ჰეგემონიზმი

ჰეგემონიზმი

სახელმწიფოს პოლიტიკა, რომელიც მიზნად ისახავს მსოფლიო ან რეგიონალურ ბატონობას, სხვა ქვეყნების დამორჩილებასა და მათთვის საკუთარი ნება–სურვილის თავს მოხვევას. ჰ. არ გულისხმობს სხვა ქვეყნის აუცილებლად ომით დამორჩილებას და ერთი რომელიმე სახელმწიფოს ჰეგემონიის მაინცდამაინც ძალის გამოყენებით დამყარებას. მაგრამ სხვა სახელმწიფოებთან შედარებით ამა თუ იმ სახელმწიფოს სამხედრო, პოლიტიკური და ეკონომიკური უპირატესობა აუცილებელი პირობაა იმისათვის, რომ მოცემული ქვეყანა ჰეგემონი გახდეს – მხოლოდ ასეთ შემთხვევაში შეუძლია მას უკარნახოს საკუთარი ნება–სურვილი სხვა ქვეყნებს. სხვადასხვა ავტორი ტერმინ ჰ–ს სხვადასხვანაირად განმარტავს. უკანასკნელი ხუთი საუკუნის განმავლობაში ევროპის ჰეგემონ ქვეყნებად მიიჩნევდნენ პორტუგალიას, ესპანეთს, ნიდერლანდებს, საფრანგეთს, დიდ ბრიტანეთს, აგრეთვე გერმანიასა და რუსეთის იმპერიას. ამერიკელი მეცნიერის, ჯ.მოდელსკის აზრით, XV ს–ის ბოლოდან დღემდე მსოფლიოს სულ ოთხი ჰეგემონი ქვეყანა ჰყავს: პორტუგალია (XVI ს.), ნიდერლანდები (XVII ს.), დიდი ბრიტანეთი (XVIII-XIX სს.) და აშშ (XX ს.). ი. ვალენშტაინი კი ფიქრობს, რომ ჰეგემონიას ეკონომიკური უპირატესობა განაპირობებს და ხანმოკლე პერიოდს (40–50 წელს) მოიცავს, სანამ ახალ ტექნოლოგიურ და ტექნიკურ მიღწევებს სხვა ქვეყნებიც არ აითვისებენ და არ შეავიწროვებენ ჰეგემონს; ამ თვალსაზრისით, მსოფლიოში სულ სამი ჰეგემონი ქვეყანა შეიძლება გამოიყოს: ნიდერლანდები (XII ს–ის შუა წლები), დიდი ბრიტანეთი (XIX ს–ის პირველი ნახევარი) და აშშ (XX ს–ის შუა პერიოდი). XX ს–ის მეორე ნახევარში ჰეგემონისტური მიზნები ძირითადად ორ ქვეყანას – აშშ–სა და სსრ კავშირს ახასიათებდა (თუმცა, ზოგჯერ ჰ–ში ადანაშაულებდნენ, აგრეთვე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას, რომელსაც მესამე სამყაროს ლიდერისა და ხელმძღვანელის პრეტენზიები ჰქონდა). საბჭოთა ჰ. გამოდიოდა ანტიიმპერიალისტური და ანტიკოლონიური ლოზუნგებით და მიზნად ისახავდა საკუთარი გავლენის გლობალურ გავრცელებას, მეტადრე განვითარებად ქვეყნებში. აშშ–ის ჰ–ს საფუძვლად ედო ბრძოლა კომუნისტური ექსპანსიისა და საბჭოთა საფრთხის წინააღმდეგ, ამასთან ლიბერალურ–დემოკრატიული იდეების ქადაგებით აშშ ცდილობდა მაქსიმალურად გაეზარდა თავისი გავლენა მთელს მსოფლიოში. კომუნისტური სისტემის ნგრევამ და სსრ კავშირის დაშლამ საბჭოთა (რუსული) ჰ. დროებით შეასუსტა. იმავდროულად სულ უფრო და უფრო ძლიერდებოდა აშშ–ის საქმიანობა საერთაშორისო ასპარეზზე (ნატოს გაფართოება და მისი აქტიური მონაწილეობა ევროპულ კონფლიქტებში, განვითარებადი ქვეყნების ფართო ფინანსური დახმარება, ამერიკული ცხოვრების წესის პროპაგანდა და სხვ.) ეს ხშირად აღიქმებოდა და აღიქმება როგორც აშშ–ის ჰეგემონისტურ მისწრაფებათა პრაქტიკული გამოვლინება, რაც ფეხზე წამომდგარი და გაძლიერებული დასავლეთ ევროპის ქვეყნების უკმაყოფილებას იწვევდა. ამიტომ სულ უფრო და უფრო იგრძნობოდა და იგრძნობა დასავლეთ ევროპის (ევროკავშირის) მზარდი წინააღმდეგობა აშშ–ის ეკონომიკური, პოლიტიკური და სამხედრო (თუნდაც ნატოს შიგნით) ჰ–ის მიმართ და ფართომასშტაბიანი მრავალმხრივი, აქტიური ძალისხმევა საკუთარი, სუპერსახელმწიფოსაგან დამოუკიდებელი მდგომარეობის განმტკიცებისათვის. შეიძლება ითქვას, რომ მწიფდება ევროპის წამყვანი ქვეყნების კავშირის ჰ–ის ნიშნები. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ რუსეთის ჰ. დროებით ისტორიას ჩაბარდა, თუმცა სულ უფრო და უფრო შესამჩნევი ხდება რუსეთის წადილი დაიბრუნოს დაკარგული პოზიციები, ამასთან, პირველ რიგში – ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში. ამ მიზნით შეიქმნა დსთ, მაგრამ ამ ორგანიზაციამ ვერ გაამართლა შემქნელთა მოლოდინი. დღეს რუსეთის ჰ–ის იდეოლოგები ეძებენ ახალ ეკონომიკურ, სამხედრო და პოლიტიკურ ბერკეტებს „ახალი სახის საბჭოთა კავშირის“ შექმნის გზით რუსეთის ჰეგემონისტურ მისწრაფებათა რეალიზაციისათვის.

Source: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] – თბ. : ლოგოს პრესი, 2004 – 351გვ. ; 20სმ. – (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). – ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]

E. hegemon(izm)

Gk. hegemonia ხელმძღვანელობა, მმართველობა

სხვა ქვეყნების, ხალხების ბატონობისკენ და მსოფლიო ბატონობისაკენ მიმართული პოლიტიკა.

Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] – თბ., 2004 – 483გვ.: ცხრ.; 24სმ. – (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). – ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]

….

….

იურიდიული ენციკლოპედია www.gen.ge-ზე

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……