ცხოვრების სტილი

ცხოვრების სტილი

წესი, რომლითაც ინდივიდი ან ჯგუფი ცხოვრობს. ტერმინი ც. ს. სხვადასხვა კონტექსტში გამოიყენება. ც. ს., როგორც კონცეფცია, ასოცირდება მაქს ვებერის შრომებთან და აღნიშნავს სხვადასხვა სტატუსის მქონე ჯგუფისათვის ნიშანდობლივი მოხმარების მოდელებს. ტერმინი მიუთითებს ცხოვრების ალტერნატიულ წესებზე, რომლებიც ჩვეულებრივ შესამჩნევი ხდება ღირებულებებისა და მოხმარების ფორმების საშუალებებით. ყოფილ დონეზე ც. ს. განისაზღვრება მატერიალური კეთილდღეობის სტანდარტებით, ადამიანების მიერ შეძენილი და გამოყენებული საქონლითა და პროდუქციით, შეხედულებებითა და გემოვნებით, რაც დამახასიათებელია როგორც ცალკეული ადამიანებისათვის, ისე კონკრეტული ჯგუფებისათვის. ბოლო დროს ტერმინი ც. ს. განსაკუთრებით პოპულარული გახდა სარეკლამო სააგენტოებისა და ბაზრის შემსწავლელი ორგანიზაციების საქმიანობის გააქტიურების შედეგად. ამას ხელი შეუწყო გართობის პოპულარული ფორმების, რადიოს, ტელევიზიისა და კინოს განვითარებამ. გარკვეულ ც. ს–ის შექმნა განიხილება როგორც თანამედროვე საზოგადოებაში მომხმარებლის ქცევის ძირითადი სტრატეგია. თავისი შინაარსით ც. ს. უფრო ვიწროა, ვიდრე ცხოვრების წესი, რომელიც ადამიანების მთელ საქმიანობას მოიცავს. ც. ს. ადამიანთა საქმიანობის სუბიექტურ მხარეზე, ინდივიდის, ოჯახის, სხვა სოციალური ჯგუფების ყოველდღიური ქცევის მოტივებსა და ფორმებზე ამახვილებს ყურადღებას. ცნება ც. ს. პიროვნების ან სოციალური ჯგუფების (ფორმალური და არაფორმალური ერთობების) ცხოვრების წესის თავისებურებების დასახასიათებლად გამოიყენება. მოცემული ერთობის შიგნით ამა თუ იმ ცხოვრების წესის ფორმირება შეიძლება ქცევისა და ურთიერთობის გარკვეული ინდივიდუალური ან ჯგუფური სტილის გავრცელების შედეგი იყოს.

Source: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] – თბ. : ლოგოს პრესი, 2004 – 351გვ. ; 20სმ. – (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). – ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]

….

….

იურიდიული ენციკლოპედია www.gen.ge-ზე

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……