საქართველოს კანონი მოქალაქეობის შესახებ

საქართველოს კანონი მოქალაქეობის შესახებ

E. Georgian Law on Citizenship

მიღებული იქნა 25.III.1993. კანონი არეგულირებს საქართველოს მოქალაქეობის შეძენის, მოქალაქეობიდან გასვლის, მოქალაქეობის შეწყვეტის, აღდგენის წესსა და პროცედურებს. კანონი აღიარებს და განამტკიცებს საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებს. იგი, საერთაშორისო სამართლისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, უზრუნველყოფს საქართველოს მოქალაქის უფლებათა დაცვას როგორც ქვეყანაში, ისე მის ფარგლებს გარეთ. კანონით დადგენილი ერთიანი მოქალაქეობა, ანუ აკრძალულია ორმაგი მოქალაქეობა (იხ. ბიპატრიზმი). კანონის თანახმად, არავის არ შეიძლება ჩამოერთვას საქართველოს მოქალაქეობა. საქართველოს მოქალაქეობის შეძენა შესაძლებელია: დაბადებით, საქართველოს მოქალაქეობის მიღებით (ნატურალიზაციით), საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული საფუძვლით, საქართველოს მოქალაქეობის აღდგენით. კანონის მე-11 მუხლი აღიარებს სისხლის პრინციპით (იხ. ,,სისხლის პრინციპი“ მოქალაქეობის შეძენისა) საქართველოს მოქალაქეობის მიღების უფლებას. კერძოდ, ბავშვი რომლის ორივე მშობელი მისი დაბადების მომენტისათვის საქართველოს მოქალაქეა, საქართველოსმოქალაქედ ითვლება დაბადების ადგილის მიუხედავად. კანონი არეგულირებს ისეთ შემთხვევებსაც, როდესაც ბავშვის მშობლები სხვადასხვა სახელმწიფოს მოქალაქეები არიან. კერძოდ, თუ ბავშვის ერთ-ერთი მშობელი საქართველოს მოქალქეა, ბავშვი ჩაითვლება საქართველოს მოქალაქედ, თუ: დაიბადა საქართველოს ტერიტორიაზე; დაიბადა საქართველოს ფარგლებს გარეთ, მაგრამ მის ერთ-ერთ მშობელს მუდმივი საცხოვრებელი აქვს საქართველოს ტერიტორიაზე; ერთ-ერთი მშობელი ბავშვის დაბადების მომენტისათვის, დაბადების ადგილის მიუხედავად, საქართველოს მოაქალაქეა, ხოლო მეორე – მოქალაქეობის არმქონე პირი. კანონი ითვალისწინებს ნიადაგის პრინციპით (იხ.,,ნიადაგის პრინციპი“ მოქალაქეობის შეძენისა) მოქალაქეობის მოპოვების რამდენიმე შემთხვევას. მაგალითად, საქართველოს ტერიტორიაზე ნაპოვნი ბავშვი, რომლის მშობლები უცნობია, ჩაითვლება საქართველოს მოქალაქედ, სანამ სხვა რამ არ დადგინდება (მე-15 მუხლი). სრულწლოვან უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს, ნატურალიზაციით საქართველოს მიღება შეუძლია, თუ იგი აკმაყოფილებს კანონით დადგენილ შემდეგ მოთხოვნებს: მუდმივად ცხოვრობს საქართველოს ტერიტორიაზე უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში; დადგენილ ფარგლებში იცის სახელმწიფო ენა; დადგენილ ფარგლებში იცის საქართველოს ისტორია და კანონმდებლობა; საქართველოში აქვს მუდმივი სამუშაო ადგილი ან რაიმე უძრავი ქონება. კანონი ითვალისწინებს ნატურალიზაციის გაადვილებულ პროცედურას – საქართველოს პრეზიდენტს უფლება აქვს, გამონაკლისის სახით, ნატურალიზაციით მოქალაქეობის მიღების პირობების დაუცველად, საქართველოს მოქალაქედ მიიღოს პირი, თუ: საქართველოსა და კაცობრიობის წინაშე აქვს განსაკუთრებული დამსახურება თავისი სამეცნიერო-საზოგადოებრივი საქმიანობით, აქვს პროფესია და კვალიფიკაცია, რომლითაც დაინტერესებულია საქართველო, მისი მიღება გამომდინარეობს სახელმწიფო ინტერესებიდან. სკმშ ითვალისწინებს მოქალაქეობის მიღებას ოპტაციის წესით (იხ. ოპტაცია) და საერთაშორისო ხელშეკრულებების საფუძველზე, აგრეთვე სხვა საფუძვლებით (რაც გულისხმობს ბავშვის მოქალაქეობის მოპოვებისა და შეცვლის წესს). მაგალითად, ორივე მშობლის მოქალაქეობის შეცვლა იწვევს 14 წლამდე ასაკის ბავშვის მოქალაქეობის შეცვლას, 140დან 18 წლამდე ასაკის ბავშვის მოქალაქეობის შეცვლა შეიძლება მხოლოდ მისი თანხმობით და სხვა. კანონის მიხედვით, საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის საფუძვლებია: საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლა (კანონი ადგენს იმ შემთხვევებს, როდესაც პირს შეიძლება უარი ეთქვას საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლაზე), საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვა (თუ პირი საქართველოს კომპეტენტური ორგანოების ნებართვის გარეშე შევა სახელმწიფოს სამხედრო სამსახურში, პოლიციაში, იუსტიციის ოგანოებში და მმართველობის სხვა ორგანოებში; მუდმივად ცხოვრობს სხვა სახელმწიფოში და არასაპატიო მიზეზით არ დადგა საკონსულო აღრიცხვაზე 2 წლის განმავლობაში; მიიღო სხვა სახელმწიფოს მოქალაქეობა); საქართველოს მოქალაქეობა შეიძინა ყალბი დოკუმენტებით: საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და ორგანული კანონით გათალისწინებულია სხვა შემთხვევები. მაგ: 14 წელს მიღწეული ბავშვის მშობლების საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლა იწვევს ბავშვის მოქალაქეობის შეცვლას. საქართველოს მოქალაქეობის აღდგენა შესაძლებელია, თუ პირს მოქალაქეობა შეუწყდა: მოქალაქეობის არამართლზომიერი შეწყვეტის შედეგად; მოქალაქეობის გასვლის შდეგად. საქართველოს მოქალაქეობის შეძენისა და შეწყვეტის საკითხებთან დაკავშირებულ გადაწყვტილებებს იღებს საქართველოს პრეზიდენტი. კანონი განსაზღვრავს საქართველოს მოქალაქეობი შესახებ საქმეთა გადაწყვეტის წესს \nსაქართველოს კონსტიტუციის მე-6 მუხლზე დაყრდნობით, აღიარებულია საერთაშორისო ხელშეკრულებების პრიორიტეტი მოქალაქეობის შესახებ შიდასახელმწიფოებრივ ნორმებთან მიმართებით. თუ საერთაშორისო ხელშეკრულებებში, რომლის მონაწილეც არის საქართველო, დადგენილია მოქალაქეობის შესახებ საქართველოს შიდასახემწიფოებრივი ნორმატიული აქციებისაგან განსხვავებული წესი, გამოიყენება საერთაშორისო ხელშეკრულებების ნორმები, თუკი ისინი არ ეწინააღმდეგებიან საქართველოს კონსტიტუციას. საქართველოს მოქალაქეობის საკითხებს არეგულირებს კონსტიტუციის მე-12 და მე-13 მუხლები \nსაქართველოში არ არსებობს ორმაგი მოქალაქეობა, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც საქართველოს პრეზიდენტი ანიჭებს საქართველოს მოქალაქეობას უცხო სახელმწიფოს მოქალაქეს, რომელსაც საქართველოს წინაშე აქვს განსაკუთრებული დამსახურება, ან მისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება გამომდინარობს სახელმწიფო ინტერესებიდან (საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტის ცვლილება 06.02.2004 #3272 – სსმ#2, მე-5 მუხ.).

Source: ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალი : ლექსიკონი-ცნობარი / [ავტ.: ლ. ალექსიძე (რედ.), ლ. გიორგაძე, მ. კვაჭაძე და სხვ.] – თბ., 2005 – 283გვ. ; 23სმ. – ISBN 99940-0-877-3 : [ფ.ა.]

….

….

იურიდიული ენციკლოპედია www.gen.ge-ზე

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……