შრომის საზოგადოებრივი განაწილება

შრომის საზოგადოებრივი განაწილება

ამ კატეგორიას აქვს ორი მნიშვნელობა: 1. პირველი მნიშვნელობა დაკავშირებულია ეკონომიკურ ეფექტურობასთან და წარმოების პროცესში შესასრულებელი ოპერაციების განაწილებასთან. ესაა წარმოების პროცსში ოპერაციების ტექნიკური განაწილება, რის შედეგადაც შრომა ხდება უფრო სპეციალიზებული. კლასიკური ეკონომიკური თეორიის წარმომადგენლები (ა. სმიტი) შ.ს.გ-ის კატეგორიას სწორედ ამ მნიშვნელობით იყენებდნენ. ასეთი განაწილება ზრდის წარმოების პროცესის ეფექტურობასა და შრომის ნაყოფიერებას. ეკონომიკური თეორიის თანახმად, შ.ს.გ-მ გამოიწვია საერთაშორისო ვაჭრობის განვითარება (შედარებითი უპირატესობის თეორია); 2. შ.ს.გ-ის კატეგორია სოციოლოგიაში მოვლენათა უფრო ფართო სპექტრს აღწერს. ესაა საზოგადოებაში პროფესიული სპეციალიზაციის და ზოგადად, საზოგადოებრივი ცხოვრების ცალკეულ სფეროებად და ინსტიტუტებად (ოჯახი, სახელმწიფო, ეკლესია და ა.შ.) დიფერენცირება. შ.ს.გ-ის კატეგორიას ცენტრალური როლი მიენიჭა ფუნქციონალისტურ პარადიგმებში (ჰ. სპენსერი, ე. დიურკემი, ტ. პარსონსი). ე. დიურკემის თეორიაში შ.ს.გ-ის ფორმა მიჩნეულია საზოგადოებათა კლასიფიკაციის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს კრიტერიუმად. პირველყოფილი და თანამედროვე საზოგადოებები სწორედ იმით განსხვავდება ერთმანეთისგან, რომ პირველყოფილი საზოგადოება ხასიათდება შრომის განაწილების დაბალი ხარისხით, რაც დაკავშირებულია ძლიერ კოლექტიურ ცნობიერებასთან და საზოგადოების სეგმენტურ სტრუქტურასთან (იხ. მექანიკური და ორგანული სოლიდარობა). რაც შეეხება თანამედროვე საზოგადოებას, მისთვის დამახასიათებელია სოლიდარობის ორგანული ტიპი, რაც გამოწვეულია შ.ს.გ-ისა და საზოგადოების სხვადასხვა სეგმენტს შორის ურთიერთდამოკიდებულების მაღალი ხარისხით. თანამედროვე სოციოლოგიურ თეორიებში შ.ს.გ-ის ანალიზი ხდება სოციალური სტრატიფიკაციისა და მობილურობის თეორიის ფარგლებში. გარდა ამისა, ინდუსტრიული სოციოლოგიის წარმომადგენლები იკვლევენ შრომის პროცესის სპეციალიზაციის, ავტომატიზაციისა და რაციონალიზაციის პროცესთან დაკავშირებულ სოციალურ და ფსიქოლოგიურ დაძაბულობას, უკიდურესად სპეციალიზებული შრომის პროცესში მოტივაციისა და ანომიის პრობლემებს.

See also: მექანიკური და ორგანული სოლიდარობა

Source: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] – თბ. : ლოგოს პრესი, 2004 – 351გვ. ; 20სმ. – (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). – ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]

….

….

იურიდიული ენციკლოპედია www.gen.ge-ზე

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……