანაზღაურება  უნდა  მოახდინოს  პირვანდელი  მდგომარეობის  აღდგენა.  ჩვენს  შემთხვევაში  ეს  იქნება  მობილური  ტელეფონის  დაბრუნება  მაღაზიისათვის  და  ამ  უკანასკნელის  მხრიდან  რეზოს  მიერ  გადახდილი  თანხის:  როგორც  პროცენტის,  ისე  ძირი  თანხის  დაბრუნება.  სსკ-ის  352-ე  მუხლის  მეორე  ნაწილის  `გ~  ქვეპუნქტის  შესაბამისად,  ნატურით  დაბრუნების  ნაცვლად  მოვალეს  ეკისრება  ფულადი  ანაზღაურება,  თუ:  მიღებული  საგანი  გაფუჭდა  ან  დაიღუპა;  ხოლო,  სათანადო  გამოყენებით  გამოწვეული  ცვეთა  მხედველობაში  არ  მიიღება.  აქედან  გამომდინარე,  მობილურის  სათანადო  ხმარებით  გამოწვეული  ცვეთა  არ  მიიღება  მხედველობაში  და  რეზოს  უნდა  აუნაზღაურდეს  მის  მიერ  გადახდილი  თანხა  სრულად.
ჩვენს  შემთხვევაში,  იმ  პირმა,  რომელიც  ვალდებულია  აანაზღაუროს  ზიანი,  უნდა  აღადგინოს  ის  მდგომარეობა,  რომელიც  იარსებებდა,  რომ  არ  დამდგარიყო  ანაზღაურების  მავალდებულებელი  გარემოება  (408.1).

დასკვნა:
მაშასადამე,  რეზოს  აქვს  ხელშეკრულებიდან  გასვლისა  და  პირვანდელი  მდგომარეობის  აღდგენის  მოთხოვნის  უფლება  ყოველივე  ზემოთქმულიდან  გამომდნარე.

3.        რეზოსშესაძლებელიაჰქონდესახალიმაღაზიისაგანგადახდილისაფასურისუკანდაბრუნებისმოთხოვნისუფლება  976-,  979-მუხლების  (უსაფუძვლოგამდიდრებისშესაბამისადხელშეკრულებისბათილობისსაფუძვლითკერძოდ:  (+/+/+):

1)  არსებითი  შეცდომა  –  72,  73-ე;
2)  მოტყუება  –  81-82;

უსაფუძვლო  გამდიდრებიდან  გამომდინარე  მოთხოვნის  უფლების  ობიექტი  (გამდიდრების  შედეგები):
გადახდილი  ღირებულების  უკან  დაბრუნება;
რეზოს  მაღაზიის  მხრიდან  979-ე  მუხლის  პირველი  ნაწილის  თანახმად,  უნდა  დაუბრუნოს  მიღებული  სარგებელი.  მოცემულ  შემთხევაში  გამდიდრების  რეალური  შედეგი  სახეზეა  იმ  ნაწილში,  სადაც  მაღაზიის  მიერ  ხდება  ბათილი  გარიგების  საფუძველზე  ფულადი  ვალდებულების  შესრულების  მიღება  და  შესაბამისად  სამოქალაო  ბრუნვაში  ჩაშვება  და  სავარაუდოდ  შესაბამისი  მოგების  მიღებაც,  მაშინ,  როდესაც  რეზო  კი  ფლობს  რეალურად  ტელეფონ  ნოკია  N95,  მაგრამ  მოცემული  ნივთისთვის  მიყენებული  ზიანი  ბუნებრივი  ცვეთის  თვალსაზრისით,  ნამდვილად  არ  შეადგენს  იმ  თანხას,  რა  თანხაც  6  თვის  მანძილზე  გადაეცა  რეზოს  მხრიდან  მაღაზიას,  შესაბამისად  ეს  უკანასკნელი  გამდიდრდა  იმ  ნაწილში,  თანხის  რა  ნაწილიც  წარმოადგენს  ბუნებრივი  ცვეთით  გამოწვეულ  სხვაობას  თავდაპირველსა  და  ამჟამინდელ  ღირებულებას  შორის.  მაგრამ  ასეთ  შემთხვევაში  მაღაზიას  ამავე  ნორმების  საფუძველზე  შესაძლოა  წარმოეშვას  რეზოს  მიმართ  6  თვის  განმავლობაში  ტელეფონის  ხმარებით  მიღებული  სარგებელის  მოთხოვნის  უფლება.  ანუ  რეზოც  თავისმხრივ  შესაძლებელი  იყო  გამდიდრებულიყო  მობილურის  გამოყენებით  –  მაგალითად  შეიძლება  მოყვანილ  იქნეს  ასეთი  რამ  _  რეზომ  დაზოგა  ის  თანხა,  რა  თანხაც  მას  დაუჯდებოდა  ტელეფონი  ამ  დროის  განმავლობაში  რომ  ექირავებინა.  მაგრამ  აქ  უნდა  აღინიშნოს  ერთი  გარემოება:  კერძოდ,  ის  რომ  რეზოს  სურდა  არა  ნებისმიერი  ტელეფონის  შეძენა,  არამედ  მისი  მხოლოდ  საოცნებო  ტელეფონის  –  შესაბამისად,  ივარაუდება,  რომ  მას  მანამდე  ჰქონდა  მობილური  და  მან  N95  შეიძინა  არა  აუცილებლობის  ან  საჭიროების,  არამედ  მხოლოდ  სურვილის  (ახირების)  გამო.

