ჰუმანიტარული ინტერვენცია კოსოვოში

ჰუმანიტარული ინტერვენცია კოსოვოში

E. Humanitarian intervention in Kosovo

(იუგოსლავია) – ნატოს გერთიანებული შეიარაღებული ძალების გამოყენება ყოფილი იუგოსლავიის (სერბიის) ერთერთ პროვინციაში – კოსოვოში. ძირითადად ალბანელებით დასახლებული კოსოვო (ისტორიულად იგი სერბიის ტერიტორია იყო), რომელშიც ისინი არც ისე დიდი ხნის წინათ შემოვიდნენ მეზობელი ალბანეთიდან, მრავალი წლის განმავლობაში ავტონომიით სარგებლობდა. 1989 წელს ეს სტატუსი გაუქმდა, რამაც კოსოვოელი ალბანელების მედგარი წინააღმდეგობა გამოიწვია, მათი შეიარაღებული აჯანყება მოჰყვა. ამის საპასუხოდ ცენტრალურმა ხელისუფლებამ მათ მიმართ უფრო მკაცრი და სისხლიმღვრელი ზომები გამოიყენა, კერძოდ, გააძლიერა ეთნიკური წმენდა (რომელიც ავტონომიის გაუქმებისას დაიწყო). ამას ასიათასობით ლტოლვილის (იხ. ლტოლვილები და ქვეყნის შიგნით გადაადგილებული პირები) ნაკადი გამოიწვია, რამაც მეზობელ სახელმწიფოებში ეკონომიკური სიძნელეები შექმნა. გაეროს, ეუთოსა და ნატოს მშვიდობიანი ღონისძიებები არავითარ შედეგს არ იძლეოდა. საკითხის წრაფი მოგვარების მიზნით, ნატოს ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა, დაეწყო კოსოვოში განლაგებული ცენტრალური ხელისუფლების ძალოვანი სტრუქტურების ტექნიკისა და ცოცხალი ძალების დაბომბვა, რათა იძულებული გაეხადათ ისინი დაეტოვებინათ რეგიონი. ამ საშიშროებამ აიძულა იუგოსლავიის პრეზიდენტი მილოშევიჩი, 1998 წლის შემოდგომაზე, დასთანხმებოდა კოსოვოში ეუთოს მეთვალყურეთა მისიისა და სხვა მაკონტროლებელი სტრუქტურების განლაგებას. მაგრამ ვერც ამან შეაჩერა სისხლისმღვრელი წინააღმდეგობა, რომლის მსხვერპლიც მშვიდობიანი მოსახლეობაც ხდებოდა. შექმნილი საპროტესტო ჯგუფი (აშშ, საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, გერმანია, იტალია, რუსეთი) ერთხელ კიდევ შეეცადა კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარებას რამბუიეში (საფრანგეთი, პარიზის შემოგარენი) სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერით (6.II. 1999), მაგრამ ამანაც ვერ გამოიღო ნაყოფი – იუგოსლავიამ უარი თქვა, ხელი მოეწერა შეთანხმებისათვის, რომელიც კოსოვოს ავტონომიის აღდგენას ითვალისწიებდა. ბელგრადი შეშფოთებული იყო იმით, რომ შეთანხმებით მომავალში კოსოვოელ ალბანელებს უფლება ეძლეოდათ, რეფერენდუმით გადაეწყვიტათ თავიანთი სტატუსი, რაც დამოუკიდებლობის მოპოვებით შეიძლებოდა დასრულებულიყო. მოლაპარაკების მსვლელობაში ცენტრალურმა ხელისუფლებამ გააქტიურა ეთნიკური წმენდა (ამან ლტოლვილთა ახალი ნაკადი გამოიწვია), რაც მიზნად ისახავდა კოსოვოს დემოგრაფიული სტრუქტურის შეცვლას, რათა მომავალი რეფერენდუმი