სიმბოლური ინტერაქციონიზმი

სიმბოლური ინტერაქციონიზმი

მოიაზრება ფუნქციონალიზმისა და სოციალურ სისტემათა – განსაკუთრებით, პარსონის – თეორიის ალტერნატივად. იგი მიკროსოციოლოგიური თეორიაა, ვინაიდან უარს ამბობს სისტემურ მიდგომაზე და ანალიზის კონცენტრირებას ახდენს ერთეულ აქტებსა და მათ შორის ინტერაქციაზე. აღნიშნული მიდგომა ჩამოყალიბდა პირველ და მეორე მსოფლიო ომებს შორის პერიოდში. მისი წარმოშობა დაკავშირებულია „ჩიკაგოს სკოლასთან“ (ჯ. მიდი, ჩ. კული). ს. ი. ეყრდნობა სამ ძირითად წინამძღვარს (ჰ. ბლუმერი): 1. ადამიანები საგნების მიმართ მოქმედებენ იმ მნიშვნელობების საფუძველზე, რომლებიც ამ საგნებს მათთვის აქვს. ამრიგად, სოციალური სამყარო შედგება იმ მნიშვნელობებისაგან, რომლებსაც ადამიანები მოვლენებს მიაწერენ; 2. საგანთა მნიშვნელობები მიიღება სოციალური ინტერაქციებიდან, რომელთაც ადამიანები ერთმანეთთან ამყარებენ; 3. ეს მნიშვნელობები განიმარტება და მოდიფიცირდება ინტერპრეტაციული პროცესების წყალობით: აქტორი არჩევს, ამოწმებს, ეჭვი შეაქვს გადააჯგუფებს და სახეს უცვლის მნიშვნელობებს იმ სიტუაციის შესაბამისად, რომელშიც ის იმყოფება. სიმბოლური ინტერაქციის დროს ინდივიდები ავტომატურად კი არ რეაგირებენ სხვათა ჟესტებზე, არამედ ახდენენ მათ ინტერპრეტაციას, ანუ აძლევენ მათ მნიშვნელობებს. ინდივიდებს შორის ურთიერთგაგებას უზრუნველყოფს ის, რომ ჟესტი იგივეობრივი მნიშვნელობის მქონეა როგორც იმ ადამიანისათვის რომელიც მას იყენებს (წარმოადგენს), ასევე იმისათვის, ვისკენაც ეს ჟესტები მიმართულია. ძრითად ჟესტებს (სიმბოლოებს) შეადგენს ენობრივი ნიშნები. ინტერაქციის პროცესში მყოფი ადამიანები მხედველობაში იღებენ იმას, თუ რას აკეთებენ სხვები და საკუთარ ქცევას აგებენ სხვათა ქმედებების გათვალისწინებით. აქედან გამომდინარე, ინდივიდები იძულებულნი არიან აითვისონ სხვათა როლები. სოციალური ინტერაქცია როლების ორმხრივ ათვისებას წარმოადგენს. ს. ი–ს აკრიტიკებენ იმისთვის, რომ იგი ჯეროვან ყურადღებას არ აქცევს იმ ობიექტურ ფაქტორებს, რომლებიც გავლენას ახდენს და ზღუდავს ინდივიდის მოქმედებებს.

See also: სელფი, ჩიკაგოს სკოლა

Source: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] – თბ. : ლოგოს პრესი, 2004 – 351გვ. ; 20სმ. – (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). – ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]

….

….

იურიდიული ენციკლოპედია www.gen.ge-ზე

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……