საშემოსავლო გადასახადის საგადასახადო შეღავათი

საშემოსავლო გადასახადის საგადასახადო შეღავათი

E. exemption from income tax

საშემოსავლო გადასახადით არ იბეგრება ფიზიკურ პირთა შემოსავლების შემდეგი სახეები:

1. ა) არარეზიდენტის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე უცხოეთის დიპლომატიურ და მასთან გათანაბრებულ დაწესებულებებში დაქირავებით მიღებული შემოსავლები;

ბ) ფიზიკური პირისგან ჩუქებით ან მემკვიდრეობით მიღებული ქონების ღირებულება;

გ) გრანტი, სახელმწიფო პენსია, სახელმწიფო სტიპენდია და სახელმწიფო დახმარება;

დ) ალიმენტი;

ე) ბიუჯეტის ხარჯზე გაწეული მატერიალური დახმარება და ერთჯერადი განაცემი;

ვ) შემოსავალი, მიღებული ფიზიკური პირის მიერ იმ საკუთარი წარმოების სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის რეალიზაციით, რომელიც წარმოებულია მოცემული პირის კერძო მეურნეობებში მის სამრეწველო გადამუშავებამდე;

ზ) ფიზიკური პირის მიერ მატერიალური აქტივების რეალიზაციით მიღებული ნამეტი, გარდა სამეწარმეო საქმიანობისთვის გამოყენებული აქტივების რეალიზაციით მიღებული ნამეტისა;

თ) საბიუჯეტო ორგანიზაციების მოსამსახურეთა სპეციალური ფორმის ტანსაცმლის ღირებულების ფულადი ანაზღაურება;

ი) ფიზიკური პირისათვის (დონორისათვის გაღებული სისხლის საკომპენსაციო კვებისათვის გაცემული თანხა;

კ) ფიზიკური პირის მომსახურებისათვის გაცემული შრომის დაცვისათვის აუცილებელი საშუალებები, რომლებიც განსაზღვრულია საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის 146-ე და 147-ე მუხლებით და შრომის მავნეპირობებიან სამუშაოზე და ცხელ საამქროებში მუშებსა და მოსამსახურეებზე დადგენილი ნორმით გაცემული კვების პროდუქტები და გაზიანი მარილიანი წყალი საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის 148-ე და 149-ე მუხლების შესაბამისად;

ლ) ოლიმპიურ თამაშებშიმსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატებში გამარჯვებისა და საპრიზო ადგილების დაკავებისათვის სპორტსმენების და მათი მწვრთნელების მიერ მიღებული ფულადი და სხვა სახის ჯილდოები, დაფინანსებული სახელმწიფოს მიერ;

მ) საქართველოს სახელმწიფო სახაზინო ვალდებულებების რეალიზაციით მიღებული ნამეტი;

ნ) ფიზიკური პირის მიერ ხელფასის სახით ანდა ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავლის 30 პროცენტი, მაგრამ არა უმეტეს 1200 ლარისა წელიწადში, რომელიც მიმართულია არასახელმწიფო საპენსიო და ნებაყოფლობით სამედიცინო დაზღვევის განსახორციელებლად.

ამასთან მიზნობრივად გამოყენების პერიოდის დადგომამდე (საპენსიო ასაკის მიღწევა ან სხვა შესაბამისი სადაზღვევო შემთხვევის დადგომა აღნიშნული თანხის უკან გატანის შემთხვევაში მისი დაბეგვრა განხორციელდება გაცემის წყაროსთანმოქმედი წესის შესაბამისად;

2. ამასთან ერთად საშემოსავლო გადასახადით არ იბეგრება ქვემოთ ჩამოთვლილი ფიზიკური პირების მიერ კალენდარული წლის განმავლობაში მიღებული დასაბეგრი შემოსავალი 3000 ლარამდე;

ა) ბავშვობიდან ინვალიდების და მხედველობის გამო I და II ჯგუფის ინვალიდების;

ბ) მეორე მსოფლიო ომისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლის მონაწილე საქართველოს მოქალაქეების;

გ) „ქართლის დედის“ საპატიო წოდება მინიჭებული პირების;

დ) მარტოხელა დედების;

ე) პირების, რომელთაც იშვილეს ბავშვი შვილად აყვანიდან ერთი წლის განმავლობაში;

ვ) პირების, რომლებმაც აღსაზრდელად (შვილობილად აიყვანეს ბავშვი;

3. I და II ჯგუფის ინვალიდების მიერ (გარდა მხედველობის გამო I და II ჯგუფის ინვალიდებისა) კალენდარული წლის განმავლობაში მიღებული დასაბეგრი შემოსავალი 1500 ლარამდე; მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრები მრავალშვილიანი (სამი და მეტი შვილი) პირი თავისუფლდება საშემოსავლო გადასახადისგან, თუ მისი წლიური შემოსავალი 3000 ლარზე ნაკლებია, ხოლო ერთ და ორშვილიან პირს საშემოსავლო გადასახადი უმცირდება 50%-ით (საქართველოს „საგადასახადო კოდექსი“, მუხლი 43).

Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] – თბ., 2004 – 483გვ.: ცხრ.; 24სმ. – (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). – ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]

….

….

იურიდიული ენციკლოპედია www.gen.ge-ზე

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……