ფლობა და ყოფნა

ფლობა და ყოფნა

ცნებები, რომლებიც გამოხატას ადამიანის ცხოვრების ორ განსხვავებულ წესს, ფორმასა და ორიენტაციას. ადამიანის ფლობის წესით ცხოვრება რაციონალისტური ორიენტაციით ხასიათდება, რომელიც საგანს განიხილავს სარგებლიანობის თვალსაზრისით. ამ მიმართულებით ორიენტირებული ადამიანი თავისი არსებობის საზრისს მოხვეჭაში, დაუფლებაში, გაბატონებაში ხედავს. იგი აფუძნებს ეგოიზმს და უშუალოდ უკავშირდება ადამიანის გაუცხოებას. ფლობაზე ორიენტირებული ადამიანისათვის საგნის თვისებრივი სიმდიდრე უგულვებელყოფილია, ნამდვილი ადამიანური ღირებულებები – დათრგუნული. ყოფნისეული ორიენტაცია კი ალტრუიზმს უკავშირდება. ამ მიმართულებით ორიენტირებული ადამიანი თავისი არსებობის საზრისს ხედავს არა ნივთის რაოდენობრივ დაუფლებაში, მოხვეჭასა და გაბატონებაში, არამედ ჭვრეტაში, გაგებაში, აღტაცებაში, ალტრუიზმსა და მშვენიერებაში. ამ ცნებების ყოველმხრივი ანალიზი მოცემული აქვს ერიხ ფრომს თავის წიგნში „ფლობა თუ ყოფნა?“ (1976), თუმცა, ეს ტერმინები მას არ შემოუტანია, ისინი ფრანგ ეგზისტენციალისტ თეოლოგ გ. მარსელთან არის დაკავშირებული. მისი მთავარი შრომა „ყოფნისა და ფლობის“ სახელს ატარებს; მარსელი ამ საკითხს იხილავდა ფილოსოფიური და თეოლოგიური პოზიციებიდან. თვად ფრომი კი – ანთროპოლოგიისა და სოციალური ფსიქოანალიზის საფუძველზე ასაბუთებს, რომ ეს ორი განსხვავებული ტენდენცია ყველა ადამიანშია და ერთდროულად არსებობს. ისინი ბიოლოგიურად დაჰყვება ადამიანს, მაგრამ შესაბამის სოციალურ გარემოში ერთი გაბატონდება როგორც ცხოვრების წესი, მეორე კი ითრგუნება. ადამიანთა არსებობის ეს ორი ძირეულად განსხვავებული, დაპირისპირებული ტენდენცია სოციალურ–ეკონომიკური სტრუქტურის ზემოქმედების შედეგად ყალიბდება სოციალურ ხასიათად. ფლობაზე ორიენტირებული სოციალური ხასიათი (რეცეპტული, დამგროვებლური, ექსპლუატატორული და ბაზრული) თავის მხრივ, ზემოქმედებს საზოგადოების სოციალურ–ეკონომიკურ სტრუქტურაზე. როგორც წესი, იგი განამტკიცებს არსებულ საზოგადოებრივ წყობას და დამატებით სტაბილურობას ანიჭებს მას. ყოფნაზე ორიენტირებული სოციალური ხასიათი უპირისპირდება გაბატონებულ საზოგადოებრივ წყობას და მის „ამაფეთქებელ მასალად“ გვევლინება. იგი მიმართულია ყოფნაზე ორიენტირებული საზოგადოებრივი წყობის დასამყარებლად.

See also: ყოფნა

Source: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] – თბ. : ლოგოს პრესი, 2004 – 351გვ. ; 20სმ. – (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). – ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]

….

….

იურიდიული ენციკლოპედია www.gen.ge-ზე

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……