ძალაუფლება

ძალაუფლება

E. Power

პოლიტიკური მოღვაწის შესაძლებლობის ხარისხი და დონე, აიძულოს პიროვნება, ან პიროვნებათა ჯგუფი გარკვეულ დონემდე და გარკვეული დროის განმავლობაში იფიქრონ (ან არ იფიქრონ) და (ან) იმოქმედონ (ან არ იმოქმედონ) ამ მოღვაწის სურვილის მიხედვით. ძ-ის ხუთი არსებული პარამეტრი უნდა განვასხვავოთ: განფენილობა, გავლენა, ხანგრძლივობა, მოქმედების სფერო, მოქმედების მიზანი. ძ. უნდა განვიხილოთ, როგორც შედარებითი და არა აბსოლუტური მოვლენა. ძ-ის მოპოვების ან მისი შენარჩუნების რესურსებია: ეკონომიკური, საინფორმაციო, სახელისუფლებო, საორგანიზაციო, აგრეთვე ლეგიტიმურობის, სტატუსის გამოყენების და იძულების რესურსები. პოლიტიკა მეცნიერებაა ძ-ის ფლობის საშუალებების შესახებ. დემოკრატიული კულტურა მაშინ ვითარდება, როდესაც ხელისუფლება ანგარიშვალდებულია, საზოგადოებრივ კონტროლს ექვემდებარება და ადამიანის უფლებები თუ ურთიერთდაპირისპირებული ინტერესები ზღუდავენ პოლიტიკოსთა ქმედებებს. დებატები, დემონსტრაციები და პროტესტის ფორმები დემოკრატიული კულტურის შემადგენელი ნაწილებია, მაგრამ, ამასთან ერთად დემოკრატიული კულტურა წარმოუდგენელია მოლაპარაკებების, კომპრომისების და შემწყნარებლობის გარეშე

Source: ადამიანის უფლებათა ლექსიკონი / [შეადგინა ფრიდონ საყვარელიძემ ; რედ.: ანა ჭაბაშვილი] – თბ. : დასი, 1999 – 128გვ

ერთგვარი უნარი, აიძულო სხვა, გააკეთოს ის, რასაც სხვა შემთხვევაში არ გააკეთებდა. ძ. საერთაშორისო ურთიერთობების ერთ–ერთი ძირითადი მცნებაა, რომელსაც ხშირად იძულებასთან და გავლენასთან აიგივებენ. ძ–ის ცნება საერთაშორისო ურთიერთობებში დავის საგანია და მისი ერთგვაროვანი განსაზღვრება არ არსებობს. საერთაშორისო ურთიერთობებში ძ–ის ცნება რეალიზმის პარადიგმასთან ასოცირდება, რადგან რეალიზმი საერთაშორისო ურთიერთობებს ძ–ისათვის ბრძოლად მიიჩნევს. ძ–ს ხშირად ორმაგი გაგება აქვს: 1) ძ. როგორც უნარი და 2) ძ. როგორც ურთიერთობა. პირველ შემთხვევაში ძ–ის ძირითადი შემადგენელი ნაწილი ძალა, ძლიერებაა, რომელიც ტერიტორიის სიდიდით, ბუნებრივი რესურსებით, საერთო ეროვნული პროდუქტის სიდიდით, მოსახლეობის უნარ–ჩვევებითა და შეიარაღებული ძალების მომზადების დონით განისაზღვრება. ძ., როგორც ურთიერთობა, ამ ძალის, ძლიერების გამოყენებას გულისხმობს. ურთიერთობითი ძ–ის მიზანია სხვა აქტორების მხრიდან წინააღმდეგობის გადალახვის გზით მათზე ზეგავლენის მოპოვება და მათგან დათმობების მიღწევა. ამ მნიშვნელობით ძ. განსხვავდება გავლენისაგან, რომელიც სხვა აქტორების მხრიდან სასურველი ქცევის მისაღწევად წინააღმდეგობების გადალახვასა და იძულების გამოყენებას არ გულისხმობს. ცნება „სტრუქტურული ძალაუფლება“, მეორე მხრივ, ნიშნავს რომელიმე სახელმწიფოს ან სახელმწიფოთა ჯგუფის უნარს, დაადგინოს საერთაშორისო ურთიერთობების ჩარჩოები, რომლის მიხედვითაც სახელმწიფოთა ურთიერთობის ხასიათი განისაზღვრება. სტრუქტურული ძალაუფლების შემადგენელ ნაწილებად სიუზან სთრეინჯი უსაფრთხოებას, ცოდნას, წარმოებასა და ფინანსებს ასახელებს.

Source: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] – თბ. : ლოგოს პრესი, 2004 – 351გვ. ; 20სმ. – (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). – ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]

2. ძალაუფლება – სოციალური ურთიერთობებით გამაგრებული, საკუთარის გატანის ნებისმიერი შესაძლებლობა; მაშინაც, როცა არსებობს წინააღმდეგობა. (სოც. და მარკ.კვლ.)    ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო  ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი. მოხმობილია საიტიდან
www.medgeo.net

….

….

იურიდიული ენციკლოპედია www.gen.ge-ზე

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……