ჩვენ  მიგვაჩნია,  რომ  მაღაზია  გამდიდრდა  ხელშეკრულებით  გაუთვალისწინებელი  პროცენტის  (ზემოთ  გვქონდა  აღნიშნულ  გაუთვალისწინებლობაზე  საუბარი)  მიღების  საფუძველზე  _  რეზოს  მიერ  სრულიად  უსაფუძვლოდ  უკვე  გადახდილია  200  ლარი  პროცენტის  სახით.

შედეგი:
რეზოს  აქვს  მაღაზიისგან  თანხის  იმ  ნაწილის  დაბრუნების  მოთხოვნის  უფლება,  რომელიც  წარმოადგენს  ბუნებრივი  ცვეთით  გამოწვეულ  სხვაობას  თავდაპირველსა  და  ამჟამინდელ  ღირებულებას  შორის,  ასევე  რეზოს  მაღაზიისგან  აქვს  გადახდილი  პროცენტის  უკან  დაბრუნების  მოთხოვნის  უფლება  სსკ-ის  976-ე  I  ა,  979-ე  მუხლების  საფუძველზე,  თუ  კი  არსებობს  ხელშეკრულების  ბათილად  ცნობის  საფუძველი.

3.1.  საქართველოს  სამოქალაქო  კოდექსის  72-ე  მუხლის  თანახმად  გარიგება  შეიძლება  საცილო  გახდეს,  თუ  ნების  გამოვლენა  მოხდა  არსებითი  შეცდომის  საფუძველზე.  არსებითი  შეცდომის  შინაარსი  დაკონკრეტებულია  73-ე  მუხლში,  კერძოდ:
არსებით  შეცდომად  ითვლება,  როცა:

ა.  პირს  სურდა  დაედო  სხვა  გარიგება  და  არა  ის,  რომელზედაც  მან  გამოთქვა  თანხმობა;
ბ.  პირი  ცდება  იმ  გარიგების  შინაარსში,  რომლის  დადებაც  მას  სურდა;
გ.  არ  არსებობს  ის  გარემოებები,  რომელთაც  მხარეები,  კეთილსინდისიერების  პრინციპებიდან  გამომდინარე,  განიხილავენ  გარიგების  საფუძვლად.
ჩვენს  შემთხვევაში  შეიძლება  ვიმსჯელოთ  არსებით  შეცდომაზე,  როდესაც  პირი  ცდება  გარიგების  შინაარსში.  რეზოს  სურდა  დაედო  გარგება,  რომლითაც  საოცნებო  ტელეფონს  შეიძენდა  თავის  ფასში,  მაგრამ  თან  ისე,  რომ  ამ  ფასის  გადანაწილება  მოხდებოდა  დროზე,  რაც  შესაბამისად  შეამცირებდა  მის  მიერ  თითოეულ  ჯერზე  გადასახდელ  თანხას,  ეს  კი  მისთვის  გაცილებით  ადვილი  შესასრულებელი  იქნებოდა.  თუკი  სასამართლო  ჩვენი  მსჯელობის  საწინააღმდეგოდ  ჩათვლის  პროცენტს  შეთანხმებულად  მხარეებს  შორის,  მაშინ  შესაძლებელი  იქნება  აღნიშნული  კუთხით  დავის  გაგრძელება  და  შეცილების  საფუძველზე  ხელშეკრულების  ბათილობა  (59.2).  (მოცემულ  შემთხვევაში  შეცილება  შეიძლება  განხორცილედეს  შეცილების  საფუძვლის  შეტყობის  მომენტიდან  1  თვის  ვადაში).

3.2.  თუ  კი  შეცილების  ზემოხსენებული  ერთთვიანი  ვადა  იქნება  მხარის  მიერ  გაშვებული,  ასეთ  შემთხვევაში,  უნდა  ვიპოვნოთ  საცილოობის  სხვა  საფუძველი:  აღნიშნული  კაზუსიდან  ასევე  შესაძლებელია  რეზოს  ჰქონდეს  ნასყიდობის  ხელშეკრულების  ბათილობის  საფუძველზე  მხარეთა  მიერ  ერთმანეთისათვის  გადაცემული  შესრულების  უკან  დაბრუნების  მოთხოვნის  უფლება  81-ე  მუხლისა  და  უსაფუძვლო  გამდიდრების  ნორმების  (976-ე,  979-ე)  მიხედვით,  (ამ  უკანასკნელზე  უკვე  გვქონდა  ზემოთ  საუბარი).

სამოქალაქო  კოდექსის  81-ე  მუხლის  თანახმად  თუ  პირი  გარიგების  დადების  მიზნით  მოატყუეს,  იგი  უფლებამოსილია  მოითხოვოს  ამ  გარიგების  ბათილობა.  ეს  ხდება  მაშინ,  როცა  აშკარაა,  რომ  მოტყუების  გარეშე  გარიგება  არ  დაიდებოდა.  ასევე,  თუ  ერთი  მხარე  დუმს  იმ  გარემოებათა  გამო,  რომელთა  გამჟღავნების  დროსაც  მეორე  მხარე  არ  გამოავლენდა  თავის  ნებას,  მაშინ  მოტყუებულს  შეუძლია  მოითხოვოს  გარიგების  ბათილობა.  გამჟღავნების  ვალდებულება  არსებობს  მხოლოდ  მაშინ,  როცა  მხარე  ამას  ელოდებოდა  კეთილსინდისიერად.  მოტყუება  ეს  არის  შეგნებული  ქმედება:  რომელიც  შესაძლოა  განხორციელდეს  როგორც  მოქმედებით  (ტყუილის  თქმით)  ისე,  უმოქმედობით  (სიმართლის  არ  გამხელით).  აღსანიშნავია,  რომ  მაღაზიის  გამყიდველი  განზრახ  ატყუებს  რეზოს  _  არ  აწვდის  მას  იმ  ინფორმაციას,  რაც  სწორი  არჩევანის  გასაკეთებალად  აუცილებელია  ამ  შემთხვევაში.  სახეზეა  რეალური  ზიანი  გადახდილი  პროცენტის  სახით  და  შესაბამისად  –  მოტყუებით  დადებული  გარიგების  ცნების  შემადგენელი  ყველა  ელემენტი.

