სამოქალაქო საზოგადოება

სამოქალაქო საზოგადოება

განვითრებული სოციალურ–ეკონომიკური, პოლიტიკური, სულიერ–ზნეობრივი უერთიერთობების საზოგადოება, რომელსაც ახასიათებს მაღალი საერთო და სოციალურ–პოლიტიკური კულტურა. მისი წევრები – მოქალაქეები გამოირჩევიან მაღალი სოციალურ–პოლიტიკური აქტივობით, სახელმწიფოსთან ურთიერთობაში პრიორიტეტს საზოგადოებას ანიჭებენ და ხაზს უსვამენ სახელმწიფოს მიერ საზოგადოებისათვის სამსახურის აუცილებლობას. ს.ს–ის წარმოქმნა განუხრელად უკავშირდება თანამედროვე ცივილიზაციის სრულყოფას. ორივე ეს პროცესი მოითხოვს როგორც პიროვნების უწყვეტ სრულყოფას, მის ჭეშმარიტად თავისუფალ, სრულუფლებიან, აქტიურ, სათანადო სოციალურ–პოლიტიკური სტატუსის მქონე მოქალაქედ გარდაქმნას, ასევე ს.ს–ის ფუნქციონირების, მოწყობისა და განვითარების უზრუნველყოფას. ს.ს. შეიძლება ჩამოყალიბდეს მხოლოდ დემოკრატიზმის, ჰუმანიზმის, საზოგადოებრივი, მათ შორის ადგილობრივი თვითმმართველობის, დეცენტრალიზაციის საფუძველზე. იგი შეუთავსებელია ტოტალიტარიზმისა და ავტორიტარიზმთან, ადამიანის, ხალხებისა და ეროვნული უმცირესობების უფლებების დარღვევასთან, შოვინიზმთან, რასიზმთან, რელიგიურ შეუწყნარებლობასთან და ა.შ. ჰეგელისა და მარქსის თვალსაზრისით, ეკონომიკური ურთიერთობები ურთიერთობების შუალედური ფორმაა, რომელიც სახელმწიფოსა და ოჯახს შორისაა მოქცეული. უფრო ზოგადი აზრით ს.ს. ფართო სოციალური ურთიერთობებისა და საზოგადოებრივი მონაწილეობის სფეროა, რომელიც სახელმწიფოსა და ეკონომიკის მკაცრი ზემოქმედების საპირწონეს წარმოადგენს. ს.ს.–ის და „სამოქალაქო მთავრობის“ ტერმინის თავდაპირველ გამოყენებას მიზნად ჰქონდა დაპირისპირება „ბუნებრივ საზოგადოებასა“ და „ბუნებრივ სახელმწიფოსთან“. ა. ფერგიუსონი ამ ტერმინს იყენებდა დასავლური ცივილიზაციის და მისი შესაბამისი მმართველობის ფორმების, ასევე პოლიტიკური მმართველობის „დესპოტური“ (აღმოსავლური) ფორმებისგან გასამიჯნად. ს.ს–სთან დაკავშირებული ეკონომიკური და პოლიტიკური თავისუფლება მარქსისტების მიერ ცხადდებოდა უფრო მოჩვენებით, ვიდრე რეალურ თავისუფლებად, მაგრამ როგორც მარქსიზმში (მაგ., ა. გრამშისთან), ასევე, ზოგადად სოციოლოგიაში საყოველთაოდ აღიარებულია ს.ს–ის გამოყოფა „ბუნების“, „ოჯახისა“ და „სახელმწიფოსაგან“. ს.ს–ის თეორია მოცემულია ლოკის, ჰობსის, რუსოს და სხვა მოაზროვნეთა შრომებში. ს.ს.–ის პრობლემებს იკვლევს თანამედროვე გერმანელი სოციოლოგი ი. ჰაბერმასი.

See also: საერთაშორისო სამოქალაქო საზოგადოება

Source: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] – თბ. : ლოგოს პრესი, 2004 – 351გვ. ; 20სმ. – (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). – ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]

E. civil society

ეკონომიკის, კულტურის და სხვა სფეროებში სახელმწიფოსგან ავტონომიურად, დამოუკიდებლად განვითარებადი ურთიერთობების ერთობლიობა დემოკრატიული საზოგადოების ფარგლებში, რომლის ძირითადი ელემენტებია: საკუთრების ფორმების სხვადასხვაგვარობა და თანასწორობა, შრომისა და მეწარმეობის თავისუფლება, იდეოლოგიური მრავალფეროვნება და ინფორმაციის თავისუფლება, ადამიანის თავისუფლებებისა და უფლებების განუხრელად დაცვა, განვითარებული თვითმმართველობა, ხელისუფლების დანაწილება და ა.შ. სამოქალაქო საზოგადოება არის ქვეყნის ხელისუფლებისაგან მოსახლეობის დამოუკიდებელი ნაწილი – მოიცავს არასამთავრობო ორგანიზაციებს, გაერთიანებებს, რომელთაც მოქალაქენი ქმნიან საკუთარი კერძო ინტერესებისა და მიზნების განსახორციელებლად, რომლებიც არ უპირისპირდებიან საზოგადოებრივს.

Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] – თბ., 2004 – 483გვ.: ცხრ.; 24სმ. – (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). – ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]

….

….

იურიდიული ენციკლოპედია www.gen.ge-ზე

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……