ბელგრადისათვის სასარგებლოდ გადაწყვეტილიყო. ეუთოს მისიაც და სხვა მაკონტოლებლებიც იძულებული გახდნენ დაეტოვებინათ კოსოვო 1998 წლის მარტში დაიწყო ჯერ კოსოვოს, ხოლო მოგვიანებით მთელი სერბიის ტერიორიაზე განლაგებული არა მარტო სამხედრო ობიექტების, არამედ სასიცოცხლო მნიშვნელობის ობიექტის (ხიდების, ელექტროსადგურებისა და სხვ.) დაბომბვა. სამი თვის შემდეგ ეს ოპერაცია შეწყდა, რადგან იუგოსლავია დათანხმდა კოსოვოში გაეროს მშვიდობის დამცველი ძალების დისლოცირებაზე და იქ ეუთოს მისიის დაბრუნებაზე. დღეს კოსოვო დაყოფილია ტერიტორიებად, რომლებასაც საფრნგეთის, გერმანიის, დიდი ბიტანეთისა და რუსეთის „ცისფერჩაფხუტიანები“ აკონტროლებენ, რაც გაგრძელდება რეგიონში პოლიტიკური სტრუქტურის შექმნამდე. ამ ოპერაციაში 38 სახელმწფო მონაწილეობს, მათ შორის საქართველოდან წარგზავნილი ოცეული. პირველ რიგში უნდა განიარაღებულიყო კოსოვოს განმათავისუფლებელი არმია და გახსნილიყო ყველა გზა ლტოლვილის დასაბრუნებლად. ნატოს ოპერაცია კოსოვში ჩატარდა გაეროს წესდების დარღვევით – არც ერთ რეგიონალურ საერთაშორისო ორგანიზაციას არა აქვს უფლება, გამოიყენოს ძალა გაეროს უშიშროების საბჭოს ნებართვის გარეშე. ნატოს მესვეურები თავს იმართლებენ „ჰუმანიტარული კატასტროფის“ საფრთხით გამოწვეული აუცილებლობით და გაეროს მოუქნელობით ანალოგიურ სიტუაციებში. კოსოვოში ჰუმანიტარული ინტერვენციის სამართლებრივი და მორალური ასპექტების ურთიერთშეუსაბამობამ პოლიტიკოსთა და საერთაშორისო სამართლის ექსპერტთა წინაშე მწვავე საკითხი დასვა: რამდენად დასაშვებია, რომ ნებისმიერმა რეგიონალურმა საერთაშორისო ორგანიზაციამ გაეროს ნებართვის გარეშე გამოიყენოს სამხედრო ძალა სუვერენული სახელმწიფოს მიმართ ამ სახლმწიფოს მიერ ადამიანის უფლებათა დარღვევის, თუნდაც კატასტროფულის, აღსაკვეთად ქ. ვაშინგტონში გამართულ ნატოს სამიტზე (1999 წლის აპრილი) დაფიქსირდა ნატოს უფლება – გამოიყენოს თავისი შეიარაღებული ძალები და არა მარტო წესდებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის არეში, არამედ ევროპის სხვა ადგილებში. ამასთან ექსპერტთა აზრით, თუ ასეთ აქციას ნატო გაეროს უშიშროების საბჭოს დავალების გარეშე კიდევ ჩაატარებს, მანამ, სანამ გაეროს წესდება არ შეიცვლება, იგი საეთაშორისო სამართლის დარღვევად ჩაითვლება, რა მორალური მოტივებითაც არ უნდა იყოს დასაბუთებული.

Source: ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალი : ლექსიკონი-ცნობარი / [ავტ.: ლ. ალექსიძე (რედ.), ლ. გიორგაძე, მ. კვაჭაძე და სხვ.] – თბ., 2005 – 283გვ. ; 23სმ. – ISBN 99940-0-877-3 : [ფ.ა.]

….

….

იურიდიული ენციკლოპედია www.gen.ge-ზე

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……