საფუძვლიანია  მსჯელობა,  იმის  თაობაზე,  რომ  ადგილი  აქვს  მოტყუებით  დადებულ  გარიგებას,  გამომდინარე  იქიდან,  რომ  ერთის  მხრივ,  ხელშეკრულების  მხარე,  რეზო,  არის  პიროვნება,  რომელსაც  ძალიან  უნდა  ნოკია  N95  ტელეფონის  შეძენა,  მაგრამ  ერთობლივად  ვერ  ახერხებს  ტელეფონში  2000  ლარის  გადახდას,  ვინაიდან  მისი  ყოველთვიური  შემოსავალი  მხოლოდ  600  ლარს  შეადგენს,  მეორეს  მხრივ,  ხელშეკრულების  მეორე  მხარეა  ახალი  მაღაზია,  რომელიც  მყიდველს  სარეკლამო  რგოლის  მეშვეობით  სთავაზობს  კლინეტებს  მობილურ  ტელეფონებს  თავის  ფასში.  მოცემული  წინადადება  საინტერესოა  რეზოსთვის,  მაგრამ  მის  მიერ  გადაწვეტილების  მიღებაზე,  მნიშვნელოვან  გავლენას  ახდენს  მაღაზიის  წარმომადგენლის  ახსნა-განმარტება,  რომ  ტელეფონის  შეძენა
შესაძლებელია  თავის  ფასში,  ამავე  დროს  მაქსიმუმ  5  წელზე  გაწელილი  გადახდის  გრაფიკით.  რეზო  დებს  ხელშეკრულებას  იმ  პირობებით  რაზეც  საუბარია  სარეკლამო  რგოლში  და  გამყიდველთან  საუბარში,  მაგრამ  სულ  რაღაც  6  თვეში  აღმოაჩენს,  რომ  მას  ახდევინებდნენ  არამარტო  ტელეფონის  საფასურს,  არამედ  პროცენტსაც,  რომელზეც  თურმე  საუბარი  იყო  სარეკლამო  ბუკლეტში  და  მაღაზიის  შიდა  ინსტრუქციაში.  თული,  სასამართლოს  მიერ  დადგენილი  იქნება  ის  ფაქტი,  რომ  პროცენტის  თაობაზე  შეთანხმება,  მართლაც  წარმოადგენს  ხელშეკრულების  შემადგენელ  ნაწილს  და  მაშასადამე  სავალდებულოა  მხარეთათვის  შესარულებლად  მაშინ  აღნიშნულს  უპირისპირდება  რეზოს,  როგორც  მოხმარებლის  უფლება  _  მომხმარებელთა  უფლებების  შესახებ  საქართველოს  კანონის  მე-6  მუხლით  გათვალისწინებული  _  დამამზადებელი  (გამყიდველი)  ვალდებულია  მომხმარებელს  მიაწოდოს  აუცილებელი,  უტყუარი  და  სრული  ინფორმაცია  პროდუქციის  შესახებ,  რაც  მას  მისცემს  სწორი  არჩევანის  შესაძლებლობას.  ჩვენს  შემთხვევაში  ადგილი  აქვს  ინფორმაციის  სწორედ  იმგვარად  მიწოდებას  მხარისთვის  _  რეზოსთვის,  რომელიც  მის  მიერ  არჩევანის  გაკეთებაზე  ახდენს  გადამწყვეტ  გავლენას  და  რომელიც  არის  არსებითად  არასწორი  და  არასრული.  შესაბამისად,  რომ  არა  მაღაზიის  მხრიდან  მოტყუება,  რეზო  არ  დადებდა  ხელშეკრულებას,  იმ  პირობებით,  რომლებიც  მაღაზიის  განმარტებით  აღმოჩნდა  შეთანხმებული.

