ურთიერთობები ბინის მესაკუთრეთა შორის

ბლოგის  ადმინის  ნებართვით  აღებულია  ბლოგიდან    https://geolaw.wordpress.com

ზოგადად  მრავალბინიან  სახლებზე  უკვე  ვისაუბრე,  ეს  პოსტი  კი  უშუალოდ  მესაკუთრეთა  ურთიერთობებს  შეეხება.

ურთიერთობები    ბინის  მესაკუთრეთა  შორის  განისაზღვრება  ამ  კოდექსით,  მაგრამ  მესაკუთრეთა  შეთანხმებით  მათ  შორის  ურთიერთობები  შეიძლება  კოდექსის  ნორმებისგან  განსხვავებულად  მოწესრიგდეს,  მაგრამ    კოდექსის  ნორმებისგან  განსხვავებულ  შეთანხმებას  მესამე  პირთათვის  ძალა  არ  ექნება,  თუ  ასეთი  შეთანხმება  რეგისტრირებული  არ  არის  საჯარო  რეესტრში.  მესაკუთრეთა  მიერ  მიღებული  შეთანხმება  შემდგომში  მათ  მიერვე  შეიძლება  შეიცვალოს  და  გაუქმდეს.

ბინის  მესაკუთრეთა  ერთობლიობა  ქმნის  ერთგვარ  ამხანაგობას,  რომელიც  არ  წარმოადგენს  იურიდიულ  პირს.  თითოეული  მათგანი  ავტომატურად  ხდება  ამხანაგობის  წევრი.  მესაკუთრეს  არ  აქვს  უფლება  მოითხოვოს  ბინის  მესაკუთრეთა  ამხანაგობის  დაშლა.  ასეთი  მოთხოვნა  დასაშვებია  მაშინ,  როცა  შენობა  მთლიანად  ან  ნაწილობრივ  ინგრევა.

ბინის  მესაკუთრეს  შეუძლია  საკუთარი  სურვილისამებრ  გამოიყენოს  თავის  ინდივიდუალურ  საკუთრებაში  არსებული  შენობის  ნაწილები  და  გამორიცხოს  მათზე  სხვა  პირთა  ყოველგვარი  ზემოქმედება,  თუ  ამ  მოქმედებით  იგი  არ  ხელყოფს  კანონს  ან  მესამე  პირთა  უფლებით.

ბინის  მესაკუთრეებს  ეკისრებათ  გარკვეული  მოვალეობები:  ისინი  ვალდებულნი  არიან  ისეთ  მდგომარეობაში  შეინარჩუნონ  მათ  საკუთრებაში  არსებული  შენობის  ნაწილები,  რომ  ამით  არ  შეილახოს  მესაკუთრეთა  ერთად  ცხოვრების  წესები  და  არ  მიადგეთ  მათ  ზიანი.

ბინის  მესაკუთრემ  უნდა  ითმინოს  ზემოქმედებანი  მის  ინდივიდუალურ  საკუთრებაში  არსებულ  შენობის  ნაწილებსა  და  საერთო  საკუთრებაზე,  თუ  ეს  გადაუდებელ  საჭიროებას  წარმოადგენს.  მან  ასევე  უნდა  ითმინოს  ღონისძიებები,  რომლებიც  აუცილებელია  საკომუნიკაცია  და  მომარაგების  ობიექტების  მოასწყობად.  მესაკუთრე,  რომლის  სასარგებლოდაც  ტარდება  ამგვარი  ღონისჭიებბეი,  ვალდებულია,  აანაზღაუროს  ამ  დროს  წარმოშობილი  ზიანი.

შენობის  დანგრევის  შემთხვევაში,  როცა  ზიანი  არ  არის  დაზღვევით  ან  სხვა  საშუალებით  უზრუნველყოფილი,  ცალკეულ  მესაკუთრეებს  არ  შეიძლება  დაეკისროთ  მონაწილეობა  ამ  შენობის  აღდგენა  რეკონსტრუქციაში.  ამ  შემთხვევაში  ამხანაგობა  უქმდება.

თუ  ბინის  მესაკუთრემ  სხვა  ბინის  მესაკუთრეთა  წინაშე  თავისი  მოვალეობები  უხეშად  დაარღვია,  მაშინ  სხვა  მესაკუთრეებს  შეუძლიათ  მას  ბინის  გასხვისება  მოსთხოვონ.  გადაწყვეტილება  მიიღება  ხმათა  ორი  მესამედის  უმრავლესობით.  თუ  მესაკუთრე  არ  დაემორჩილება  მათ  გადაწყვეტილებას,  ამხანაგობის  წევრებს  შეუძლიათ  მიმართონ  სასამართლოს.

ბინის  მესაკუთრეები  ერთობლივად  წყვეტენ  ფინანსებთან  ასევე  შენობის  აღდგენის,  შინაგანწესის  მიღების,  შენობის  შენახვის  ხარჯებთან  დაკავშირებულ  საკითხებს.