მეღვინეობა პორტუგალიაში

მეღვინეობა პორტუგალიაშიმეღვინეობა პორტუგალიაში

ჯერ კიდევ 1990-იანი წლების დასაწყისში, პორტუგალია არაფერს აწარმოებდა, გარდა მარტივი, მჟავე თეთრი და მოსაწყენი წითელი ღვინოებისა.
ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებასთან ერთად, პორტუგალიური მეღვინეობა თანდათან გაუმჯობესდა, რადგან ბევრმა ადეგამ (port.adega, „მეღვინეობა“) მნიშვნელოვანი სუბსიდიები მიიღო.
ამჟამად  როგორც დიდი, ასევე შედარებით მცირე მეღვინეები ღვინის წარმოებისა და დაძველების თანამედროვე ტექნოლოგიებს იყენებენ.
გარდა ამისა, განახლდა ადგილობრივი ავტოქტონური ჯიშების შესწავლა და გამოყენება.
ყოველივე ამის შედეგად,  გაიზარდა ევროპელი მომხმარებლებისა და ღვინის კრიტიკოსების ინტერესი პორტუგალიური ღვინოების მიმართ.

მიუხედავად იმისა, რომ პორტუგალიის ყველაზე ცნობილ ღვინოდ მაინც პორტვეინი რჩება, ღვინის ბაზრის ბევრი პროფესიონალი პროგნოზირებს ხარისხიანი ღვინოების წარმოების ზრდას ხელმისაწვდომ ფასად, რაც იმას ნიშნავს, რომ პორტუგალია მალე წარმოგვიდგენს ბევრ მაღალი ხარისხის ღვინოს, რაზეც ღირს ყურადღების მიქცევა.
წინამდებარე  სტატიაში გაგაცნობთ პორტუგალიური ღვინის კლასიფიკაციასა და ძირითადი ღვინის რეგიონებს.

კლასიფიკაცია

  1. VM – Vinho de Mesa (პორტ. „სუფრის ღვინო“).
  2. VR – Vinho Regional (პორტ. „კონკრეტულ რეგიონში წარმოებული ხარისხიანი ღვინო“) ეს საბაზისო დონე მოგვაგონებს ფრანგულ Vin de Pays-ს, მომავალში მას დიდი ალბათობით IGP დაერქმევა.
  3. IPR – Indicação de Proveniência Regulamentada (პორტ. „წარმოშობის მიხედვით რეგულირებადი“) ეს კატეგორია შუალედურია; ბოლო წლებში ამ კატეგორიის ბევრ ღვინოს მიენიჭა DOC სტატუსი.
  4. DOC – Denominação de Origem Controlada (პორტ. „წარმოშობის მიხედვით კონტროლირებადი“) – პორტუგალიური ღვინოების უმაღლესი დონე – ფრანგული AOC და ესპანური DO-ს ეკვივალენტი.

დამატებითი აღნიშვნები

  1. კოლეიტა (Colheita)– მოსავლის წელი.
  2. კარაფეირა (Carrafeira) – ეს ტერმინი გამოიყენება დადგენილ მინიმუმზე 0,5%-ით მაღალი სიმაგრის მქონე ვინტაჟური ღვინოებისათვის. წითელი ღვინოები ძველდება სამი წლის განმავლობაში, აქედან 1 წელი ღვინის დაძველება ხდება  ბოთლში. თეთრი ღვინოები, თავის მხრივ, 1 წლის განმავლობაში ძველდება, აქედან ექვსი თვე ბოთლშია.
  3. რეზერვა (Reserva) – ტერმინი გამოიყენება დადგენილ მინიმუმზე 0,5%-ით მაღალი სიმაგრის მქონე ვინტაჟური ღვინოებისათვის. ამ კატეგორიის ღვინისთვის საჭირო  ყურძნის მოკრეფა შესაძლებელია ერთ ან რამდენიმე რეგიონში.
  4. ლიკოროზო (Licoroso) – შემაგრებული ღვინო.
  5. პალასიო (Palacio) – ღვინის მწარმოებელი მამული ან მეურნეობა; ასევე შეიძლება ნიშნავდეს ღვინოს ერთი ვენახიდან.
  6. კვინტა (Quinta) – ღვინის მწარმოებელი ფერმა ან მეურნეობა.

