რევოლუცია

რევოლუცია

E. Revolution

მოქმედი კონსტიტუციით აკრძალული მეთოდებით არსებული პოლიტიკური სისტემის რადიკალური შეცვლა, ხელისუფლების სტრუქტურის, უფლებამოსილების, მმართველთა პერსონალური შემადგენლობის ცვლილების გზით. ასეთი მეთოდები თითქმის ყოველთვის გულისხმობს ძალადობას ან მისი განხორციელების მუქარას როგორც პოლიტიკური ელიტის, ისე მოქალაქეების მიმართ. რ. სოციალურ სტრუქტურებში კეთილდღეობათა განაწილების მკვეთრ და მნიშვნელოვან ცვლილებებს იწვევს. რევოლუციური მოძრაობის მიზნები შეიძლება სხვადასხვა იყოს, მაშინ, როდესაც მეთოდები ნაკლები მრავალფეროვნებით გამოირჩევა (ტერორიზმიდან და პარტიზანული მოძრაობიდან დაწყებული სახელმწიფო გადატრიალებამდე). ეს მოქმედებები შეიძლება გამოყენებულ იქნეს ცალ-ცალკე, მაგრამ რ-ის მსვლელობისას, უფრო ხშირად, სხვადასხვა მეთოდი ერთდროულად გამოიყენება. რ. უფრო პროცესია, ვიდრე მოვლენა. ის ხშირად იწვევს კონტრრევოლუციას, რომელიც მხარდაჭერას უცხო სახელმწიფოებში ეძებს და ამით სამოქალაქო ომს, ან სამხედრო ინტერვენციას იწვევს. ამ თავალსაზრისით, ეტაპობრივად განხორციელებული რეფორმები ნაკლებად სარისკოა.

Source: ადამიანის უფლებათა ლექსიკონი / [შეადგინა ფრიდონ საყვარელიძემ ; რედ.: ანა ჭაბაშვილი] – თბ. : დასი, 1999 – 128გვ

