შვილების წარმოშობის დადგენა

ბლოგის  ადმინის  ნებართვით  აღებულია  ბლოგიდან    https://geolaw.wordpress.com

ალბათ  უამრავი  ქალისთვის  წარმოადგენს  პრობლემას  ეს  საკითხი.  კითხვის  ნიშნის  ქვეშაა  ალიმენტის  დადგენის  საკითხი,  ბავშვისათვის  გვარის  მიცემა,  წილი  მემკვიდრეობიდან  და  ა.შ  ,  მაგრამ  ამჯერად  ერთ  კონკრეტულ  მუხლზე  მინდა  გავამახვილო  ყურადღება,  კერძოდ  1190-ე  მუხლის  მიხედვით

1)შვილის  წარმოშობა  ქორწინებაში  არმყოფი  წყვილებისაგან  დგინდება  ტერიტორიულ  სამსახურში  მშობლების  მიერ  ერთობლივი  განცხადების  შეტანით

2)მშობელთა  ერთობლივი  განცხადების  არარსებობის  შემთხვევაში  მამობა  შეიძლება  დადგინდეს  სასამართლო  წესით  ერთ-ერთი  მშობლის,  ბავშვის  მეურვს  ან  იმ  პირის  განცხადებით,  რომლის  კმაყოფაზეც  იმყოფება  ბავშვი,  ასევე  ბავშვის  განცხადების  საფუძველზე,  იმ  შემთხვევაში,  თუ  მან  მიაღწია  სრულწლოვნობას.

3)  მამობის  დადგენისას  სასამართლო  მხედველობაში  იღებს  ბავშვის  დედისა  და  მოპასუხის  ერთად  ცხოვრებასა  და  საერთო  მეურნეობის  წარმოებას  ბავშვის  დაბადებამდე  ან  ბავშვის  ერთად  აღზრდას  და  რჩენას,  ან  დამამტკიცებელ  საბუთს,  რომელიც  ადასტურებს  მოპასუხის  მიერ  მამობის  აღიარებას.

ამ  მუხლის  ზემოთხსენებული  პუნქტები  თითქოს  იცავს  უკანონო  ბავშვების  უფლებებს  და  და  ათანაბრებს  მას  კანონიერ  ქორწინებაში  დაბადებულ  ბავშვებთან,  მაგრამ  ვფიქრობ  ,  გამოტოვებულია  ყველაზე  მთავარი  და  საჭირბოროტო  საკითხი:

როგორც  წესი,  ქორწინების  გარეშე  მყოფი  წყვილებს  იშვიათად  გააჩნიათ  საერთო  მეურნეობა,  ნაყოფის  ჩასახვა  შესაძლოა  მოხდეს  გაუპატიურების  დროსაც,  რაც  მამაკაცს  სრულად  ათავისუფლებს  პასუხისმგებლობისგან,  ვინაიდან  საქართველოს  სამოქალქო  კოდექსი  არ  ცნობს  დნმის  ანალიზით  მამობის  აღიარებას,  მაშინ,  როცა  ამგვარი  ხერხი  ყველაზე  უტყუარი  და  სწორი  გზაა  მამობის  დასამტკიცებლად.

სრულიად  სხვა  ვითარებაა  ევროპასა  და  ამერიკაში,  სადაც  დნმ-ის  ანალიზზე  უარის  თქმა  მამაკაცის  მხრიდან  თავისთავად  იწვევს  მამობის  აღიარებას.  ბავშვი  იღებს  გვარსაც  და  ალიმენტსაც.

მაშინ,  როცა  სასამართლოს  გადაწყვეტილება  მოპასუხის,  ანუ  სავარაუდო  მამის  სინდისზეა  დამოკიდებული,  უამრავი  დედა  და  ბავშვი  რჩება  დაუცველი,  რადგან  ფაქტია,  სამართლებრივი  ურთიერთობა  თითქმის  არასდროს  ცნობს  მორალს  და  ზნეობას,  მიუხედავად  იმისა,  რომ  საქართველოს  სამოქალაქო  კოდექსში  უამრავი  მუხლი  შეიცავს  მსგავს  ცნებებს  და  ავალდებულებს  სამოქალაქო  ურთიერთობებში  მონაწილე  მხარეებს  იმოქმედონ  კეთილსინდიერად.

ევროპული  პრაქტიკის  საქართველოში  დანერგვა  არ  იქნებოდა  ურიგო,  განსაკუთრებით  ქვეყანაში  გამეფებული  ტაბუირებული  ურთიერთობების  ფონზე  და  ვფიქრობ  ,  კოდექსის  ეს  მუხლი  კიდევ  ერთხელ  არის  გადასახედი  და  შესავსები  პრობლემური  საკითხების  გადაწყვეტის  ხერხებით.