სამართლის უზენაესობა

სამართლის უზენაესობა

E. Rule of Law

თანამედროვე დემოკრატიის პრინციპები ეყრდნობა ადამიანის უფლებათა წარუვალ და უზენაეს ღირებულებებს, რომლებიც აღიარებულია სახელმწიფოთა საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან და რომელთა დაცვა და ცხოვრებაში გატარება ყველა დემოკრატიული სახელმწიფოს მოვალეობაა. შედასახელმწიფოებრივი სამართალი მხოლოდ მაშინ ითვლება დემოკრატიულ სამართლებრივ სისტემად, თუ ყოველი სამართლებრივი ნორმა და, პირველ რიგში, კონსტიტუცია ასახავენ ამ მოთხოვნებს. ამიტომ სუ ნიშნავს არა ყველა სამართლებრივი ნორმის უზენაესობას (რადგანაც ჰიტლერულ გერმანიაშიც მოქმედებდა ,,კანონის უზენაესობა), არამედ მხოლოდ ისეთებისას, რომლებიც გამოხატავენ კაცობრიობის განვითარების დღევანდელ ეტაპზე საყოველთაოდ აღიარებულ დემოკრატიულ საწყისებს (სამხრეთ როდეზიაში თეთრკანიანთა მიერ შემოღებული სამართლებრივი რეჟიმი, რომელიც შავკანიან მოსახლეობას თეთრკანიანთა უმცირესობის ბატონობის ქვეშ აქცევდა, გაეროს ძალისხმევით მარცხით დამთავრდა). მხოლოდ ასეთ კანონებს აქვთ უმაღლესი იურიდიული ძალა ქვეყანაში მოქმედ სამართლის ნორმათა სისტემაში. სხვადასხვა სამართლებრივი აქტი, რომლებსაც გამოსცემენ სახელმწიფო ორგანოები, უნდა შეესაბამებოდეს კანონის მოთხოვნებს, არ ეწინააღმდეგებოდეს მათ. სახელმწიფო ვალდებულია, დაიცვას ეს ნორმები, დაიცვას მართლწესრიგი. სამართლის ნორმები ისევეა სავალდებულო სახელმწიფო ორგანოებისთვის, როგორც მოქალაქეებისათვის. სახელმწიფო ხელისუფლება მოქმედებს იმ ფარგლებში, რაც დადგენილია კანონით. სახელმწიფო ორგანოები ვალდებულნი არიან, ყოველგვარი გამონაკლისების გარეშე ემორჩილებოდნენ სამართლის ნორმებს. მათ მხოლოდ იმის უფლება აქვთ, რაც კანონით არის დადგენილი. სახელმწიფოს შიგნით უნდა არსებობდეს ეფექტური მექანიზმები მოსახლეობის ყველა წევრის (მოქალაქის, უცხოელის და სხვ.) უფლებათა დაცვის უზრუნველსაყოფად. სუ-ის ეფექტური უზრუნველყოფა უნივერსალური და რეგიონალური საერთაშორისო ორგანიზაციების ერთ-ერთი ძირითადი ამოცანაა (იხ. ევროპის საბჭო, ადამიანის უფლებათა კომიტეტი) \nთანამედროვე საერთასორისო სამართალი იმპერატიულად მოითხოვს ყოველი სახლმწიფოსგან, შექმნას ყველა პირობა სუ-ის დამყარებისა და განვითარებისთვის საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპებისა და ნორმების შესაბამისად. პირველ რიგში, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის სფეროში \nსაქართველოს კონსტიტუციით ,,საქართველოს კანონმდებლობა შეესაბამება საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებსა და ნორმებს“ (მე-6 მუხ.), ხოლო მე-7 მუხლის ძალით, ,,სახელმწიფო ცნობს და იცავს ადამიანის საყოველთაოდ აღირებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, როგორც ,,წარუვალ და უზენაეს ადამიანურ ღირებულებებს. ხელისუფლების განხორცილებისას ხალხი და სახელმწიფო შეზღუდული არიან ამ უფლებებით და თავისუფლებებით, როგორიც უშუალოდ მოქმედი სამართლით“.

Source: ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალი : ლექსიკონი-ცნობარი / [ავტ.: ლ. ალექსიძე (რედ.), ლ. გიორგაძე, მ. კვაჭაძე და სხვ.] – თბ., 2005 – 283გვ. ; 23სმ. – ISBN 99940-0-877-3 : [ფ.ა.]

….

….

იურიდიული ენციკლოპედია www.gen.ge-ზე

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……