სამოქალაქო  კოდექსში  არსებობს  მუხლი,  რომლის  მიხედვითაც  ხელშეკრულების  ნაწილის  ბათილობა  არ  იწვევს  მთლიანად  გარიგების  ბათილობას,  თუკი  იგი  ამ  ნაწილის  გარეშეც  დაიდებოდა.  პროცენტი,  მოცემულ  შემთხვევაში  წარმოადგენს  სასყიდელს  –  აქედან  გამომდინარე  –  არსებით  პირობას.  მაღაზია  აღნიშნულ  ხელშეკრულებას  არ  დადებდა  მას  რომ  არ  ჰქონოდა  პროცენტის  –  სარგებლის  მიღების  ინტერესი,  რომ  არა  პროცენტის  სახით  მოგების  მიღება,  სხვა  არანაირი  ახსნა  არ  შეიძება  მოეძებნოს  მაღაზიის  ქმედებას,  რომელიც  მომხმარებელს  სთავაზობს  მობილურ  ტელეფონს  თავის  ფასში  და  ამავე  დროს  ჩართულია  საბაზრო  ეკონომიკაში  და  უნდა  გაუძლოს  კონკურენციას,  თან  ისე,  რომ  მოგებაც  ნახოს,  აქედან  გამომდინარე,  პროცენტზე  შეთანხმების  ბათილობა  ამ  შემთხვევაში,  ჩვენი  აზრით  გამოიწვევს  მთლიანი  გარიგების  ბათილობას.

დასკვნა:

ყოველივე  ზემოაღნიშნულიდან,  რეზოს  აქვს  როგორც  შეცდომით  დადებული  გარიგების,  ისე  მოტყუებით  დადებული  ნასყიდობის  ხელშეკრულების  ბათილობის  (81-ე)  თუ  კი  შეცილება  განცორციელებულ  იქნება  შესაბამის  ვადაში  (შეცდომით  დადებულის  1  თვეში,  ხოლო  მოტყუებით  დადებულის  1  წლის  მანძილზე  მოტყუების  ფაქტის  სეტყობიდან)  და  მის  საფუძველზე  განხორციელებული  შესრულების  უკან  დაბრუნების  მოთხოვნის  უფლება  (მას  შემდეგ,  რაც  ხელშეკრულება  აღმოჩნდება  ბათილი,  იგულისხმება,  რომ  იგი  აღარ  არსებობს  და  შესაბამისად  უსაფუძვლოდ  გამდიდრების  წესებიდან  გამომდინარე  (976-ე,  979-ე  მუხლები)  პირს,  რომელმაც  სხვას  ვალდებულების  შესასრულებლად  რაიმე  გადასცა,  შეუძლია  მოსთხოვოს  ვითომ-კრედიტორს  (მიმღებს)  მისი  უკან  დაბრუნება).

:

