ტრადიცია

ტრადიცია

ტერმინი აღნიშნავს იმ იდეებს, პოლიტიკურ პრაქტიკასა და ინსტიტუტებს, რომლებმაც დროის გამოცდას გაუძლეს და საზოგადოებას წინა ეპოქებიდან გადმოეცა მემკვიდრეობით. ამასთან იოლი არ არის გავარკვიოთ, თუ რამდენად გამძლე უნდა იყოს ესა თუ ის მოვლენა საიმისოდ, რომ იგი ტ-დ ჩაითვალოს. ტ., ამ სიტყვის ჩვეულებრივი გაგებით, აღნიშნავს განგრძობითობას, მემკვიდრეობითობას თაობებს შორის. მიუხედავად იმისა, რომ ტრადიციულსა და თანამედროვეს შორის საზღვრების მონიშვნა ყოველთვის იოლი არ არის, პროგრესსა და რეაქციასთან შეპირისპირებით ტრადიცია სავსებით გამოკვეთილ სახეს იღებს. კერძოდ, თუ პროგრესი წინსვლას წარსულზე დაშენებას ნიშნავს, ხოლო რეაქცია საათის ისრების უკან დაბრუნებას, ტ., უპირველეს ყოვლისა, წარსულის შენარჩუნებას ან განგრძნობას მოითხოვს. სოციოლოგიური თვალსაზრისით, ტ-ები სოციალური ან კულტურული მემკვიდრეობის ელემენტებია, რომლებიც თაობიდან თაობას გადაეცემა და სოციალურ ჯგუფში ხანგრძლივად შენარჩუნდება. ტრადიციის სახით გვევლინება გარკვეული საზოგადოებრივი დანაწესები, ნორმები და ქცევის წესები, დამოკიდებულებები კონკრეტული მორალური და ზნეობრივი ღირებულებებისადმი, ადათები და წეს-ჩვეულებები. ტ-ები განსხვავდება შინაარსით (იდეები, ნორმები და ა.შ.), ფუნქციებით (ტრადიციის არსი – ადათები და მათი ფორმა – წეს-ჩვეულებები ან რიტუალები), ყოფაში არსებობის ხასიათით (ზეპირი და წერილობითი ტ-ები), შეფასებითი თვალსაზრისით (დადებითი, ნეიტრალური და უარყოფითი), სოციალურ-ისტორიული პლანით (ხალხური და ელიტური) და სხვ. ტ. კულტურის მეტ-ნაკლებად მყარი სტერეოტიპული ნაწილია და ამ აზრით უპირისპირდება სიახლეებს (ინოვაციებს). მაგრამ ეს დაპირისპირება შედარებითია. არსებობს ტ-ისა და ნოვაციის ურთიერთქმედების 4 სტადია: ა) დაპირისპირება; ბ) თანაარსებობა; გ) პალიაცია (ურთიერთშერევა და კომპრომისული ფორმის წარმოქმნა); დ) ინოვაციის გადაქცევა ტ-ად. ამიტომ ტ-ის სიმყარეც შედარებითია, თუმცა, სწორედ ტ-ები განაპირობებს კულტურის მემკვიდრეობითობას და მისი მეტ-ნაკლებად სტაბილური ნაწილია. ეთნოლოგიასა და კულტუროლოგიაში ასე თუ ისე ერთიანი აზრი ტრადიციის როლზე სხვადასხვა ეპოქაში არ არსებობს. მიიჩნევენ, რომ ისტორიულ პროცესში ტრადიციის ნორმატიული როლი თანდათან მცირდება და მეტი ადგილი რჩება ინდივიდის ან ჯგუფის საკუთარ არჩევანს (მაგალითად, ეტიკეტისადმი დამოკიდებულება, რომლის დარღვევაც დიდხანს ისჯებოდა, მერე კი უბრალოდ გაკიცხვის საგანი გახდა).

Source: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] – თბ. : ლოგოს პრესი, 2004 – 351გვ. ; 20სმ. – (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). – ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]

E. tradition

L. traditio გადაცემა

1. ისტორიულად ჩამოყალიბებული და თაობიდან თაობებზე გადაცემული იდეები, შეხედულებები, ჩვევები, ქცევის წესები;

2. ჩვეულებები, რომლებიც წესრიგს ამყარებენ ადამიანთა ქცევასა და ყოფაში;

3. გადმოცემა, ზეპირი მონაყოლი, რომელიც თაობიდან თაობას გადაეცემა.

Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] – თბ., 2004 – 483გვ.: ცხრ.; 24სმ. – (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). – ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]

2. ტრადიცია – კულტურული ნორმები და ფასეულობები, რომლებსაც ადამიანები იღებენ მათი წარსულში სარგებლიანობის, ჩვევის გამო და რომლებიც შესაძლოა გადაეცეს მომავალ თაობებს. (სოც. და მარკ.კვლ.)    ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო  ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი. მოხმობილია საიტიდან
www.medgeo.net

….

….

იურიდიული ენციკლოპედია www.gen.ge-ზე

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……