საერთაშორისო ჩვეულებითი სამართალი

საერთაშორისო ჩვეულებითი სამართალი

E. Internacional Custom Law

სახელმწიფოთა პრაქტიკის შედეგად ჩამოყალიბებული ქცევის ერთნაირი წესები, რომლებსაც ისინი იურიდიული ძალის მქონე ნორმებად მიიჩნევენ. სჩს არის საერთაშორისო სამართლის ერთ-ერთი ძირითადი წყარო (იხ. წყაროები საერთაშორისო სამართლისა) და მოქმედებების იმ სფეროებში, რომლებსაც საერთაშორისო ხელშეკრულება ჯერჯერობით მთლიანად ან ნაწილობრივ ვერ მოიცავს. გაეროს საერთაშორისო სასამართლოს სტატუსის თანახმად (38-ე მუხ.), სასამართლო, რომელიც ,,მოვალეა, მისთვის გადაცემული დავა საერთაშორისო სამართლის საფუძველზე გადაწყვიტოს, იყენებს: ….ბ) საერთაშორისო ჩვეულებას, როგორც სამართლებრივ ნორმად აღიარებული საყოველთაო პრაქტიკის დადასტურებას“. საერთასორისო ხელშეკრულებისაგან განსხვავებით, რომელსაც მხარეთა ნების მკაფიო გამომჟღავნების შედეგია, სჩს-ის არსებობა ეფუძნება ე.წ. დუმილით თანხმობას, რომელიც გამომდინარეობს ცალკეული სახელმწიფოების მიერ უკვე დანერგილი, ცალმხრივად შემოღებული იურიდიული ძალის მქონე ქცევის წესების საყოველთაო (საყოველთაო ჩვეულება), რეგიონალური ან ლოკალური პრაქტიკიდან. ამგვარად, ჩვეულება ყალიბდება ორსაფეხურიანი პროცესის შედეგად, ეს საფეხურებია: 1) ცალკეული სახელმწიფოების მიერ ერთგვაროვანი ქცევის წესების (პრაქტიკის) შემოღება; 2) ამ წესის სავალდებულო ნორმად გადაქცევა სახლემწიფოთა ამა თუ იმ წრისათვის, თუკი დამტკიცდა, რომ აღნიშნული პრაქტიკის მიმდევრები ამ წესს იურიდიულად სავალდებულოდ მიიჩნევენ, რაც ტერმინ opinio juris sive necessitatis – ით გამოხატება. ამ პროცესს შეიძლება მოჰყვეს შედასახელმწიფოებრივი კანონის თუ სხვა იურიდიული ნორმის მიღება, გაეროს რეზოლუციაში ან ხელმოუწერელ თუ არარატიფიცირებულ ხელშეკრულებაში შეტანილ დებულებათა აღიარება სამთავრობო განცხადებით ან შესაბამისი საკანონმდებლო პრაქტიკით, რაც იმას მოწმობს, რომ ეს სახელმწიფო ამ წესს უდავოდ მიაკუთვნებს იურიდიული ძალის ნორმათა რიცხვს. საერთაშორისო სამართალის პრაქტიკასა და მეცნიერებაში ის ჩვეულება, რომელიც ყველა სახელმწიფოს ან მათი უმრავლესობის პრაქტიკაში არის დანერგილი, რასაც საერთაშორისო ხელშეკრულება იშვიათად თუ აღწევს, მიეკუთვნება საყოველთაო საერთაშორისო სამართალს, რომელიც ჩვეულებებისაგან (ზოგჯერ ამ კატეგორიაში სამართლის ზოგად პრონციპებსაც გულისხმობენ) შედგება და სავალდებულოა ყველა სახლემწიფოსთვის, მიუხედავად იმისა, ეთანხმება ის თუ არა მას. ზოგიერთი სახელმწოფოს მცდელობა, რომ თავისი სუვერენიტეტის მოშველიებით უარი თქვას საყოველთაოდ დამკვიდრებულ ჩვეულებაზე, სახელმწიფოთა საერთაშორისო თანამეგობრობის სულ უფრო და უფრო მეტ წინააღმდეგობას აწყდება, თანამედროვე საერთაშორისო მართლწესრიგის მტკიცედ დაცვის სასარგებლოდ \nსჩს განსხვავდება საერთაშორისო ადათისა და საერთაშორისო თავაზიანობისაგან, რომლებსაც იურიდიულად სავალდებულო ძალა არა აქვთ. წინათ ჩვეულების ჩამოყალიბება საუკუნეთა განმვალობაში ხდებოდა (მაგ., დიპლომატიურ და საკონსულო სამართალში). XX ს-ში ეს პროცესი გაცილებით უფრო სწრაფად მიმდინარეობდა და გაჩნდა კიდეც ტერმინი – ,,მომენტალური ჩვეულებითი სამართალი“ (instant customary law), რომლის მაგალითად მიჩნეულია 1957 წელს სსრ კავშირის მიერ დედამიწის პირველი ხელოვნური თანამგზავრის გაშვება კოსმოსში, რასაც არც ერთი სახელმწიფოს პროტესტი არ გამოუწვევია და რამაც დასაბამი მისცა სახელმწიფოთა საჰაერო სივრცეზე სუვერენიტეტის ზედა საზღვრის შეზღუდვასა და ყველა ქვეყნის უფლებას – კოსმოსურ სივრცეში თავისუფლად აწარმოოს სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობა, გამოიყენოს იგი მშვიდობიანი მიზნებისათვის. აშშ-ს მიერ ასეთი თანაგზავრის გაშვებამ კიდევ უფრო განამტკიცა ეს პრინციპები. დღეს სჩს-ის ადგილს სულ უფრო მეტად იკავებენ საერთაშორისო ხელშეკრულებები, რომლებიც მკაფიოდ აფიქსირებენ მხარეთა უფლება-მოვალეობებს, ახდენენ არსებულ ჩვეულებათა კოდიფიკაციას და პროგრესულ განვითარებას. ასეთია, მაგ.: 1961 და 1963წ.წ. კონვენციები დიპლომატიურ და საკონსულო ურთიერთობათა შესახებ, 1967 წლის ხელშეკრულება და მთელი რიგი კონვენციებისა კოსმოსური სივრცის გამოკვლევისა და გამოყენების დარგში და სხვა, მაგრამ სჩს დღემდე მაინც მნიშვნელოვან როლს ასრულებს საერთაშორისოსამართლებრივ პრაქტიკაში.

Source: ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალი : ლექსიკონი-ცნობარი / [ავტ.: ლ. ალექსიძე (რედ.), ლ. გიორგაძე, მ. კვაჭაძე და სხვ.] – თბ., 2005 – 283გვ. ; 23სმ. – ISBN 99940-0-877-3 : [ფ.ა.]

….

….

იურიდიული ენციკლოპედია www.gen.ge-ზე

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……