სააქციო საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭო

სააქციო საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭო

E. supervisory board of joint stock company

სამეთვალყურეო საბჭო შედგება, სულ ცოტა, სამი, არა უმეტეს ოცდაერთი წევრისაგან, ამასთან, წევრთა რაოდენობა სამზე უნდა იყოფოდეს. წევრთა ორი მესამედი აირჩევა საერთო კრების მიერ, ხოლო ერთი მესამედი შეიძლება აირჩეს მუშა-მოსამსახურეთაგან (მუშა-მოსამსახურეთაგან სამეთვალყურეო საბჭოს წევრების არჩევის წესი განისაზღვრება სპეციალური საარჩევნო დებულებით, რომელსაც იღებს საერთო კრება). საწესდებო კაპიტალის არანაკლებ 20%-ის მფლობელს (მფლობელებს) უფლება აქვს სამეთვალყურეო საბჭოში ჰყავდეს სულ მცირე ერთი წარმომადგენელი. სამეთვალყურეო საბჭოს ყოველი წევრი საერთო კრების მიერ აირჩევა ოთხი წლის ვადით, მაგრამ უფლებამოსილება გრძელდება ამ ვადის გასვლის შემდეგ მორიგი საერთო კრების მოწვევამდე. ვადამდე გადარჩევა შესაძლებელია საერთო კრების მიერ ნებისმიერ დროს. ყოველ წევრს შეუძლია ნებისმიერ დროს გადადგეს. თუ წევრის გასვლიდან ექვსი თვის განმავლობაში არ აირჩა სამეთვალყურეო საბჭოს ახალი წევრი, მაშინ სასამართლოს, რომლის იურისდიქციის ტერიტორიაზე მდებარეობს საზოგადოება, შეუძლია ერთ-ერთი აქციონერის, სამეთვალყურეო საბჭოს წევრის ან დირექტორის განაცხადით დანიშნოს ახალი წევრი თუ წესდებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. სამეთვალყურეო საბჭოს წევრი არ შეიძლება იმავდროულად იყოს საზოგადოების დირექტორი ან სხვა პასუხისმგებელი აღმასრულებელი პირი. სამეთვალყურეო საბჭო თავისი შემადგენლობიდან ირჩევს თავმჯდომარეს და მოადგილეს. თუ გადაწყვეტილება ვერ იქნა მიღებული, მაშინ უნდა გაიმართოს ფარული კენჭისყრა. თუ კანდიდატები მიიღებენ ხმების თანაბარ რაოდენობას, მათ შორის უხუცესი დაინიშნება თავმჯდომარედ. თავმჯდომარე (მისი არყოფნისას – მოადგილე) იწვევს სხდომებს, განსაზღვრავს დღის წესრიგს. ოქმს ადგენს თავმჯდომარე ან სხდომის მდივანი. სამეთვალყურეო საბჭოს სხდომები ტარდება კვარტალში ერთხელ მაინც. მოწვევა უნდა გაკეთდეს წერილობით, სულ ცოტა რვა დღით ადრე და სავარაუდო დღის წესრიგითურთ. სამეთვალყურეო საბჭოს წევრები შეიძლება სხვა წევრებით იქნენ წარმოდგენილი, ოღონდ ერთი წევრი ერთი სხვა წევრით. სამეთვალყურეო საბჭო გადაწყვეტილებაუნარიანია, თუ მას ესწრება ან წარმოდგენილია წევრთა სულ მცირე ნახევარი. თუ სამეთვალყურეო საბჭო არ არის გადაწყვეტილებაუნარიანი, თავმჯდომარეს (მისი არყოფნისას – მის მოადგილეს) შეუძლია, სულ მცირე რვა დღის ვადაში მოიწვიოს ახალი სხდომა, რომელიც გადაწყვეტილებაუნარიანი იქნება, თუ მას ესწრება წევრთა არანაკლებ 25-%. თუ სამეთვალყურეო საბჭო კვლავ არ არის გადაწყვეტილებაუნარიანი, მაშინ თავმჯდომარეს (მისი არყოფნისას – მოადგილეს) შეუძლია, სულ მცირე რვა დღის ვადაში მოიწვიოს ახალი სხდომა, რომელიც გადაწყვეტილებაუნარიანია დამსწრეთა რაოდენობის მიუხედავად (საქართველოს კანონი „მეწარმეთა შესახებ“, მუხლი 55).

Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] – თბ., 2004 – 483გვ.: ცხრ.; 24სმ. – (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). – ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]

….

….

იურიდიული ენციკლოპედია www.gen.ge-ზე

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……