ქრისტიანობა

ქრისტიანობა

რელიგია, რომელიც თავის სარწმუნოებრივ მოძღვრებას, საღვთისმსახურო რიტუალსა და მსოფლხედვას ღვთის მიერ ქვეყნად იესო ქრისტეს მოვლინების ფაქტსა და საღვთო წერილზე (ძველი და ახალი აღთქმა) აფუძნებს. ამ ფორმალური და გარეგანი დეფინიციის გარდა შეუძლებელია სხვა განსაზღვრება, რომელსაც ყველა ქრისტიანი (ამ რელიგიის ყველა მიმდევარი) გაიზიარებდა. ქ–ის მიმდევრებს ასევე არა აქვთ საერთო შეხედულებები ბიბლიის შინაარსისა და ავტორიტეტის საკითხებზე. ქ–ში იმთავითვე იესოს ქადაგებისა და მოღვაწეობის განსხვავებული ინტერპრეტაციები არსებობს, რომლებიც არსებითად ერთმანეთს თეოლოგიური თვალსაზრისით უპირისპირდება. აქედან გამომდინარე, ქ–ის არსის შესახებ თითოეულ კონფესიას თავისი განმარტება აქვს. ქ–ის ძირითადი ფორმებია: რომაულ–კათოლიკური ქ. (კათოლიციზმი), აღმოსავლური ქ. (მართლმადიდებლობა, მონოფიზიტობა, ნესტორიანელობა და ა.შ.) და პროტესტანტიზმი. რელიგიათმცოდნეობითი თვალსაზრისით, ქ–ის ყველა სამი ზემოთ ნახსენები ფორმა გამოცხადებისა და ხსნის რელიგიას განეკუთვნება. ეს ნიშნავს, რომ ქ. საკუთარ მოძღვრებასა და ღვთისადმი თაყვანისცემას აფუძნებს არა ადამიანის გონებაზე, არამედ იესო ქრისტესა და მასში გაცხადებული ღმერთის განსაკუთრებულ გამოვლენაზე (გამოცხადება), რომლის ამოცანა და მიზანი ადამიანის ცოდვებისაგან განთავისუფლება და მარადიულ ცხოვრებასთან (ცხონება, ხსნა) ზიარებაა. ქ–ის ინდივიდუალისტური ფორმა სრულებით მოწყვეტილია ამა თუ იმ საეკლესიო ორგანიზაციულ მოწყობას (ეკლესიას, სექტას, დენომინაციას ან კულტს). ისტორიულად შეიძლება გამოიყოს ქ–ის ინდივიდუალისტი აღმსარებლის ორი ტიპი: რელიგიური ინდივიდუალისტი, რომელიც მრწამსსა და რელიგიურობას, ასევე საღვთისმსახურო რიტუალის ფორმას ქრისტიანული გამოცხადების საკუთარი ინტერპრეტაციით ქმნის; მეორე ტიპი „ეთიკური ადამიანია“, რომელიც გულგრილია ეკლესიისა და დოგმის მიმართ, მაგრამ აღიარებს ქ–ის ზნეობრივ საფუძვლებს: ჰუმანურობის ქრისტიანულ იდეალს (ადამიანის ღირებულებასა და ღირსებას, სინდისის სიწმინდეს), ტრადიციულ საზოგადოებრივ წესრიგსა (ქორწინება, ოჯახი, აღზრდა) და სოციალურ ვალდებულება–პასუხისმგებლობას. ისტორიულად ქრისტიანობა იუდაისტური რელიგიიდან გამოდის, როგორც ძველი აღთქმის წინასწარმეტყველების ასრულება (წინასწარმეტყველება მესიის შესახებ) და იმავდროულად, ისრაელის ხალხის კანონებისა და მისი პოლიტიკური იმედების გადალახვა. ქ. მსოფლიო რელიგიაა, მას დაახლოებით ორ მილიარდზე მეტი მიმდევარი ჰყავს. ქ. სოციოლოგიური შესწავლის საგანია.

See also: პროტესტანტული ეთიკა და კაპიტალიზმის სულისკვეთება, რელიგიის სოციოლოგია

Source: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] – თბ. : ლოგოს პრესი, 2004 – 351გვ. ; 20სმ. – (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). – ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]

….

….

იურიდიული ენციკლოპედია www.gen.ge-ზე

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……