ყოველივე  ზემოთქმულიდან  გამომდინარე,  რეზოს  თავისი  სურვილისმებრ  შეუძლია  აირჩიოს  უკეთესი  გამოსავალი,  ის,  რაც  მას  ყველაზე  მეტად  აწყობს.
რაც  შეეხება  ჩვენს  რჩევას,  მიგვაჩნია,  რომ  უმჯობესი  იქნებოდა  გვედავა  ხელშეკრულების  ბათილობაზე,  როგორც  მოტყუებით  დადებულ  გარიგებაზე.  რამდენადაც,  ასეთ  დროს  მოხდება  პირვანდელი  მდგომარეობის  აღდგენა.  ჩვენს  კლიენტს  დაუბრუნდება  მის  მიერ  გადახდილი  საზღაური  და  ძმის  მიერ  გამოგზავნილი  თანხის  დამატებით  შეიძენს  იმავე  მოდელის  ტელეფონს  შედარებით  ნაკლები  ღირებულებით,  რამდენადაც,  მობილურის  ფასები  დღითი-დღე  ეცემა,  ხოლო,  6  თვის  განმავლობაში  ხსენებული  ტელეფონის  საბაზრო  ღირებულება  მნიშვნელოვნად  შემცირდა.
ასევე  მისაღებია  პირველი  გამოსავალი,  ანუ  ვალდებულების  ვადამდელი  შესრულების  მიღების  ვალდებულების  დაკისრება  მაღაზიისათვის.  რამდენადაც,  რეზოს  რეალურ  ინტერესს  წარმოადგენს  ჰქონდეს  ტელეფონი  ნოკია  N95  და  არა  მისი  ღირებულების  შესაბამისი  თანხა.
აქვე,  გვსურს  ვისაუბროთ  ბანკზე,  რომელთანაც  მაღაზიამ  გააფორმა  დამოუკიდებელი  ხელშეკრულება.  აღსანიშნავია,  რომ  ჩვენმა  კლიენტმა  –  რეზომ  არ  იცოდა  არაფერი  ბანკთან  რაიმე  ხელშეკრულების  არსებობის  შესახებ.  ამასთან,  მოცემული  ხელშეკრულების  მხარე  არის  ერთის  მხრივ  ბანკი  და  მეორეს  მხრივ  –  მაღაზია  და  მათ  შორის  შეთანხმება  შეიძლება  შეეხოს  რეზოს  იმდნად,  რამდენადაც  აღნიშნული  წარმოადგენდეს  მოთხოვნის  დათმობას.  სსკ-ის  199-ე  მუხლის  სესაბამისად  მოთხოვნის  მფლობელს  (კრედიტორს)  –  ჩვენს  შემთხვევაში  მაღაზიას  შეუძლია  მოვალის  –  რეზოს,  თანხმობის  გარეშე  მოთხოვნა  მესამე  პირს  –  ანუ  ბანკს  დაუთმოს,  თუკი  ეს  არ  ეწინააღმდეგება  ვალდებულების  არსს,  მოვალესთან  მის  შეთანხმებას  ან  კანონს  (მოთხოვნის  დათმობა).  მაგრამ,  ამავე  კოდექსის  201-ე  მუხლის  მეორე  ნაწილის  სესაბამისად,  მოვალეს  უფლება  აქვს  წაუყენოს  ახალ  მფლობელს  ყველა  ის  შესაგებელი,  რაც  მას  ჰქონდა  თავდაპირველი  მფლობელის  მიმართ  მოთხოვნის  დათმობის  შესახებ  ცნობის  მიღების  დროისათვის.  აქედან  გამოდინარე,  ბათილია  ბანკის  მოთხოვნა  პროცენტის  თაობაზე  იმავე  საფუძვლით,  რა  საფუძვლითაც  მაღაზიის  მოთხოვნა  აღნიშნულზე.
იმ  შემთხვევაში  თუკი  ბანკი  და  მაღაზია  თავიდანვე  მოქმედებდნენ  ერთობლივად  და  ორივე  წარმოადგენს  კრედიტორს,  მაშინ  საერთოდ  არ  გვაქვს  სახეზე  ხელშეკრულება,  რამდენადაც,  ხელშეკრულების  დადების  წინაპირობაა  ის,  რომ  მხარეები  შეთანხმდნენ  ყველა  არსებით  პირობებზე  საამისოდ  გათვალისწინებული  წესით.  ანუ  საუბარია  `მხარეებზე~.  აქედან  გამომდინარე  თუ  რეზოს  კონტრაჰენტი  იყო  ორი  მხარე  –  ბანკი  და  მაღაზია,  ამის  თაობაზე  რეზოს  უნდა  სცოდნოდა  და  მათ  შორის  უნდა  არსებულიყო  შეთანხმება  ყველა  არსებით  პირობაზე  საამისოდ  გათვალისწინებული  ფორმით.  ანუ  ლოგიკურად,  ასეთ  შემთხვევაში  შეთანხმება  არ  არსებულა  და  ხელშეკრულება  არ  დადებულა.  და  კვლავ  უნდა  მივმართოთ  უსაფუძვლოდ  გამდიდრების  შესაბამისს  ნორმებს.

აღნიშნული  კაზუსი  ამოხსნეს  და  მოგვაწოდეს  დიანა  კვარაცხელიამ  და  ქეთევან  კრაწაშვილმა,  რომელიც  საიას  იურისტი  გახლავთ.