სამართალი განსხვავებულ კულტურებში

კონსპეტი. აღებულია: Robo Nadiradze http://lawrobo .blogspot.  com/2013/04/ blog-post_9751.html Monday, April 15, 2013

კლასიკური რომის იურიდიული აზროვნება კონცენტრირებული იყო დავის სამართლებრივ გადაწყვეტაზე და ნაკლებად ეხებოდა ზოგად წესებსა და პრინციპებს. ასევე დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა ცალკეულ საკითხებზე მიღებულ კონკრეტულ გადაწყვეტილებებსა და იურისტთა შეხედულებებს. რომაელი იურისტები ნაკლებად ცდილობდნენ თავიანთი შეხედულებების დასაბუთებას, როცა შუა საუკუნეების იურისპუდენცია ეფუძნებოდა როგორც რომისა და კანონიკური სამართლის კრებულს, ასევე იურიდიულ ლოგიკას.
კონტინენტური ევროპის იურიდიულმა აზროვნებამ გვიან შუა საუკუნეებიდან თანდათან უარყო პრეცედენტის სავალდებულოობა. გერმანულმა იურიდიულმა აზროვნებამ განავითარა ზოგადი პრინციპები, რომლებმაც სამართლის წყაროს მნიშვნელობა შეიძინეს. კონკრეტული შემთხვევა უკვე წყდებოდა უშუალოდ პრინციპების საფუძველზე. პრინციპების როლი განსაკუთრებით გამოიკვეთა XIX საუკუნის ე.წ. პანდექტიკაში. პანდექტიკა სამართლის ინსტიტუტებს (ქორწინება, საკუთრება, ხელშეკრულება) განიხილავდა როგორც პირველადს, ხოლო ქცევის წესებს, როგორც მეორადს, წარმოებულს.
გერმანული იურიდიული აზროვნებისგან განსხვავებული მიმართულება აირჩიეს ფრანგებმა. კანონი განიხილებოდა სამართლის ერთადერთ ლეგიტიმურ წყაროდ. კანონს უნდა მოეცვა ყველა მნიშვნელოვანი იურიდიული საკითხი. სამართლის შეფარდების პროცესში გამოიყენებოდა მხოლოდ კანონზე დაფუძნებული არგუმენტები.
ინგლისური common law ეფუძნება რომის სამართლებრივი აზროვნების ტრადიციებს. სამართლის უმთავრესი წყაროა პრეცედენტი. პრეცედენტული სამართლის ქვეყნებში იურისტი შემოიფარგლება გადასაწყვეტი შემთხვევის ზუსტი ანალიზით და მსგავს პრეცედენტთან შედარებით. სასამართლო პრაქტიკაში არსებული ხარვეზების შევსებისას სამართლის შემფარდებელ იურისტს შეუძლია დაეყრდნოს საზოგადოებრივ, ეთიკურ, პოლიტიკურ და სხვა არაიურიდიულ არგუმენტებს.
იაპონურ კულტურაში ჯგუფს უპირატესობა ენიჭება ინდივიდის წინაშე. დავის გადაწყვეტის ძირითად გარანტიად განიხილება ზემოქმედების არა იურიდიული, არამედ კოლექტიური მექანიზმები. ტრადიციული იაპონური გაგებით კანონი უნდა იცავდეს კოლექტიურ ღირებულებით წარმოდგენებს. XIX საუკუნის იაპონია ორიენტირებული იყო ფრანგულ, ხოლო მოგვიანებით – გერმანულ კანონმდებლობაზე. მეორე მსოფლიო ომის შემდგომ იაპონიაში დიდი იყო ამერიკული იურიდიული აზროვნების გავლენაც.
კოლექტივისა და ჯგუფის ინტერესები დომინირებს ჩინურ სამართლებრივ კულტურაშიც. ინდივიდი უნდა ემსახუროს კოლექტივს და შეასრულოს თავისი სოციალური მოვალეობები სახელმწიფოსა და საზოგადოების წინაშე. ინდივიდი ექვემდებარება საზოგადოებას – მას არ გააჩნია არანაირი დამოუკიდებელი პოზიცია.
ბუდიზმი ხაზგასმით გამოყოფს ინდივიდის სულიერ თავისთავადობას, მაგრამ , იურიდიულ საკითხებს განიხილავს მხოლოდ მოვალეობის და არა უფლებების კუთხით. პიროვნების ფიზიკურ არსებობას ბუდიზმი დამოუკიდებელ ღირებულებას არ ანიჭებს. ინდივიდის ფიზიკური ყოფიერება ემსახურება მხოლოდ სულიერ განვითარებას. ბუდიზმი ნაკლებ ყურადღებას აქცევს ინდივიდუალური უფლებების დაცვას.
ინდუიზმი უპირატესობას ანიჭებს კოლექტიურ ღირებულებებს, ჰინდუს რელიგია არის კოსმიური წესრიგის ნაწილი.ჰინდუ ვალდებულია შეიმეცნოს ბუნებისა და საზოგადოებრივი წესრიგის კანონი და იცხოვროს ამ კანონის შესაბამისად, ადამიანმა უნდა განახორციელოს საკუთარი ბედისწერა. მხოლოდ ამ შემტხვევაში შეუძლია მას, რომ მომავალ ცხოვრებაში გახდეს ზემდგომი კასტის წევრი. ბუნებითი სამართლის თეორია, რომელიც უარყოფს ყოველგვარ კასტურ სისტემას, მიუღებელია ინდუიზმისათვის.
ისლამი ყურანს განიხილავს როგორც ღმერთის მიერ დადგენილ შეუცვლელ კანონს. რელიგია არის კონსტიტუციის, კანონისა და მისი ინტერპრეტაციის საფუძველი.
აფრიკულ კულტურაში ადამიანი განიხილება როგორც კოსმოსისა და ბუნების განუყოფელი ნაწილი. სამართლისა და მორალის სუბიექტი არის არა ინდივიდი, არამედ ოჯახი, კლანი, საზოგადოება. შედარებით ნაკლები მნიშვნელობა ენიჭება სახელმწიფოს იდეას. მატერიალურ სამართალთან შედარებით უფრო მეტი ყურადღება ეთმობა სამართლის პროცესუალურ ფორმებს და , ასევე, პროცესის რიტუალს.

_________________________________

გადასვლა >>>> სამართალმცოდნეობა

.