სკოლის კათედრა

სკოლის კათედრა

სკოლის კათედრა ამავე სკოლის საგნობრივი ჯგუფის ყველა მასწავლებლის ერთობლიობის პირობითი სახელია. ყველა სკოლაში (სადაც ერთზე მეტი საგნის მასწავლებელია) სასურველია არსებობდეს საგნობრივი ჯგუფების მასწავლებელთა კათედრები. კათედრების მუშაობის ფუნქციებია:

• საგნობრივი ჯგუფის საგნის/საგნების სწავლების შეთანხმებული წარმართვა და შეფასება;

• ერთმანეთის გამოცდილების გაზიარება, წარმატებების წინაპირობების განსაზღვრა და პრობლემების გადაჭრის გზების ძიება;

• სახელმძღვანელოების შერჩევა;

• სხვა საგნობრივი ჯგუფების მასწავლებლებთან შეთანხმებული მუშაობა (მაგ. ისტორიასა და ქართულში საერთო თემატიკის შეთანხმება, ექსკურსიებზე საერთო დავალებების მოფიქრება და სხვა.);

• პროფესიული განვითარების გზების დასახვა;

• რეკომენდაციების შემუშავება დამხმარე სასწავლო მასალებისა და ბიბლიოთეკისთვის საჭირო წიგნების შესახებ;

• რეკომენდაციების შემუშავება ახალი მეთოდოლოგიებისა და მიდგომების შესახებ.

• შეფასების კომპონენტების და მათი წონების დადგენა.

კათედრის ეფექტური მუშაობისთვის სასურველია თავმჯდომარის არჩევა ერთი წლის ვადით. კათედრის მუშაობა ეფექტიანი იქნება, თუ მისი წევრები რეგულარულად შეიკრიბებიან.

სასწავლო წლის დასაწყისში გამართულ კათედრის შეხვედრაზე აუცილებელია საგნობრივი პროგრამების, შესაბამისი სახელმძღვანელოების და სასკოლო სასწავლო გეგმის განხილვა იმისთვის, რომ წინასწარ დაისახოს გეგმები: თუ რა საჭიროებები ექნებათ მასწავლებლებს წლის განმავლობაში; რა პრობლემების გადაჭრა იქნება აუცილებელი; რა რესურსების გამოყენება იქნება საჭირო ეფექტურად სწავლებისას და ა.შ.

ტრიმესტრების ბოლოს კათედრის სხდომისას ასევე უნდა გადაიხედოს საგანმანათლებლო სტანდარტის შესრულების მიმდინარეობა. ამ დროისთვის უნდა მოხდეს პრობლემების გამოვლენა და შეფასება, თუ რა ხარისხით იქნება შესაძლებელი ყველა მოსწავლისთვის საგნობრივ პროგრამებში აღწერილი შედეგების მიღწევა.

Source: განმარტებითი ლექსიკონი/ეროვნ. სასწ. გეგმებისა და შეფასების ცენტრი. – [თბ., 2008]. – 20სმ. [MFN: 76027] ნაწ. 1: განათლების სპეციალისტებისათვის / [წიგნზე მუშაობდნენ: სიმონ ჯანაშია და სხვ.]. – [2008]. – 56გვ.. – ბიბლიოგრ.: გვ. 54-56. – ISBN: 978-9941-0-0541-1 (ყველა ნაწ.), ISBN: 978-9941-0-0542-8 (ნაწ. 1) : [ფ.ა.][MFN: 95118]

….

….

იურიდიული ენციკლოპედია www.gen.ge-ზე

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……