მეღვინეობა პორტუგალიაში – ღვინის რეგიონები პორტუგალიაში

პორტუგალიური ღვინის რეგიონებს შორის ლიდერია დუროს (Douro) რეგიონი , ამასთან არა მხოლოდ პორტვეინის, არამედ საკმაოდ კარგი ხარისხის  მშრალი წითელი და თეთრი ღვინოების წყალობით.
დუროს შემდეგაა ბაირადას (Bairrada), ტეჯოს (Tejo), ალენტეჯანოს (Alentejano)  და დანის (Dãn) რეგიონები.

განსაკუთრებით აღსანიშნავია წითელი, ტანინიანი, ელეგანტური და ხილის ღვინოები ბაირადიდან, ასევე ადგილობრივი, ახალი ვარდისფერი და თეთრი ღვინოები.
აღსანიშნავია ულამაზესი კუნძულ მადეირას ღვინოები. ღვინის ეს  რეგიონი მდებარეობს ატლანტის ოკეანეში, მაროკოს დასავლეთით და ცნობილია თავისი ღვინით – მადეირათი.


ყველაზე მეტი ღვინის მარანი მდებარეობს კუნძულის დედაქალაქ ქალაქ ფუნჩალში, ხოლო ვენახები კი გაშენებულია მადეირას კიდეებზე და თითქოს შემოფარგლავს მას.
ეს კუნძული დიდი ხნის განმავლობაში სავალდებულო გაჩერება იყო  აღმოსავლეთისკენ მცურავი მეზღვაურებისათვის, რომლებსაც მტკნარი წყლისა და საკვების მარაგის შესავსებად მადეირაში ჩასვლისას არ ავიწყდებოდათ  სათავსოების შევსება ადგილობრივი ღვინითაც.
იმ დროს მადეირა არ ითვლებოდა მაგარ ღვინოდ, თუმცა, ისევე როგორც როგორც ხერესისა და პორტვეინის შემთხვევაში, ხანგრძლივი მოგზაურობის დროს დაიწყეს მასში ღვინის სპირტის  დამატება.
როდესაც გემები შორეულ აღმოსავლეთში, აზიაში, სამხრეთ აფრიკაში ან ავსტრალიაში მიცურავდნენ, მათ უწევდათ ტროპიკების გავლა, სადაც ღვინის კასრები 45°C-მდე თბებოდა და შემდეგ კი ცივდებოდა.
ასეთმა  ტემპერატურულმა ცვლამ მადეირას შესძინა უნიკალური და განუმეორებელი გემო და არომატი; მოგვიანებით უკვე ღვინის ქარხნებში დაიწყეს ამგვარი ღვინის წარმოება.
მადეირაში „შორ მანძილზე მოგზაურობის პირობების ხელახალი შექმნის“ პროცესს ეწოდება ეშტუფაჟემი  estufagem, ხოლო ღუმელებს, რომლებშიც ღვინოს „აცხობენ“ 40°C ტემპერატურაზე სამი თვის განმავლობაში – ეშტუფასი  estufas.
ამრიგად, გახურების დახმარებით ღვინოები სტაბილიზდება და თითქმის მუდმივი ხდება. დაყენებამდე ყველა ღვინო გადის სტანდარტული დუღილის პროცესს ფოლადის ავზებში,  მუდმივად კონტროლირებად ტემპერატურაზე.
მადეირას ოთხი ტიპი არსებობს: სეკო seco (მშრალი), მეიოსეკო meioseco (ნახევრად მშრალი), მეიოდოცე meiodoce  (ნახევრად ტკბილი) და დოცე doce (ტკბილი).
გირჩევთ, აუცილებლად სცადეთ მადეირა ყველთან, დესერტებთან და ნიგვზიან კერძებთან კომბინაციაში.

