წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის ეროვნული საზოგადოებები

წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის ეროვნული საზოგადოებები

E. Red Cross and Red Crescent National Societies

ნებაყოფლობითი ჰუმანიტარული საზოგადოებები, რომლებიც ომის პერიოდში დახმარებას უწევენ დაჭრილებსა და ავადმყოფ ჯარისკაცებს. 1863 წლის საკონსულტაციო კონფერენციაზე განისაზღვრა და ჩამოყალიბდა ამგვარი ორგანიზაციების შექმნისა და საქმიანობის წესი. პირველი სამხედრო-სამედიცინო სამსახურის დამხმარე საზოგადოებებმა საფუძველი ჩაუყარეს წითელი ჯვრის მოძრაობას. ყოველი ეროვნული საზოგადოება თავისი ქვეყნის ტერიტორიაზე მონაწილეობს ჰუმანიტარულ საქმიანობაში. საზოგადოებათა მთავარი ამოცანაა შეიარაღებული კონფლიქტების დროს სამხედრო-სამედიცინო სამსახურებისათვის დახმარების გაწევა. საამისოდ საზოგადოებები მშვიდობიანობის პერიოდშივე ემზადებიან. გარდა ამისა, ეროვნულ საზოგადოებებს უფლება აქვთ, წითელი ჯვრის ფუძემდებლური პრინციპების შესაბამისად ეწეოდნენ მრავალ სხვა ჰუმანიტარულ საქმიანობასაც (დისპანსერებისა და საავადმყოფოების საჭიროებათა უზრუნველყოფა, მშვიდობიან პერიოდში სამედიცინო პერსონალის მომზადება, ინვალიდთა და ეპიდემიის მსხვერპლთა დახმარება, მოსახლეობის ინსტრუქტირება და ვაქცინაცია ეპიდემიის დროს, კატასტროფაში მოყოლილი მგზავრებისათვის დახმარების აღმოჩენა და სხვ. \nეროვნული საზოგადოებები მოქმედებენ თავიანთ სახელმწიფოებში და ეფუძნებიან მათ კანონმდებლობას, ისევე როგორც წითელი ჯვრის სამართლებრივ ნორმებს, ამგვარი ორმაგი დაქვემდებარების გამო ეროვნული სტატუსი მათ ანიჭებს გამორჩეულ მდგომარეობას სახელმწიფოში არსებულ სხვა საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან შედარებით. წითელი ჯვრის ფარგლებში ეროვნული საზოგადოებისათვის საერთაშორისო სტატუსის მინიჭება ავალდებულებს საზოგადოებებს, იმოქმედონ წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ყველა წევრისათვის საერთო მიზნებისა და ამოცანების შესაბამისად, შიდასახელმწიფოებრივ და საერთაშორისო საქმიანობაში იხელმძღვანელონ წითელი ჯვრის პრინციპებითა და ნორმებით და არა საკუთარი კანონმდებკლობით. ეროვნული საზოგადოებები რეგისტრაციას გადიან იმ ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმით, რომელიც მიღებულია მათი ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კანონმდებლობით. ამ საზოგადოებათა წესდებაში დეტალურად არის განსაზღვრული მათი ფუნქციონირების წესები და პირობები. ეროვნული საზოგადოებისათვის სავალდებულოა წითელი ჯვრის საერთაშორისო კონფერენციაზე ჩამოყალიბებული ათი წესი, რომელთა შესრულებას კონტროლს უწევს წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი როგორც ნეიტრალური და დამოუკიდებელი ორგანო. ყველა ამ წესის შესრულების შემთხვევაში ეს კომიტეტი ეროვნულ საზოგადოებას აცხადებს წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საზოგადოებათა საერთაშორისო ფედერაციის წევრად. საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების საქმიანობას ხანგრძლივი ისტორია აქვს. იგი ჩამოყალიბდა 1918 წელს. 1923 წლიდან გაერთიანებული იყო საკავშირო წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საზოგადოებათა აღმასკომში. 1991 წლიდან საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება კვლავ დამოუკიდებელ საზოგადოებად ჩამოყალიბდა, ხოლო 1997 წლის 16 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი „საქართველოს წითელი ჯვრის შესახებ“, რომელიც განსაზღვრავს ამ საზოგადოების სამართლებრივ სტატუსს, ფუნქციებს, მიზნებსა და ამოცანებს. საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია: მოწყალების სამსახური, სამაშველო სამსახური, საერთაშორისო ურთიერთობათა და ჰუმანიტარული დახმარების სამსახური, საინფორმაციო სამსახური; საზოგადოებაში ფუნქციონირებს ახალგაზრდული დეპარტამენტი.

Source: ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალი : ლექსიკონი-ცნობარი / [ავტ.: ლ. ალექსიძე (რედ.), ლ. გიორგაძე, მ. კვაჭაძე და სხვ.] – თბ., 2005 – 283გვ. ; 23სმ. – ISBN 99940-0-877-3 : [ფ.ა.]

….

….

იურიდიული ენციკლოპედია www.gen.ge-ზე

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……