შოვინიზმი

შოვინიზმი

E. Chauvinism

ეთნიკური ნაციონალიზმის უკიდურესი ფორმა. იგი ქადაგებს საკუთარი ერის გამორჩეულობას, ეროვნულ მტრობასა და სხვა ერების სიძულვილს. შ
მიზნად ისახავს დაამტკიცოს სხვა ერების „არასრულფასოვნება“ და ამით გააამართლოს მათზე ბატონობა. განსაკუთრებით საშიშია დიდმპყრობელური შ., რომელიც დიდი ერებისთვის არის დამახასიათებელი და მიმართულია პატარა ერების დაპყრობის, ასიმილაციისა და ზოგჯერ განადგურებისაკენ. ასეთ უკიდურესობათა გამოვლინება დამახასიათებელი იყო ველიკორუსული, ჩინური, იაპონური და გერმანული (ნაციზმის პერიოდში) შოვინიზმისათვის. დღეს შ
აგრესიული სეპარატიზმის ერთ-ერთ იარაღად არის ქცეული. დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ალმაათის სამიტზე დაგმობილ იქნა შ, ისევე როგორც აგრესიული სეპარატიზმი, ნაციონალიზმი და ფაშიზმი. სამიტის მონაწილეებმა გადაწყვიტეს, გააძლიერონ მათი აღმოფხვრის ღონისძიებანი.

Source: ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალი : ლექსიკონი-ცნობარი / [ავტ.: ლ. ალექსიძე (რედ.), ლ. გიორგაძე, მ. კვაჭაძე და სხვ.] – თბ., 2005 – 283გვ. ; 23სმ. – ISBN 99940-0-877-3 : [ფ.ა.]

საკუთარი ერის გამორჩეულობის ბაზაზე სხვა ერებისადმი სიძულვილის იდეოლოგია და პრაქტიკა. ტერმინი პოლიტიკურ ლიტერატურაში დამკვიდრდა ნაპოლეონის დაპყრობითი ომების აპოლოგეტის, ვინმე შოვენის სახელიდან. როგორც წესი, შოვინისტები ერთი ერის გამორჩეულობის ან მისი „მსოფლიო ისტორიული მისიის“ მტკიცების საფუძველზე ამართლებენ ამ ერის მიერ სხვა „არასრულყოფილი“ ერების დამორჩილებას. შ-ს შეიძლება ჰქონდეს არა მხოლოდ საერთაშორისო, არამედ შიდასახელმწიფოებრივი ხასიათიც, როდესაც მრავალეროვნულ სახელმწიფოში „სატიტულო“ ერი იწყებს სხვა ეთნოსებთან შედარებით თავისი გამორჩეული როლის მტკიცებას.

Source: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] – თბ. : ლოგოს პრესი, 2004 – 351გვ. ; 20სმ. – (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). – ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]

Fr. chauvinisme, შოვენ (chauvin)

ფრანგი დრამატურგების, ძმები კონიარების პიესის „სამფერა კოკარდა“ (1830) – გმირის, ფრანგი ერის იდეისა და ნაპოლეონ პირველის ფანატიკური მომხრე – უკიდურესი ნაციონალიზმი, რომელიც ეროვნულ და რასობრივ განკერძოებულობას ქადაგებს და აღვივებს ნაციონალურ შუღლსა და მტრობას.

Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] – თბ., 2004 – 483გვ.: ცხრ.; 24სმ. – (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). – ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]

….

….

იურიდიული ენციკლოპედია www.gen.ge-ზე

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……