მეღვინეობა პორტუგალიაში – პორტვეინი

ყველაზე ცნობილი  შემაგრებული ღვინო პორტუგალიაში პორტვეინია. ძნელი წარმოსადგენია, რომ პორტუგალიის ცხელ კლიმატში ისეთი გამათბობელი სასმელი გაჩენილიყო, როგორიც პორტვეინია.
არსებობს ლეგენდა, რომ პორტუგალიელებმა კი არ გამოიგონეს პორტვეინი, არამედ ინგლისელებმა, თუმცა  ეს მთლად სიმართლეს არ შეესაბამება.
სწორედ პორტუგალიელებს ეკუთვნით  პორტვეინის შექმნის იდეა და ბრიტანელებმა ეს უკვე  მომგებიან ბიზნესად აქციეს; მე-18 საუკუნის შუა ხანებამდე ბრიტანელები  ფაქტიურად მონოპოლიზებდნენ პორტვეინის წარმოებასა და გაყიდვას და ხშირად ბოროტადაც  იყენებენ თავიანთ გავლენას.
რამდენიმე საუკუნის შემდეგაც კი, ბრიტანელები კვლავ დომინირებენ პორტვეინის  ინდუსტრიაში. ისინი აწარმოებენ მუქ, ტკბილ, ხილის ღვინოებს, ვინტაჟური პორტვეინის აქცენტებით, ხოლო პორტუგალიელები უფრო მსუბუქ, რბილ სტილს ანიჭებენ უპირატესობას.
პორტვეინი იწარმოება პორტუგალიის ჩრდილოეთით, მდინარე დუროს ხეობაში, Cima Corgo, Baixo Corgo და Douro Superior დასახლებებში.
ვენახები გაშენებულია  მთიან, ზოგჯერ ციცაბო რელიეფზე და იზრდება მშრალი, ცხელი ზაფხულისა და სველი ზამთრის პირობებში.
პორტვეინის წარმოებისთვის ოფიციალურად დაშვებულია ყურძნის 48 ჯიშის გამოყენება, რომელთაგან საუკეთესოა წითელი ტურიგა ნასიონალი Touriga  Nacional, ტინტა კანი Tinta Can, ტინტა როტიში  Tinta Rorish, ტინია ბაროკა Tinta Barroca, ტურიგა ფრანსეზა Touriga Francesa და ტინტა ამარელა Tinta Amarela.
დუროს ყველა ვენახი ფასდება A  (საუკეთესო)-დან F (ყველაზე უარესამდე) -მდე  კატეგორიებით,  –   როგორიცაა ვენახის მდებარეობა, გარეგნული სახე, სიმაღლე, დახრილობის ხარისხი, ნიადაგი, მიკროკლიმატი, დარგვის სიმკვრივე, მოსავლიანობა და ვაზის ასაკი (რაც უფრო ძველია, მით უკეთესი).
განსხვავებით ხერესისა, პორტვეინს  ყურძნის სპირტი ემატება უკვე დუღილის ეტაპზე და ეს საკმარისია ხერესის აპკის – “velo de flor” წარმოქმნის თავიდან ასაცილებლად. დუღილის შეწყვეტის მომენტში ღვინოში რჩება დაუდუღარი შაქარი და სწორედ ამის წყალობით ხდება იგი ტკბილი და შემაგრებული;
ალკოჰოლის დამატების ეტაპი დამოკიდებულია იმაზე, რამდენად ტკბილი ღვინის  მიღება  სურს მეღვინეს.
დღეს პორტვეინის ვინიფიკაცია ხდება არა გრანიტის აუზებში  – ლაგარებში (legeres),, რომლებშიც ყურძენს ოდესღაც ფეხით წურავდნენ,   არამედ უჟანგავი ფოლადის კონტეინერებში.
1986 წლამდე, კანონით, მთელი პორტვეინი  უნდა დაძველებულიყო კასრებში და ჩამოსხმულიყო ბოთლებში Vila Nova de Gaia-ში, – ქალაქში, რომელიც მდებარეობს მდინარე დუროს მარცხენა სანაპიროზე, ქალაქ პორტოს მოპირდაპირე მხარეს.  აღნიშნული  კანონი მიიღეს მსხვილმა მწარმოებლებმა, რომლებსაც არ სურდათ შეგუებოდნენ მცირე მეღვინეების კონკურენციას, რომელთაც არ შეეძლოთ მარნის დაქირავება Vila Nova di Gaia-ში.
ამჟამად  სიტუაცია შეიცვალა, უფრო და უფრო მეტი მეღვინე აძველებს პორტვეინს თავიანთ „კინტებში“ (იხ. დამატებითი აღნიშვნები).

