ბლოგის ადმინის ნებართვით აღებულია ბლოგიდან https://geolaw.wordpress.com
არასრულწლოვანი შვიდიდან თვრამეტ წლამდე შეზღუდული ქმედუნარიანობის მქონეა, მისი ნების გამოვლენის ნამდვილობისთვის აუცილებელია კანონიერი წარმომადგენლის თანხმობა, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა იგი გარიგებით იღებს სარგებელს. ასევე დამოუკიდებლად შეიძლება დადოს არასრულწლოვანმა გარიგება 65–ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში..
კანონიერი წარმომადგენლის აუცილებელი წინასწარი თანმობის გარეშე არასრულწლოვანის მიერ დადებული გარიგება მერყევად ბათილია, ვინაიდან არსებობს იმისი შესაძლებლობა, რომ შეიძლება ეს გარიგება მოიწონოს კანონიერმა წარმომადგენელმა. თუ ეს მოხდება, არასრულწლოვანის ნების გამოვლენაც ნამდვილად ჩაითვლება. ამ შემთხვევაში გამოიყენება 101–ე მუხლის წესები. ამასთან, თუკი გარიგებით არასრულწლოვანი ღებულობს სარგებელს, მისი ნების გამოვლენა მაინც ნამდვილი იქნება. კანონიერი წარმომადგენლის თანხმობით არასრულწლოვანის ქმედუნარიანობა იზღუდება სწორედ იმ მიზით, რომ გარიგება არ აღმოჩნდეს მისთვის ზიანის მომტანი.
თუკი არასრულწლოვანი ქმედუნარიანი გახდება, მაშინ იგი თვითონ წყვეტს თავისი ნების გამოვლენა ნამდვილი იქნება, თუ ბათილი. ქმედუნარიანობის მოპოვებით იგი კანონიერ წარმომადგენელთა უფლებამოსილებას იძენს და ამით თავისი ადრინდელი ნების გამოვლენის გამკითხავიც თავადვე ხდება. საამისოდ საჭიროა, რომ მისი ნების გამოვლენა კანონიერი წარმომადგენლის მიერ ჯერ კიდევ არ იყოს ბათილად ცნობილი.
არასრულწლოვანის მიერ კანონიერი წარმომადგენლის ნებართვის გარეშე დადებული გარიგება მერყევად ბათილია. ბათილობის მდგომარეობა უქმდება და გარიგება ნამდვილად იქცევა თუკი მას კანონიერი წარმომადგენელი მოიწონებს. მაგრამ, ვიდრე მოწონება მოხდებოდეს, გარიგების მერყევად ბათილი ხასიათი უფლებას აძლევს მეორე მხარეს უარი თქმას მასზე. უარი შეიძლება გამოითქვამს არამარტო კანონიერი წარმომადგენლის, არამედ თვით არასრულწლოვანის მიმართაც.
მეორე მხარეს გარიგებაზე უარის თქმის უფლება აქვს მაშინაც, როდესაც, მართალია, მან იცოდა პირის არასრულწლოვანების შესახებ, მაგრამ ეს უკანასკნელი იქცეოდა არაკეთილსინდისიერად და ატყუებდა მას, რომ კანონიერი წარმომადგენლისგან მირებული აქვს თანხმობა.
ამ ნორმის ძირითადი აზრი ისაა, რომ მეორე მხარე მხოლოდ მაშინ ჩაითვლება არასრულწლოვანთან გარიგებით დაკავშირებულად, როდესაც ხელშეკრულების დადებისას მან იცოდა, რომ მისი ნამდვილობა დამოკიდებულია კანონიერი წარმომადგენლის თანხმობაზე.
თუ კი არასრულწლოვანის მიერ მისი კანონიერი წარმომადგენლის აუცილებელი თანხმობის გარეშე დადებული გარიგება მერყევად ბათილია და შეიძლება კანონიერი წარმომადგენლის მიერ მისი შემდგომი მოწონება (63–ე მუხლის პირველი ნაწილი), იგივეს ვერ ვიტყვით ცალმხრივი გარიგების მიმართ. ცალმხრივი გარიგება საბოლოოდ ბათილია და კანონიერი წარმომადგენლის მოწონება მას ნამდვილად ვერ აქცევს. ყოველივე ეს გამოწვეულია იმ მხარის ინტერესების დაცვით, რომლისკენაც მიმართულია ცალმხრივი ნების გამოვლენა. კანონიერი წარმომადგენლის მხრიდან შემდგომი თანხმობის დაშვების შემთხვევაში, მეორე მხარე ამ თანხმობის განხორციელებამდე აღმოჩნდებოდა სამართლებრივად გაურკვეველ მდგომარეობაში. როცა სახეზეა არასრულწლოვანის ცალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც საჭიროებს მეორე მხარის მიერ მის მიღებას, მაგალითად, როგორიცაა: ხელშეკრულების მოშლა, ხელშეკრულებიდან გასვლა და ა.შ., ამ შემთხვევაში კანონიერი წარმომადგენლის თანხმობა მიანშეწონილია წერილობით გამოითქვას. კანონიერი წარმომადგენლის თანხმობაც რომ იყოს, თუ არასრულწლვანს არ წარმოუდგენია ამისი დამადასტურებელი წერილობითი საბუთი, გარიგება არარად ჩაითვლება, თუკი მეორე მხარე დაუყონებლივ იტყვის მასზე უარს. უარის თქმა დაუყოვნებლივ თუ არ მოხდება, მეორე მხარე ჩაითვლება არასრულწლოვანის ნების გამოვლენასთან დაკავშირებულად. ასევე დაუშვებელია მეორე მხარის უარი,თუკი იგი, მიუხედავად აღნიშნული წერილობითი საბუთის არარსებობისა, ინფორმირებული იყო კანონიერი წარმომადგენლის ამ თანხმობის შესახებ. ივარაუდება, რომ ასეთი ინფორმირება მოხდა თვით კაონიერი წარმომადგენლის მხრიდან.
შეზღუდული ქმედუნარიანობა გარიგების ნამდვილობაზე გავლენას ახდებს არამარტო მაშინ, როდესაც პირი ასეთადაა ცნობილი სასამართლოს მიერ, არამედ მაშინაც, როდესაც გარიგების დადების დროს მისი ქმედუნარიანობის შეზღუდვის საფუძველი უკვე აშკარად არსებობდა. ამასვე იტყობინება 58–ე მუხლის მესამე პუნქტიც. ამ გარემოებათა გამო ნებართვას მოითხოვს არამარტო ქმედუნარიანობის შეზღუდვის შემდეგ დადებული გარიგებანი, არამედ მის შეზღუდვამდე დადებული გარიგებანიც.