სტრუქტურაციის თეორია

სტრუქტურაციის თეორია

დაკავშირებულია ენტონი გიდენსის სახელთან. თეორია მოწოდებულია, გადაჭრას ტრადიციული დუალიზმი – მოქმედება/სტრუქტურა. მისთვის ამოსავალი ხდება არა აღნიშნული დიქოტომიის რომელიმე წევრი, არამედ მათი მედიუმი – სოციალური პრაქტიკის (პრაქსისის) ცნება. ეს უკანასკნელი ფოკუსირდება არა მოქმედების შედეგზე, არამედ მოქმედების პროცესზე, რაც წარმოადგენს სოციალური ცხოვრების წარმოებას (ქმნადობას). სოციალური პრაქტიკა არის გზა, რომლის საშუალებითაც სუბიექტის აქტივობა ობიექტურ მოცემულობად იქცევა, მაგრამ რომელიც, თავისთავად აღებული, არც ერთია და არც მეორე. იმ შემთხვევაში, როდესაც პრაქტიკები მეორდება, ხდება პრაქტიკების კვლავწარმოება (რეპროდუქია), რაც სოციალური ინსტიტუტების (რუტინების) არსებობის პირობაა. სოციალური ინსტიტუტების ფარგლებში აქტორები თავიანთ ქცევას განიხილავენ როგორც თავისთავად ნაგულისხმევს (taken for granted), რაც გამორიცხავს სოციალური ცვლილებების შესაძლებლობას. ეს უკანასკნელი მოითხოვს ხანიერი სოციალური პრაქტიკის შეწყვეტას, ანუ პრაქტიკის ტრანსფორმაციას. როდესაც სოციალური ინსტიტუტების მოდელირება ხდება დროსა და სივრცეში, მაშინ სახეზეა სოციალური სისტემა. გიდენსი ამტკიცებს, რომ სოციალური პრაქტიკა ხორციელდება განსაზღვრული წესებისა და რესურსების საფუძველზე. წესებში იგულისხმება პროცედურული და მორალური პრინციპები. რაც შეეხება რესურსებს, გიდენსი გამოყოფს ორი ტიპის – მატერიალურ და ადმინისტრაციულ – რესურსებს. მატერიალური რესურსები იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ აქტორებმა გამოიყენონ მატერიალური ობიექტები: ტექნიკური იარაღები, წარმოების, გაცვლის საშუალებები, ნედლი მასალები და სხვ. ავტორიტეტული რესურსების საშუალებით აქტორები გავლენას ახდენენ პიროვნებებზე. მათ მიეკუთვნება სოციალური დროისა და სივრცის ორგანიზაცია, თვითგანვითარებისა თვითგამოხატვის შესაძლებლობები და სხვ. წესებსა და რესურსებს „შეაქვს“ სტრუქტურა სოციალური ცხოვრების ქმნადობის პროცესში. გიდენსი სტრუქტურას განსაზღვრავს სწორედ წესებისა და რესურსების თვალსაზრისით, რომლებიც შესაძლებელს ხდის მოქმედების განხორციელებას. თუმცა, სტრუქტურა არა მხოლოდ პრაქტიკათა კვლავწარმოების საშუალებაა, არამედ მისი შედეგიც: ყოველდღიურ ცხოვრებაში გარკვეული ქმედებების შესასრულებლად აქტორები იყენებენ სტრუქტურის, ანუ წესებისა და რესურსების შესახებ ცოდნას, როგორც საშუალებას, თუმცა, ამავე დროს, ახდენენ ამ ცოდნის, ე.ი. სტრუქტურის კვლავწარმოებას შედეგის სახით. ესაა სტრუქტურის დუალობის არსი. სტრუქტურა ანალიტიკური აბსტრაქციაა, რომელიც ვირტუალურად არსებობს როგორც „მეხსიერების ნაკვალევი“ . რეალურად არსებობს მხოლოდ სტრუქტურაციის დინამიკური პროცესი. ამ პროცესთან დაკავშირებულია კიდევ ერთი – რეფლექსურობის – ცნება. რეფლექსია წარმოადგენს იმ გზას, რომლის საშუალებითავ აქტორი საკუთარ მოქმედებას აკონსტრუირებს. გიდენსი მიუთითებს ორი ტიპის რეფლექსიაზე – აქტიურსა და პასიურზე. აქტიური რეფლექსია დისკურსიულია, ხოლო, პასიური – პრაქტიკული ცნობიერების დონეზე ხორციელდება. სტრუქტურის დუალობამ. გიდენსის აზრით, უნდა დაძლიოს დუალიზმი – მოქმედება/სტრუქტურა: სტრუქტურა არა მხოლოდ ქმნის მოქმედებას (ცალკე აღებული, სტრუქტურის პრიმატი), არამედ, იმავდროულად, კვლავ იქმნება მოქმედების პროცესში (ცალკე აღებული, მოქმედების პრიმატი). ამრიგად, მოქმედება და სტრუქტურა ურთიერთგანმაპირობებელი ფენომენებია.

See also: რეფლექსურობა, პრაქსისი

Source: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] – თბ. : ლოგოს პრესი, 2004 – 351გვ. ; 20სმ. – (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). – ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]

….

….

იურიდიული ენციკლოპედია www.gen.ge-ზე

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……