სოციალური დიფერენციაცია

სოციალური დიფერენციაცია

საყოველთაო მნიშვნელობით ეს ცნება აღნიშნავს ყოველგვარი სოციალური სტრუქტურისა და წარმონაქმნის დანაწევრებას ცალკეულ ფუნქციონალურ და ტიპობრივ ელემენტებად. ს.დ-ის, როგორც სოციოლოგიური ცნების შესახებ საკითხი პირველად ჰ. სპენსერმა (1820-1903) დააყენა. სპენსერის აზრით, ყველა ორგანიზმისა და მათ შორის საზოგადოების, „სუპერორგანიზმის“, განვითარება მიმდინარეობს „პროგრესირებადი ინტეგრაციისა“ და „პროგრესირებადი დიფერენციაციის“ მეშვეობით, რასაც „ერთმანეთზე არადამოკიდებული ჰომოგენურობიდან“ "ერთმანეთზე დამოკიდებული ჰომოგენურობის" მდგომარეობისაკენ მივყავართ. ამ ორივე მდგომარეობის აღსაწერად დიურკემი იყენებს „მექანიკური“ და „ორგანული“ სოლიდარობის ცნებას. ევოლუციის მიმართ ნეიტრალური სოციოლოგები, ჩვეულებრივ, „სეგმენტურ” და „ფუნქციონალურ” დიფერენციაციას უსვამენ ხაზს. სპენსერი ერთმანეთისაგან განასხვავებს სტრუქტურულ (სოციალური პოზიციების რაოდენობისა და მრაველფეროვნების მატება) და ფუნქციონალურ დიფერენციაციას (მრავალგვარი, ერთმანეთს დაკავშირებული და ერთმანეთზე მიმართული ფუნქციების წარმოქმნა). ს.დ-ის საყოველთაო მიზანს იგი სოციალური სისტემების ერთმანეთთან შეწყობის პროგრესირებადი უნარის გაუმჯობესებაში ხედავდა. ს.დ-ის საკითხებს ეხებოდა გეორგ ზიმელიც (1858-1918). მასთან და ასევე მაქს ვებერთან (1864-1920) საუბარია დიფერენციაციის პროცესის მრავალმნიშვნელობაზე, კონფლიქტურობასა და ურთიერთდაპირისპირებულობაზე. ზიმელი, შრომაში „ფულის ფილოსოფია“, აღნიშნავდა, რომ ფული, როგორც გაცვლის საყოველთაო საშუალება ხელს უწყობს ს.დ-ს და შესაბამისად, ინდივიდუალიზაციასაც. ს.დ-ს, როგორც ევოლუციის მექანიზმს, განიხილავს სისტემების უახლესი თეორიაც, მაგ., ტ. პარსონსი (1902-1979) ს.დ–სთან დაკავშირებით ლაპარაკობს გაცვლის, ინტეგრაციისა და ინტერპენეტრაციის (ურთიერთშეღწევის) შესახებ. ნიკლას ლუმანთან (1927-1998) სოციალური სტრატიფიკაციის (შესაბამისად დიფერენციაციის) ცნება ჩანაცვლებულია „სტრატიფიკაციული დიფერენციაციის“ ცნებით, რომელიც, დასავლური საზოგადოების მზარდი კომპლექსურობის შესაბამისად, სრულიად ფუნქციონალურ ფორმას იღებს.

Source: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] – თბ. : ლოგოს პრესი, 2004 – 351გვ. ; 20სმ. – (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). – ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]

….

….

იურიდიული ენციკლოპედია www.gen.ge-ზე

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……