პორტვეინის სტილები

გარდა თეთრი პორტვეინისა, არსებობს ორი ძირითადი სტილი,  საიდანაც წარმოიქმნება სხვადასხვა ვარიაციები: ლალისფერი (პორტ. ruby)  და წითური (პორტ. tawny).  მთავარი განსხვავება ისაა, რომ ლალისფერი პორტვეინი დაძველებულია ბოთლებში, ხოლო წითური პორტვეინი  – კასრებში, თუმცა ,,სარეზერვო ლალისფერი“  (reserve ruby)  პორტვეინი ასევე დაძველებულია კასრებში.
პორტვეინის  ძირითადი სტილების გარდა, აღსანიშნავია:

  1.  Crusted Port – ერთი ან რამდენიმე მოსავლის ნაკრებია; ეს არის  ძალიან მაღალი ხარისხის ღვინო, რომელიც ისხმება უფილტროდ ბოთლებში  და ამიტომ მიწოდების წინ საჭიროებს დეკანტაციას.
  2. LBV („გვიანი ჩამოსხმის“, ინგ.: latebottledvintage) – დამზადებულია კარგი, მაგრამ არა აუცილებლად გამორჩეული მოსავლისაგან. LBV პორტვეინი ძველდება  კასრებში 4-დან 6 წლამდე და გაყიდვისთანავე მზადაა მოხმარებისთვის.
  3. კოლჰეიტა Colheita – უმაღლესი ხარისხის ღვინოები; ჩამოსხმულია ყურძნის ერთი  მოსავლისაგან; ასეთი პორტვეინი ძველდება 20 და ზოგჯერ 50 წელი.
  4. ვინტაჟი Vintage – ისხმება ორწლიანი დაძველების შემდეგ კასრში; მზადდება საუკეთესო ხარისხის ყურძნისგან, საუკეთესო ვენახებიდან და  ყველაზე წარმატებულ წლებში. ღვინის ექსპერტები პორტვეინის  ამ სტილს აფასებენ, როგორც „უნიკალურს, მშფოთვარე ბუკეტითა და არაჩვეულებრივი გემოთი“ (ტომ სტივენსონი).
  5. სინგელ-ქვინტა Single-Quinta – არანაკლები ხარისხისაა, ვიდრე  “ვინტაჟური” პორტვეინი, “სინგელ-ქვინტა“ იწარმოება მხოლოდ ერთი ვენახიდან და შეიძლება ჰქონდეს ან არ ჰქონდეს  მოსავლის თარიღი ეტიკეტზე. პორტვეინის ეს სტილი სულ უფრო პოპულარული ხდება და ეწევა “ვინტაჟურ” პორტს თავისი ხარისხით.

თუ თავს პორტვეინის  მცოდნედ თვლით, ან გაინტერესებთ მადეირას ღვინოები, აუცილებლად გაემართეთ პორტუგალიაში!
ამ ღვინოების უნიკალურობის გადმოცემა  სიტყვებით შეუძლებელია, ის  აუცილებლად უნდა გასინჯოთ სამშობლოში – პლაჟების, მოალერსე  მზის, თვალწარმტაცი პეიზაჟებისა და შესანიშნავი ადგილობრივი სამზარეულოს ქვეყანაში.

მეღვინეობა პორტუგალიაში – ღვინის ძირითადი რეგიონები

პორტუგალიის ღვინის რეგიონების რუკა
  • ვინო ვერდე (Vinho Verde)
  • დორუ (Vinho do Douro)
  • დანი (Dão)
  • ბაირადა (Bairrada)
  • ალენტეჟო (Alentejo)
  • კულარეში (Colares)
  • მადეირა (Madeira)

