რეფერენტული ჯგუფი

რეფერენტული ჯგუფი

რეალური ან წარმოსახვითი სოციალური ჯგუფი, რომლის ღირებულებათა და ქცევის ნორმათა სისტემა ინდივიდისათვის ეტალონს წარმოადგენს. რ.ჯ. სოციალური კატეგორიაა, რომელსაც ინდივიდი ადარებს თავის სოციალურ მდგომარეობას, ატიტუდებს, მოქმედებებს, მრწამსსა და ა.შ. სოციალური აქტორი ახდენს თვითიდენტიფიკაციას რ.ჯ-თან და საკუთარი ქცევის მასზე ორიენტირებას ცდილობს. რ.ჯ. შეიძლება იყოს სხვადასხვა სოციალური ერთობა, სინამდვილეში არსებული თუ წარმოსახვითი, მაგ., ოჯახი, სკოლა, მეგობრების წრე, სტუდენტური ჯგუფი, სპორტული ორგანიზაცია და სხვა. ტერმინი რ.ჯ. შექმნა ამერიკელმა სოციალურმა ფსიქოლოგმა ჰ. ჰაიმანმა (Herbert Hyman, Archives of Psychology, 1942) ისეთი ჯგუფის აღსანიშნავად, რომლის წევრი ინდივიდი არ იყო, მაგრამ სურდა გამხდარიყო და რომელთან მიმართებაშიც იგი საკუთარ სიტუაციას აფასებდა. მეორე ამერიკელმა მკვლევარმა მ. შერიფმა (M. Sherif) ეს ტერმინი გამოიყენა 1948 წელს, როდესაც მცირე სოციალური ჯგუფები, რომლებიც ზემოქმედებენ ინდივიდის ქცევაზე, დაყო ორ ჯგუფად: ჯგუფები, რომელთა წევრია ინდივიდი (membership groups), და ჯგუფები, რომელთა წევრი არ არის ინდივიდი (nonmembership groups), მაგრამ ცდილოლობს თავისი შეხედულებები და ქცევა შეუფარდოს მათ ღირებულებებსა და ნორმებს. ასეთ ჯგუფებს მ. შერიფმა რ.ჯ-ები უწოდა. მოგვიანებით სხვა მეცნიერებმა (რ. მერტონი, ნ. ნიეკომი) ტერმინი რ.ჯ. განავრცეს ყველა იმ გაერთიანებაზე, რომლებიც ეტალონს წარმოდგენდნენ ინდივიდისათვის თავისი სოციალური მდგომარეობის, შეხედულებების, მოქმედებისა და სხვა შეფასებისას. ახლა ეს ტერმინი უფრო ფართო მნიშვნელობით გამოიყენება რ.ჯ. შეიძლება იყოს ჯგუფი, რომელსაც ინდივიდი არ მიეკუთვნება, ან ჯგუფი, რომლის წევრი ადრე იყო, ან ის ჯგუფი, რომლის წევრობაც მას სურს. ე.ი. სოციალურ აქტორს რ.ჯ-ად შეიძლება მიაჩნდეს ჯგუფი (ან ჯგუფები), რომლის წევრი თავად არის ან სხვა, რეალური ან წარმოსახვითი ჯგუფი (ან ჯგუფები). რ.ჯ. შეიძლება იყოს პოზიტიური ან ნეგატიური. განასხვავებენ შედარებით („კომპარატიულ“) და ნორმატიულ ჯგუფებს (გ. კელი). ნორმატიულია ჯგუფი, რომელთანაც ასოცირდება განწყობების, ღირებულებების, ნორმების, შეხედულებებისა და სხვა ჩამოყალიბება და რომელიც ინდივიდის ქცევის მარეგულერებელ როლს თამაშობს. ნორმატიულ ჯგუფში ინდივიდი ისწრაფვის, მიიღოს ან შეინარჩუნოს აღიარება. შედარებითია რ.ჯ., რომელიც წარმოადგენს იმ სტანდარტს, რომლითაც ინდივიდი აფასებს საკუთარ თავსა და სხვა. რ.ჯ-ის არჩევისას ინდივიდი ითვალისწინებს ჯგუფის მახასიათებლებს (როგორიცაა, მაგ., ცხოვრების წესი, პრესტიჟი, შემოსავალი, მრწამსი, ღირებულებები, ქცევის ნორმები, ინტერესები და სხვა).

Source: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] – თბ. : ლოგოს პრესი, 2004 – 351გვ. ; 20სმ. – (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). – ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]

….

….

იურიდიული ენციკლოპედია www.gen.ge-ზე

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……