საავტორო უფლებები

ბლოგის  ადმინის  ნებართვით  აღებულია  ბლოგიდან    https://geolaw.wordpress.com

უყურებთ  სერიალს  “ჩემი  ცოლის  დაქალები”?  გაგიკვირდებათ  ალბათ,  რა  შუაშია  იურიდიულ  ბლოგთან  ეს  სერიალი.  უბრალოდ,  ერთ–ერთ  სერიაში  საინტერესო  იურიდიული  შეცდომა  შევნიშნეთ:  ერთ–ერთი  პერსონაჟი  პოულობს  ხელნაწერს.  ჩათვლის,  რომ  მის  მეუღლეს  ეკუთვნის  ეს  წიგნი,  სიურპრიზის  მოწყობის  მიზნით,  მეუღლის  თანხმობის  გარეშე,  5  000–იანი  ტირაჟით  გამოსცემს  და  პრეზენტაციასაც  მოაწყობს.

სინამდვილეში,  მსგავსი  რაღაც  არ  და  ვერ  მოხდება  საავტორო  და  მომიჯნავე  უფლებების  შესახებ  საქართველოს  კანონს  თუ  მივყვებით.  მარტივად,  კანონში  გამოყენებულ  ტერმინთა  განმარტებანი  რომ  ჩავიკითხოთ,    გამოცემა  –  ავტორის  საავტორო  ან  მომიჯნავე  უფლებების  სხვა  მფლობელის,  მონაცემთა  ბაზის  დამამზადებლის  თანხმობით  ნაწარმოების  ,  ფონოგრამის,  ვიდეოგრამის  ან  მონაცემთა  ბაზის  ასლების  სამოქალაქო  ბრუნვაში  გაშვება  გაყიდვის  ან  გაქირავების  ანდა  ნაწარმოების,  ფონოგრამის,  ვიდეოგრამის  ან  მონაცემთა  ბაზის  ასლებზე  საკუთრების  ან  მფლობელობის  სხვა  ფორმით  გადაცემის  გზით  იმ  რაოდენობით,  რომელიც  აკმაყოფილებს  საზოგადოების  გონივრულ  მოთხოვნებს;

არცერთი  გამომცემლობა  არ  დაეთანხმებოდა  წიგნის  გამოცემას  მისი  ავტორის  თანხმობის  გარეშე.

იცით  კი  საერთოდ  რა  არის  საავტორო  უფლება,  რა  შემთხვევაში  გენიჭებათ,  როდის  ხართ  “ავტორი”  კანონის  მიხედვით,  ან  როგორ  დაიცვათ  თავი  ინტერნეტში  თქვენი  საავტორო  უფლებების  დარღვევისგან?

„ავტორი“  –  ფიზიკური  პირი,  რომლის  ინტელექტუალურშემოქმედებითი  საქმიანობის  შედეგადაც  შეიქმნა  ნაწარმოები;  ავტორს  ნაწარმოების  შექმნისას  წარმოეშვება  საავტორო  ქონებრივი  და  პირადი  არაქონებრივი  უფლებებიც.

ხშირია  შემთხვევა,  როცა  ბლოგერის  მიერ  გამოქვეყნებულ  პოსტს  ავტორი  შემდგომ  აღმოაჩენს  ხოლმე  სადმე  გამოქვეყნებულს.  რომელიმე  საიტზე,  გაზეთში,  ჟურნალში  და  ა.შ.  ეს  საავტორო  უფლების  უხეში  დარღვევაა.  ავტორს  გააჩნია  პირადი  არაქონებრივი  უფლებები.  მათ  შორის,    ა)  აღიარებულ  იქნეს  ნაწარმოების  ავტორად  და  მოითხოვოს  ასეთი  აღიარება  ნაწარმოების  ყოველ  ეგზემპლარზე  ან/და  ნებისმიერი  სახით  გამოყენებისას,  სათანადო  წესით,  ავტორის  სახელის  მითითების  მოთხოვნის  უფლების  ჩათვლით  (საქართველოს  კანონი  და  მომიჯნავე  უფლებების  შესახებ,  მუხლი  17,  ნაწ.1).  იგულისხმება,  რომ  პოსტის  ხელახლა  გამოქვეყნებისას  აუცილებელია  მიეთითოს  ავტორის  სახელი,  მისი  უფლებების  დაცვის  მიზნით.  ბუნებრივად  ჩნდება  კითხვა,  აუცილებელია  თუ  არა  ავტორის  თანხმობა,  მისი  ნაწარმოების  გამოქვეყნებისას:  ამის  შესახებ  კანონი  ამბობს,რომ  ავტორის  თანხმობა  ყოველთვის  სავალდებლო  არაა,  როცა  მისი  ნაწარმოების  რეპროდუცირება  ხდება.    დაშვებულია  მართლზომიერად  გამოცემის  ან  საჯარო  გაცნობის  გზით  საზოგადოებისათვის  ხელმისაწვდომი  ნაწარმოების  რეპროდუცირება  ფიზიკური  პირის  მიერ  მხოლოდ  პირადი  სარგებლობისათვის  ავტორის  ან  საავტორო  უფლების  სხვა  მფლობელის  თანხმობისა  და  მისთვის  საავტორო  ჰონორარის  გადახდის  გარეშე.  თუმცა,  გასათვალისწინებელია,  რომ  გაზეთსა  და  ჟურნალში  დაბეჭდვის  შემთხვევაში  პირად  არაქონებრივთან  ერთად  ქონებრივიც  ილახება,  ასეთი  შემთხვევა  კი  ცალკე  რეგულირდება.

ასე  რომ,  სანამ  უჯრაში  ნაპოვნი  სხვისი  ნაწარმოების  გამოქვეყნებას  და  თუნდაც,  საყვარელი  ადამიანისთვის  სასიამოვნო  სიურპრიზის  მოწყობას  გადაწყვეტთ,  კარგად  დაფიქრდით,  შემთხვევით  კანონი  არ  დაარღვიოთ