ხელისუფლების დამხობის გზით არსებული პოლიტიკური სისტემის ან რეჟიმის ძირეული, ხარისხობრივი შეცვლა, რომელსაც თან ახლავს საზოგადოებრივი და ეკონომიკური ურთიერთობების რადიკალური გარდაქმნა. რ-ს საფუძვლად უდევს ელიტების დაპირისპირება და სახალხო მასების აჯანყება, რასაც როგორც საშინაო, ისე საერთაშორისო მიზეზები აქვს. ხშირად საბოლოო მიზნები მონაწილეთა თავდაპირველი მიზნებისაგან განსხვავებულია. რთულია განსაზღვრო, თუ როდის იწყება და მთავრდება რ. ისტორიაში ცნობილია რ-ური სიტუაციები, რომლებიც გადატრიალებით არ დამთავრებულა. განასხვავებენ პოლიტიკურ და სოციალურ რ-ებს. პირველი, როგორც სახელმწიფოს ხელისუფლების ხასიათის, ასევე მისი აპარატის შემადგენლობის ცვლილებასაც იწვევს. სოციალური რ-ები გაცილებით უფრო იშვიათად ხდება და ისინი პოლიტიკურ და სოციალურ გარდაქმნებს, კლასობრივ ბრძოლასა და რადიკალური ცვლილებების მოთხოვნით ქვემოდან ზეწოლას ითვალისწინებს. მასების ეს გამოსვლა შეიძლება გამოყენებულ იქნეს სხვა მონაწილეთა მიერ, რომელთაც თავიანთი, ხშირად ფართო მასებისაგან განსხვავებული მიზნები აქვთ. იმისდა მიხედვით, თუ როგორ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ მისი ესა თუ ის მოქმედი პირები, რ-ის აღქმა სხვადასხვაგვარია. სოციალური ცვლილებების სიღრმე კლასობრივი ბრძოლის ინტენსივობაზე, კლასობრივი ძალების განლაგებაზე, სტრატეგიაზე, რევოლუციური ძალების ორგანიზაციასა და ხელმძღვანელობაზე, ასევე არსებული ხელისუფლების სიცოცხლისუნარიანობაზეა დამოკიდებული. კარლ მარქსი რ-ს „ისტორიის ლოკომოტივს“ უწოდებდა. ისტორიული პროცესის განვითარების შესახებ მარქსის შეხედულებები ყველაზე უფრო მოკლედ გადმოცემულია მისი ნაშრომის „პოლიტიკური ეკონომიის კრიტიკისათვის“ წინასიტყვაობაში (1859). რ-ები საზოგადოებრივ ძალებსა და საზოგადოებრივ საწარმოო საშუალებებს შორის არსებული წინააღმდეგობების შედეგად წარმოიშობა, რაც კლასობრივი ბრძოლის გამწვავებასა და „სოციალური რევოლუციის ეპოქის“ დადგომაში გამოიხატებოდა. ყოველი კლასი გაბატონებული კლასის წინააღმდეგ პოლიტიკური და ეკონომიკური ბრძოლის პროცესში თავის თვითშეგნებას ავითარებდა. შედეგი ახალი წარმოებითი ურთიერთობებისა და მისი შესაბამისი იდეოლოგიური ფორმების – გამარჯვებული კლასის ჰეგემონიის დამყარება იყო. მარქსის აზრით, არც ერთი საზოგადოებრივი წყობილება არ ამოწურავს თავის თავს, სანამ არ ამოიწურება საწარმოო ძალების განვითარების შესაძლებლობა და არ მომწიფდება ახალი წარმოებითი ურთიერთობები. მარქსი უშვებდა ზოგიერთ განვითარებულ ქვეყნებში (მაგ., დიდ ბრიტანეთში, აშშ-ში) ახალ საზოგადოებრივ წყობილებაზე მშვიდობიანი გზით გადასვლის შესაძლებლობას, მაგრამ, ამასთან, ამტკიცებდა, რომ სოციალისტურ რ-თა უმეტესობას ძალადობის ხასიათი ექნებოდა. მარქსის თეორია იმ გათვლას ეყრდნობოდა, რომ რ-ები მაღალგანვითარებულ, საწარმოო ქვეყნებში ხდება. მაგრამ ისტორიამ გვიჩვენა, რომ რ-ები როგორც განვითარებულ, ისე არასაკმარისად განვითარებულ საზოგადოებებში ხდება. მარქსისტებისაგან განსხვავებით, სხვა მეცნიერები, განსაკუთრებით კი ისინი, ვინც სოციალურ-პოლიტიკური ევოლუციონიზმის პოზიციაზე დგანან, თვლიან, რომ ოპტიმალურია საზოგადოების თანდათანობითი, ევოლუციური განვითარება, ხოლო რ. ისტორიის ნორმალური მსვლელობიდან გადახრას, ანომალიას წარმოადგენს. მათ მიაჩნიათ, რომ ევოლუციური რეფორმების საშუალებით ღრმა სოციალური ცვლილებების განხორციელებაა შესაძლებელი, რაც რ-ების თანამდევი მასობრივი მსხვერპლის, ხალხის უბედურების, ძალადობის, ქაოსისა და განუკითხაობის თავიდან აცილების საშუალებას იძლევა.

Source: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] – თბ. : ლოგოს პრესი, 2004 – 351გვ. ; 20სმ. – (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). – ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]

E. revolution

Fr. revolution

L. revolutio გადაგორება, ორომტრიალი

1. საზოგადოების ცხოვრებაში ძირფესვიანი გადატრიალება, რომლის შედეგად ლიკვიდირდება არსებული საზოგადოებრივი და პოლიტიკური წყობილება და მყარდება ახალი ხელისუფლება;

2. ერთიდან მეორე, ხარისხობრივად ახალ საფეხურზე ნახტომისებური გადასვლა.

Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] – თბ., 2004 – 483გვ.: ცხრ.; 24სმ. – (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). – ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]

….

….

იურიდიული ენციკლოპედია www.gen.ge-ზე

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……