წარმომადგენლის ნამდვილობის პირობა

კონსპეტი. აღებულია: Robo Nadiradze http://lawrobo .blogspot.  com/2013/04/ blog-post_9751.html Monday, April 15, 2013

წარმომადგენლობა შეიძლება ყველა სახის ურთიერთობისა და ყველა გარიგების მიმართ იყოს გამოყენებული. მაგრამ ამ ზოგადი წესიდან შეიძლება არსებობდეს გამონაკლისები. წარმომადგენლობა არ გამოიყენება მაშინ  როცა გარიგების ხასიათიდან გამომდინარე იგი უშუალოდ უნდა დადოს პირმა, ან როცა კანონით აკრძალულია გარიგების დადება წარმომადგენლის მეშვეობით. ამიტომ წარმომადგენლის მეშვეობით გარიგების დადებისას უნდა გაირკვეს შეიძლება თუ არა მასში წარმომადგენლის მონაწილეობა.
იმის გამო, რომ წარმომადგენელი თვითონ დებს გარიგებას, მისი პიროვნება უნდა აკმაყოფილებდეს გარიგების მონაწილეთათვის დადგენილ მოთხოვნებს. ამისთვის აუცილებელია, რომ წარმომადგენელი იყოს ქმედუნარიანი. წარმომადგენელი შეიძლება იყოს შეზღუდული ქმედუნარიანი პირიც. ეს აიხსნება იმით, რომ  მართალია  წარმომადგენელი თვითონ დებს გარიგებებს, მაგრამ ამ გარიგების შედეგები დგებაწარმოდგენილი პირისათვის. სავალდებულოა  რომ შეზღუდული ქმედუნარიანი პირი გარიგებას დებდეს თავისი უფლებამოსილების ფარგლებში. თუმცა ამ წესიდანაც არის გამონაკლისი. წარმომადგენლობის უფლებამოსილების არარსებობა არ შეიძლება იყოს გარიგების ბათილობის მოთხოვნის საფუძველი  თუკი გარიგება ისეთ პირობებში დაიდო, რომ მესამე პირს კეთილსინდისიერად ეგონა წარმომადგენლობის უფლების არსებობა.
პრაქტიკულად შეუძლებელია წარმომადგენელი იყოს შეზღუდული ქმედუნარიანი  როცა ლაპარაკია კანონით წარმომადგენლობაზე, მაგალითად შეზღუდულად ქმედუნარიანი პირი არ შეიძლება დაინიშნოს მეურვედ ან მზრუნველად.
წარმომადგენლობის ნამდვილობის შემდეგ მნიშვნელოვან წინაპირობას წარმოადგენს უფლებამოსილება. ასეთი უფლებამოსილების მინიჭება ხდება ან მარწმუნებლის მიერ, ან კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევაში. წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მინიჭება (მინდობილობის გაცემა) წარმოადგენს გარიგებას და მის მიმართ გამოიყენება წესები საერთოდ გარიგებათა შესახებ.
წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მინიჭებას სამოქალაქო კოდექსი დიდ მნიშვნელობას აძლევს. ამიტომაც განსაზღვრავს იგი ამ უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძვლებს კონკრეტულად . წარმომადგენლობითი უფლებამოსილება ქარწყლდება, თუ გავიდა ის ვადა, რა ვადითაც გაიცა უფლებამოსილება, უარი თქვა უფლებამოსილმა პირმა, ან რჭმუნებულმა გააუქმა თავისი უფლებამოსილება ანდა შესრულდა უფლებამოსილებით გათვალისწინებული ვალდებულება. უფლებამოსილების გაუქმების ერთ-ერთ საფუძველს წარმოადგენს რწმუნებულის გარდაცვალება ან მისი ქმედუუნაროების დადგომა, თუ შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
წარმომადგენლობის ნამდვილობის ერთ – ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობა ისიცაა, რომ წარმომადგენელი ურთიერთობაში გამოდის სხვისი სახელით და უფლება-მოვალეობები ამ ურთიერთობიდან წარმოეშობა სხვას.

_________________________________

გადასვლა >>>> სამოქალაქო სამართალი

.