საერთაშორისო კერძო სამართლის წყაროები

საერთაშორისო კერძო სამართლის წყაროები

E. Sources of privat international law

ეს წყაროებია, რომლებიც მოიცავენ საერთაშორისო კერძო სამართლის ისეთ ფორმებს, როგორებიცაა, ერთი მხრივ, საერთაშორისო ხელშეკრულება და საერთაშორისო ჩვეულება (იხ. საერთაშორისო ჩვეულებათა სამართალი) და, მეორე მხრივ, შიდასახელმწიფოებრივი სამართლებრივი აქტები და სასამართლო ან საარბიტრაჟო პრაქტიკა. იმ საერთაშორისო ხელშეკრულებებს შორის, რომლებიც შეიცავენ საერთაშორისო კერძოსამართლებრივ ნორმებს, განსაკუთრებით აღსანიშნავია სავაჭრო ხელშეკრულებები და შეთანხმებები, აგრეთვე ხელშეკრულებები და შეთანხმებები საქონელბრუნვის საკითხებზე, სამართლებრივი დახმარების შესახებ და ა.შ. საერთაშორისო კერძოსამართლებრივ ჩვეულებებს შორის ძირითადად იგულისხმება სავაჭრო ჩვეულებები. რაც შეეხება შიდასახელმწიფოებრივ სამართლებრივ აქტებს, როგორც საერთაშორისო კერძო სამართლის ერთ-ერთ წყაროს, ამ მხრივ საერთაშორისო პრაქტიკა შესამჩნევი მრავალფეროვნებით გამოირჩევა. ზოგიერთ ქვეყანაში არსებობს სპეციალური სამართლებრივი აქტი საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ, საკმაოდ ბევრ სახელმწიფოში კი საერთაშორისო კერძოსამართლებრივ ნორმებს შეიცავს სხვადასხვა სამართლებრივი აქტი. საქართველოში მიღებულ იქნა სპეციალური კანონი საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ (იხ. საქართველოს კანონი საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ). სასამართლო ან საარბიტრაჟო პრაქტიკაში იგულისხმება სასამართლოს (არბიტრაჟის) მიერ მიღებული ისეთი გადაწყვეტილება კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით, რომლის გამოყენებაც სავალდებულოა ანალოგიური დავის გადასაწყვეტად. სასამართლო პრაქტიკის სავალდებულო სამართლებრივი ძალა განსაკუთრებით მკაფიოდ იჩენს თავს ზოგიერთ სახელმწიფოში (მაგ., დიდ ბრიტანეთში, აშშ-ში და ა.შ.).

Source: ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალი : ლექსიკონი-ცნობარი / [ავტ.: ლ. ალექსიძე (რედ.), ლ. გიორგაძე, მ. კვაჭაძე და სხვ.] – თბ., 2005 – 283გვ. ; 23სმ. – ISBN 99940-0-877-3 : [ფ.ა.]

….

….

იურიდიული ენციკლოპედია www.gen.ge-ზე

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……