სასამართლოს მეგობარი (Amicus Curiae)

ბლოგის  ადმინის  ნებართვით  აღებულია  ბლოგიდან    https://geolaw.wordpress.com

,,სასამართლოს  მეგობრის”  ინსტიტუტი,  რომელიც  ცნობილია  ლათინური  ტერმინით  “Amicus  Curiae”,  წარმოადგენს  სიახლეს  ქართული  სისხლის  საპროცესო  სამართლისთვის.  იგი  თავდაპირველად  ამერიკის  შეერთებულ  შტატებში  დაინერგა  და  დღემდე  დიდი  წარმატებით  მოქმედებს.  მოგვიანებით  ეს  ინსტიტუტი  კონტინენტური  ევროპის  სამართლებრივი  სისტემის  მქონე  ქვეყნებში  ამუშავდა,  რომელსაც  წარმატებით  იყენებს  ასევე  ადამიანის  უფლებათა  ევროპული  სასამართლო.  საქართველოში  ,,სასამართლოს  მეგობარი”  პირველად  დაინერგა  საქართველოს  საკონსტიტუციო  სასამართლოს  საქმიანობაში  2009  წელს  კანონმდებლობაში  განხორციელებული  ცვლილებების  შედეგად.  ახალი  სისხლის  სამართლის  საპროცესო  კოდექსის  ამოქმედებასთან  ერთად  2010  წლის  1  ოქტომბრიდან  აღნიშნული  ინსტიტუტი  ამოქმედდა  ასევე  სისხლის  სამართლის  მართლმსაჯულებაში.

,,სასამართლოს  მეგობრის”  ინსტიტუტის  მიზანია,  რომ  პირს  ან  პირთა  ჯგუფს,  რომელთა  ინტერესის  სფეროში  შედის  სასამართლოში  განსახილველი  საკითხი,  მაგრამ  ის  არ  არის  რომელიმე  მხარე,  შეეძლოს  სასამართლოსთვის  თავისი  არგუმენტების  წარდგენა  და  პროცესში  უშუალოდ  ჩართვა.  შესაბამისად,  სასამართლოს  მეგობარი  შეიძლება  იყოს  ნებისმიერი  კერძო  პირი,  სხვადასხვა  დარგის  სპეციალისტი,  მეცნიერი,  არასამთავრობო  ორგანიზაციის  წარმომადგენელი,  სტუდენტი,  სახელმწიფო  უწყების  წარმომადგენელი  და  ა.შ.  სასამართლოს  მეგობარი,  როგორც  წესი,  არის  კვალიფიციური  პირი,  რომლის  მოსაზრებებმაც,  შეიძლება,  სასამართლოს  გაუწიოს  დახმარება.  ამგვარად,  აღნიშნულ  ინსტიტუტს  შეუძლია,  დადებითი  გავლენა  მოახდინოს  სასამართლოს  გადაწყვეტილებების  ხარისხის  ამაღლებაზე,  რადგან  სასამართლო  უფრო  მეტ  წყაროს  ეყრდნობა.  გარდა  ამისა,  იგი  ხელს  უწყობს  საზოგადოების  უფრო  მეტ  ჩართულობას  სისხლის  სამართლის  მართლმსაჯულების  განხორციელების  პროცესში,  რაც  კიდევ  უფრო  მეტად  ზრდის  სასამართლოს  გადაწყვეტილების  მიმართ  ნდობის  ხარისხს  და  ამყარებს  საზოგადოებისა  და  სასამართლოს  შორის  კავშირს.

მოქმედი  სისხლის  სამართლის  საპროცესო  კანონმდებლობის  მიხედვით,  სასამართლოს  მეგობარი  წარმოადგენს  სისხლის  სამართლის  პროცესის  ერთ-ერთ  მონაწილეს.  მნიშვნელოვანია,  რომ  სასამართლოს  მეგობარი  ვერ  იქნება  ის  პირი,  რომელიც  პროცესში  წარმოადგენს  მხარეს  ან  გვევლინება  პროცესის  სხვა  მონაწილედ.  სსსკ-ის  55-ე  მუხლის  თანახმად,  დაინტერესებულ  პირს,  რომელიც  არ  არის  მხარე  განსახილველ  სისხლის  სამართლის  საქმეში,  უფლება  აქვს,  საქმის  არსებით  განხილვამდე  არანაკლებ  5  დღით  ადრე  სასამართლოს  წარუდგინოს  საკუთარი  წერილობითი  მოსაზრება  ამ  საქმესთან  დაკავშირებით,  რისი  მიზანიც  უნდა  იყოს  არა  პროცესის  რომელიმე  მონაწილის  მხარდაჭერა,  არამედ  სასამართლოს  დახმარება  და  განსახილველი  საკითხის  სათანადოდ  შეფასება.  თუ  სასამართლო  მიიჩნევს,  რომ  წერილობითი  მოსაზრება  არ  არის  შედგენილი  კანონის  მოთხოვნათა  დაცვით,  იგი  მას  არ  განიხილავს.  ამასთან,  სასამართლო  არ  არის  ვალდებული,  გაიზიაროს  წერილობით  მოსაზრებაში  მოყვანილი  არგუმენტები.  სასამართლოს  მეგობრის  მიერ  წარმოდგენილი  წერილობითი  მოსაზრება  მოცულობით  არ  უნდა  აღემატებოდეს  30  გვერდს.  იგი  შედგენილ  უნდა  იქნეს  3  ასლად,  რომელთაგან  2  გადაეცემა  მხარეებს,  ხოლო  1  რჩება  მოსამართლესთან.  სასამართლო  უფლებამოსილია,  საკუთარი  ინიციატივით  ან/და  მხარის  და  წერილობითი  მოსაზრების  ავტორის  წინასწარი  თანხმობით  საქმის  არსებით  განხილვაზე  გამოიძახოს  წერილობითი  მოსაზრების  ავტორი  ზეპირი  განმარტების  მისაცემად.