სამხედრო სამსახურზე უარის თქმა მრწამსის გამო

სამხედრო სამსახურზე უარის თქმა მრწამსის გამო

E. Conscientious objection

მრწამსის გამო სამხედრო სამსახურზე უარის თქმის უფლება საქართველოს კანონმდებლობითა და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული აზრის, სინდისისა და რელიგიის თავისუფლების უფლების ფუნდამენტური ასპექტია. ევროპის საბჭოს წევრი სახელმწიფოს უმრავლესობამ გაითვალისწინა მრწამსის გამო სამხედრო სამსახურზე უარის თქმის უფლება თავიანთ კონსტიტუციებსა თუ კანონმდებლობაში. \nევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა თავის 1987 წელს მიღებულ რეკომენდაციაში აღნიშნა, რომ: ,,ნებისმიერ სამხედროვალდებულ პირს, რომელიც მრწამსის გამო უარს აცხადებს იარაღის გამოყენებაზე, აქვს უფლება, განთავისუფლდეს ასეთი სამსახურის გავლის ვალდებულებისაგან, დადგენილი პირობების გათვალისწინებით. ასეთ პირობებს შეიძლება დაეკისროს ალტერნატიული სამსახურის შესრულება“. \nსამხედრო სამსახურზე უარის თქმა მრწამსის გამო შეიძლება მოხდეს როგორც რელიგიური, ისე არარელიგიური მოტივით. არარელიგიური მოტივით ასეთ სამსახურზე უარის თქმა შეიძლება განპირობებული იყოს პაციფისტური მსოფლმხედველობით. \nთუმცა მრწამსის გამო სამხედრო სამსახურზე უარი არ ანიჭებს პირს უფლებას. განთავისუფლდეს სამოქალაქო სამსახურისაგან. პირს შეიძლება დაეკისროს მისი გავლა როგორც სამხედრო სამსახურის შემცვლელისა. ამდენად, სახელმწიფოს შეუძლია, დაესწროს სამოქალაქო სამსახურის გავლა და დააკისროს პასუხისმგებლობა მათ, ვინც უარს აცხადებს, გაიაროს ეს სამსახური. \nსაქართველოს კანონმდებლობა აღიარებს მრწამსის გამო სამხედრო სამსახურზე უარის თქმის უფლებას. იმ პირთა სამართლებრივი მდგომარეობა, რომლებიც უარს აცხადებებნ სამხედრო სამსახურზე მრწამსის გამო, წესრიგდება საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებით სპეციალური კანონი ,,არასამხედრო, ალტერნატიულიშრომითი სამსახურის შესახებ“ არეგულირებს სამხედრო ვალდებულების არასამთავრობო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის ფორმით მოხდასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს. \nკანონი განსაზღვრავს არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურს, როგორც საზოგადოებრივად სასარგებლო სამოქალაქო სამსახურს, რომელიც ცვლის სამხედრო სამსახურს და ემყარება სამხედრო ვალდებულებების სამხედრო სამსახურის ფორმით მოხდაზე უარის თქმის დასაბუთებას სინდისის, აღმსარებლობისა და რწმენის თავისუფლების საფუძველზე. არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურში გაწვევას აწარმოებს მოქალაქეთა სამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურში გაწვევის სახელმწიფო კომისია. \nსამხედროვალდბული საქართველოს მოქალაქე (ე.ი. პირი 18-დან 27 წლამდე), რომელიც აზრის, სინდისის ან რელიგიის გამო უარს აცხადებს სამხედრო სამსახურზე, გაიწვევა არასამხედრო, ალტერნატიულ სამსახურში. პირები, რომლებიც გადიან არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურს, დაკავებულნი არიან ისეთი საქმიანობით, რომელიც დაკავშირებულია საავარიო-სამაშველო და ხანძარსაწინააღმდეგო ღონისძიებებთან, ეკოლოგიასთან, მშენებლობასთან, სოფლის მეურნეობასთან, ჯანმრთელობასა და კომუნალურ მომსახურებასთან \nსაქართველოს კანონმდებლობა არ მიჯნავს იმ პირთა სხვადასხვა კატეგორიას, რომლებიც უარს აცხადებენ სამხედრო სამსახურზე მრწამსის გამო, იმის მიხედვით, თუ ვინ შეიძლება განთავისუფლდეს სამხედრო სამსახურისაგან და შეასრულოს არასამხედრო, ალტერნატიული სამსახური საქართველოს კანონმდებლობა არ იზიარებს ზოგიერთი სახელმწიფო მიდგომას, რომ მხოლოდ იაჰვეს მოწმეები თავისუფლდებიან სამხედრო სამსახურისგან. ამდენად, საქართველოს ყველა მოქალაქე, რომლებიც უარს აცხადებენ სამსახურის გავლაზე აზრის, სინდისის ან რელიგიის გამო (და არა მხოლოდ იაჰვეს მოწმეები). თავისუფლება სამხედრო სამსახურისაგან და გადის არასამხედრო, ალტერნატიულ სამსახურს. \nკანონის მიხედვით, არასამხედრო, ალტერნატიული შრომით სამსახურის ვადაა 18 თვე უმაღლესი განათლების მქონე პირებისათვის, ხოლო 24 თვე უმაღლესი განათლების არმქონე პირებისათვის. აღსანიშნავია, რომ ,,სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შჶსახებ“ კანონის მიხედვით. სამხედრო სამსახურის ვადაა 12 თვე უმაღლესი განათლების მქონე პირებისათვის და 24 თვე უმაღლესი განათლების არმქონე პირებისათვის. \nკანონი დეტალურად განსაზღვრავს წესებს, პროცედურებსა და პირობებს, რომლებიც გამოიყენებიან არასამხედრო, ალტერნატიული სამსახურის მიმართ, მათ შორის სამხედრო სამსახურისგან განთავისუფლების შჶსახებ განაცხადთა განხილვასთან დაკავშირებით. პირს, რომელიც ითხოვს არასამხედრო, ალტერნატიული სამსახურის გავლას უფლება აქვს, დაესწროს იმ კომისიის სხდომას, რომელიც წყვეტს ამ საკითხს და დაასაბუთოს თავისი მოსაზრება. არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურში გაწვევის ან გაწვევაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს და შესაბამის ბრძანებას გამოსცემსსაქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურში გაწვევის სახელმწიფო კომისიის დასკვნის საფუძველზე. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში 10 დღის განმავლობაში. სასამართლო ვალდებულია, 10 დღის განმავლობაში განიხილოს საკითხი და გამოიტანოს გადაწყვეტილება მინისტრის ბრძანების ძალაში დატოვების ან გაუქმების შესახებ \nსაქართველოს კანონმდებლობა ითვალისწინებს სამართლებრივ პასუხისმგებლობას არასამხედრო, ალტერნატიული სამსახურის გაცდენის ან მისტვის თავის არიდებისათვის. ,,არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის შესახებ“ კანონი ადგენს, რომ არასამხედრო, ალტერნატიული სამსახურის გაცდენილი დღეები გაორმაგდება. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი ასევე ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას ალტერნატიული შრომითი სამსახურისაგან თავის არიდებისათვის.

Source: ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალი : ლექსიკონი-ცნობარი / [ავტ.: ლ. ალექსიძე (რედ.), ლ. გიორგაძე, მ. კვაჭაძე და სხვ.] – თბ., 2005 – 283გვ. ; 23სმ. – ISBN 99940-0-877-3 : [ფ.ა.]

….

….

იურიდიული ენციკლოპედია www.gen.ge-ზე

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……