შემეცნების სოციოლოგია

შემეცნების სოციოლოგია

სოციოლოგიის განყოფილება, რომელიც შეისწავლის შემეცნების, მათ შორის გაგების, ცოდნის სოციალურ პრობლემებს. საყოველთაოდ მიღებული აზრით, შ.ს. მრავალი სოციოლოგიური თეორიის განუყოფელი ნაწილია. მაგ., კონტის სამი სტადიის კანონი ხსნის საზოგადოების ინტელექტუალურ და სოციალურ განვითარებას. შ.ს-ის მომიჯნავე მიმართულებებია მეცნიერების სოციოლოგია, რელიგიის სოციოლოგია, ხელოვნებისა და ლიტერატურის სოციოლოგია. უკანასკნელ წლებში აშკარაა ეპისტემოლოგიური (შემეცნების თეორია ფილოსოფიაში) საკითხებისადმი სოციოლოგიური მიდგომები (მაგ., კუნის ნაშრომი მეცნიერების შესახებ). შ.ს-ის ცენტრალური პერობლემაა შემეცნებისა და აზროვნების ყველა ისტორიული ტიპის კონკრეტული ანალიზი, თითოეული მოცემული ეპოქის სოციალურ-კულტურულ წანამძღვრებთან ურთიერთკავშირში. ეს პრინციპულად განასხვავებს შ.ს-ს აზროვნებისადმი ე.წ. წმინდა გნოსეოლოგიური მიდგომისგან, რომლისთვისაც დამახასიათებელია მისი მოწყვეტა კონკრეტული ისტორიული ფონისაგან და მისი შეფასება აპრიორული ნორმების თვალსაზრისით. შ. ს-ის მიზანია ამ შეზღუდული და არაისტორიული მიდგომის დაძლევა. მისი ძირითადი წანამძღვარია – აზროვნება არ უნდა განიხილებოდეს სტრუქტურალისტური ავტონომიურობის მანერით, რაც ეჭვქვეშ აყენებს აზროვნების კონკრეტული ისტორიული ტიპების კონკრეტულ ურთიერთკავშირს, არც – გნოსეოლოგიური ტელეოლოგიზმის სულისკვეთებით, რაც აზროვნების მთელ ისტორიულ პროცესს ხსნის ერთი ტიპის (მაგ., რაციონალობის) საზომით. შ.ს. გნოსეოლოგიური მეთოდოლოგიის დახმარებით პირველად იძენს კონკრეტულობას და ისტორიულ შინაარსობრიობას. შ. ს-ის ყველაზე საინტერესო კონცეფციები ეკუთვნის მ. ვებერს, მ. შელერს, კ. მანჰაიმს. კ. მანჰაიმი გამოვიდა მისი პრობლემების რედუქციონისტული გადაწყვეტის წინააღმდეგ. (მაგ., მარქსიზმის მიხდვით, კლასობრივი და ეკონომიკური ინტერესები ძირითადია ცოდნის შემეცნების ფორმირებასა და შედეგების განსაზღვრაში). კ. მანჰაიმის გაგებით, არა მარტო კლასობრივი და ეკონომიკური ინტერესები ფიგურირებს ამ პოცესში, არამედ ჯგუფური კუთვნილება და სოციალური მდგომარეობაც არანაკლბ როლს ასრულებს ამ საქმეში. მანჰაიმი მნიშვნელოვნად განასხვავებს ცოდნის „რეალისტურ“, „იდეოლოგიურ“ და „უტოპიურ“ ფორმებს, ავლენს თითოეულის არსებობის განმაპირობებელ სოციალურ პირობებს. შ.ს. გამოიყენება მრავალ გამოკვლევაში, კერძოდ, მეცნიერების სოციოლოგიისა და ყოფითი ცოდნის სოციალური კონსტრუირების ჩარჩოებში.

Source: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] – თბ. : ლოგოს პრესი, 2004 – 351გვ. ; 20სმ. – (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). – ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]

….

….

იურიდიული ენციკლოპედია www.gen.ge-ზე

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……