პორტუგალია დიდი ხანია ცნობილია თავისი შემაგრებული  სადესერტო ღვინოებით, რომლებიც მე-19 საუკუნეში შეადგენდნენ ერთგვარ კვარტეტს: პორტვეინი მზადდებოდა დორუს ხეობაში, მადეირა მზადდებოდა კუნძულ მადეირაზე, მუქი ქარვისფერი შემაგრებული  მუსკატები (“Muscatel de Setubal” ) მზადდებოდა სეტუბალის ნახევარკუნძულზე, ხოლო კარკაველოსში (ლისაბონის ჩრდილოეთ გარეუბანში) – მზადდებოდა  კონიაკის ფერის ნახევრად მშრალი ღვინოები, რომლებიც ხერესს  მოგვაგონებს; თუმცა მე-20 საუკუნის ბოლოდან ეს უკანასკნელი აღარ იწარმოება.

მეღვინეობა პორტუგალიაში – გაშენებული ვაზის ჯიშები

პორტუგალიელი მეღვინეები განთქმულნი არიან თავიანთი ერთგულებით ადგილობრივი ყურძნის ჯიშების მიმართ, როგორიცაა:

  • ალვარინიო (Alvarinho)
  • არაგონესი (Aragonez)
  • არინტო (Arinto)
  • ბასტარდო (Bastardo)
  • ვინიანი (Vinhão)
  • კასტელაო (Castelão)
  • ცერციალი (Cercial)
  • ფერნაო პირესი (Fernão Pires)
  • ფოლგაზაო (Folgazao)
  • ლურეირო (Loureiro)
  • მალვასია ფინა Malvasia Fina – ძალიან აფასებენ მეღვინეები, მაგრამ არ არის დაკავშირებული ნამდვილ (იტალიურ) მალვაზიასთან
  • სეზანი Sezão / Sousão
  • ტინტა ამარელა (Tinta Amarela)
  • ტინტა ნეგრა მოლი (Tinta Negra Mole)
  • ტურიგა ფრანკა (Touriga Franca)
  • ტოურიგა ნასიონალი – Touriga Nacional – შავი ყურძნის „ფლაგმანი“ ჯიში, საიდანაც მზადდება ყველაზე გრძელვადიანი წითელი ღვინოები.
  • ტრაჯადურა (Trajadura)
  • ტრინკადეირა (Trincadeira)
  • ვერდელიო (Verdelho)
  • ვიოზინიო (Viosinho)

ევროპის ღვინის მწარმოებელი “დიდი ხუთეულის”  ქვეყნებიდან, სწორედ პორტუგალიაშია ვაზის “საერთაშორისო” ჯიშების ყველაზე სუსტი პოზიციები (ჩვეულებრივ ფრანგული წარმოშობის: კაბერნე სოვინიონი, სოვინიონ ბლანი და ა.შ.). ყურძნის ფრანგული ჯიშებიდან ყველაზე გავრცელებულია ალიკანტე ბუში –  Alicante Boucher და სემილიონი –  Semillon.

ღვინის ეროვნული კლასიფიკაცია

  • Vinho de Qualidade Produzido em Região Demarcada (VQPRD) = ხარისხიანი ღვინო, წარმოებული მითითებულ რეგიონში.
  • Indicação de Proveniência Regulamentada (IPR) – რეგულირებადი წარმოშობის მითითება (IPR)

მეღვინეობა პორტუგალიაში – ექსპორტი

პორტუგალიამ გააძლიერა თავისი პოზიცია ბრაზილიაში, კერძოდ, ექსპორტზე გაიტანა  80 მილიონ ევროზე მეტი ღირებულების 26 მილიონი ლიტრი ღვინო, რაც  8,91%-ით მეტია, ვიდრე გასულ წელს.
პორტვეინის გამოკლებით,  2023 წელს ბრაზილია  იყო პორტუგალიური ღვინოების ყველაზე დიდი ბაზარი,  აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის შემდეგ.
რაც შეეხება პორტვეინს, პირველ სამეულში არიან საფრანგეთი, აშშ და დიდი ბრიტანეთი, რომელთაგან მხოლოდ ეს უკანასკნელი გასულ წელს გაიზარდა  – 4,49%-ით ღირებულებით და 6,67%-ით საშუალო ფასით, მიუხედავად საექსპორტო მოცულობის 2%-იანი შემცირებისა.


გადასვლა >> Winemaking

Leave A Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *