სისხლის სამართლის კანონი

ბლოგის  ადმინის  ნებართვით  აღებულია  ბლოგიდან    https://geolaw.wordpress.com

სისხლის სამართლის კანონი
სისხლის  სამართლის  კანონი  არის  საქართველოს  საკანონმდებლო  ხელისუფლების  მიერ  აღიარებული  იურიდიული  ნორმების  შემცველი  ნორმატიული  აქტი,  რომელიც  ადგენს  სისხლისსამართლებრივი  პასუხისმგებლობის  საფუძველს,  განსაზღვრავს,  თუ  რომელი  ქმედებაა  დანაშაულებრივი  და  აწესებს  შესაბამის  სასჯელს  ან  სხვა  სახის  სისხლისსამართლებრივ  ღონისძიებებს.  სისხლის  სამართლის  კანონმდებლობა  შეიძლება  განისაზღვროს  მხოლოდ  საქართველოს  საკანონმდებლო  აქტით.  საქართველოს    სისხლის  სამართლის  ერთადერთი  წყაროა  სისხლის  სამართლის  კანონი,  არც  ერთ  სხვა  აქტში  არ  შეიძლება  გათვალისწინებული  იყოს  სისხლისსამართლებრივი  ნორმა.  ამასთან  სისხლის  სამართლის  კანონმდებლობა  სრულადაა  კოდიფიცირებული.  სწორედ  ეს  კოდექსი  ადგენს  სისხლისსამართლებრივი  პასუხისმგებლობის  საფუძველს,  განსაზღვრავს  თუ  რომელი  ქმედებაა  დანაშაულებრივი  და  აწესებს  სასჯელს  ან  სხვა  სახის  სისხლისსამართლებრივ  ღონისძიებას.  სრული  კოდიფიკაცია  შესაძლებელს  ხდის  საკანონმდებლო  მასალის  დალაგებას  დაცული  ობიექტების  ღირებულების  მიხედვით.  გარდა  ამის,  ეს  შესაძლებელს  ხდის  დაწესდეს  სანქციები  აკრძალული  ქმედების  საშიშროების  ხარისხის  მიხედვით.  ამით  პრაქტიკოს  მუშაკებს  უადვილდებათ  სისხლის  სამართლის  კანონმდებლობის  გამოყენება.  ასეთი  კომპაქტური  კანონმდებლობა  ხელმისაწვდომია  ყველა  მოქალაქისთვის.

კანონისგანმარტება

კანონის  განმარტება  ნიშნავს  მისი  შინაარსის,  მასში  ასახული  კანონმდებლის  ნების  დადგენას.  სისხლის  სამართლის  კანონის  განმარტება  განპირობებულია  სამართლის  ნორმის  ზოგადი  ხასიათით,  მასში  გამოყენებული  სპეციალური  იურიდიული  ტექნიკით.  გარდა  ამისა,  განმარტება  პირობადადებულია  სისხლისსამართლებრივი  ნორმების  სისტემურობით,  მათი  ურთიერთკავშირით  სამართლის  სხვა  დარგების  ნორმებთან.  განმარტება  უზრუნველყოფს  სისხლის  სამართლის  ნორმების  ერთგვაროვან  გამოყენებას,  კანონის  ნაკლის  გამოვლინებასა  და  აღმოფხვრას.  განსაკუთრებით  მნიშვნელოვანია  ახალი  კანონის  განმარტება,  როდესაც  ჯერ  კიდევ  არაა  თეორიულად  გააზრებული  და  პრაქტიკით  განმტკიცებული.  განასხვავებენ  განმარტების  სხვადასხვა  სახეს:  ა)განმარტება  სუბიექტის  მიხედვით  ბ)განმარტების  ხერხების  მიხედვით  გ)განმარტების  მოცულობის  მიხედვით.
სუბიექტის  მიხედვით  განმარტება  შეიძლება  იყოს:  ა)ლეგალური  ბ)სასამართლო  გ)დოქტრინალური(მეცნიერული).  ლეგალურია  განმარტება,  რომელსაც  იძლევა  კანონით  სპეციალურად  ამისთვის  უფლებააღჭურვილი  ორგანო.  სასამართლო  განმარტება  გულისხმობს  განმარტებას,  რომელსაც  იძლევა  სასამართლო  სისხლის  სამარტლის  კონკრეტული  საქმის  განხილვისას.  კანონიერ  ძალაში  შესულ  განაჩენს,  და,  მაშასადამე,  სისხლის  სამართლის  კანონის  განმარტებას,  რომელსაც  იგი  შეიცავს,  სავალდებულოძალა  აქვს  მოცემული  საქმისთვის.  საქმის  სირთულიდან  გამომდინარე  გადაწყვეტილების  მიღება  საჭიროებს  ახლებურ  განმარტებას.  კანონის  დოქტრინალურ  განმარტებას  ახორციელებს  მეცნიერების  წარმომადგენელი.  ასეთი  განმარტებით  საგანი  შეიძლება  იყოს  კონკრეტული  საქმე,  აგრეთვე  სასამართლო  პრაქტიკის  განზოგადებული  მასალები.  ასეთ  განმარტებას  ოფიციალურად  არ  აქვს  სავალდებულო  ძალა,  მაგრამ  დიდი  მნიშვნელობა  აქვს  კანონის  სწორად  გაგებისა  და  შეფარდებისთვის.  დოქტრინალური  განმარტებისგან  უნდა  განვასხვავოთ  ჩვეულებრივი,  საყოფაცხოვრებო  განმარტება,  რომელსაც  არ  აქვს  სამართლებრივი  მნიშვნელობა.  ასეთი  განმარტება  ხელს  უწყობს  მოქალაქეთა  მართლშეგნების  ამაღლებას.
განმარტების  ხერეხების  მიხედვით  განასხვავებენ  კანონის  გრამატიკულ,  ლოგიკურ  სისტემატურ  და  ისტორიულ  განმარტებას.    კანონის  ტექსტის  გრამატიკული  განმარტება  ხორციელდება  გრამატიკის,  მორფოლოგიისა  და  სინტაქსის  საფუძველზე.  ამასთან  მხედველობაში  მიიღება  თითოეული  სიტვა,  კავშირი  სიტყვებს  შორის  და  ა.შ.    ლოგიკური  ეწოდება  განმარტების  ისეთ  ხერხს,  როდესაც  კანონის  შინაარსის  დადგენა  ხდება  ლოგიკის  კანონების  საფუძველზე  მისი  ტექსტის  ანალიზის  გზით.
კანონის  სისტემატური  განმარტება  ნიშნავს  სამართლის  ნორმის  შინაარსის  დადგენას,  მის  განმარტებას  სხვა  ნორმებთან  მისი  კავშირის  დადგენით.  ისტორიული  განმარტება  გულისხმობს  იმ  მიზეზის  დადგენას,  რომლებმაც  განაპირობეს  სამართლებრივი  ნორმის  მიღება,  ასევე  მიზნების,  ვითარების  ნათელყოფას.
იმ  ქმედებათა  მიხედვით,  რომლებზეც  ვრცელდება  განსამარტავი  სისხლისსამართლებრივი  ნორმის  მოქმედება,  განასხვავებენ  განმარტების  სახეებს  მოცულობის  მიხედვით:სიტყვასიტყვითი  ანუ  ადეკვატური,  განვრცობითი  და  შეზღუდვითი.სიტყვასიტყვითი  ანუ  ადეკვატური  ნიშნავს  კანონის  განმარტებას  მისი  ტექსტის  სრული  შესაბამისობით.  განვრცობითია  ისეთი  განმარტება,  რომლის  შედეგაც  კანონი  გამოიყენება  ისეთი  შემთხვევის  მიმართ,  რომელიც  კანონის  ტექსტში  უშუალოდ  დასახელებული  არაა.შეზღუდვითი  ისეთი  განმარტებაა,  როდესაც  განსამარტავი  ნორმის  შინაარსი  უნდა  გავიგოთ  უფრო  ვიწროდ  ვიდრე  მისი  ტექსტია.  აქ  სისხლის  სამართლის  კანონი  გამოყენებული  უნდა  იქნეს  არა  ყველა  შემთხვევის  მიმართ,  რომლებიც  ამ  კანონის  ტექსტშია  მოცემული

ანალოგია

სისხლის  სამართლის  კანონი  კრძალავს  ანალოგიას  პიროვნების  საზიანოდ  და  უშვებს  მას  პიროვნების  სასარგებლოდ.  ეს  უკანასკნელი  კი  გამოხატულებას  პოულობს  სასამართლო  სამართალშემოქმედებაში.  პიროვნების  სასარგებლოდ  ანალოგიის  დაშვების  გამოხატულებაა  მოქმედი  სსკ-ის  მიერ  მართლწინააღმდეგობის  გამომრიცხველი  ზეკანონური  გარემოებებისა  და  ბრალის  გამომრიცხველი  ზეკანონური  გარემოებების  შემოღება.პიროვნების  საზიანო,  მაშასადამე  დაუშვებელი  ანალოგიის  მაგალითია  ის  რომ  ქურდობად  ვერ  ჩაითვლება  ელექტროენერგიის  მიტაცება,  რადგან  ქურდობა  არის  სხვისი  ნივთის  ფარული  დაუფლება  მართლსაწინააღმდეგო  მისაკუთრების  მიზნით  ,  ხოლო  ელექტროენერგია  არ  წარმოადგენს  ნივთს.  ამ  შემთხვევაში  დაუშვებელია  ანალოგიის  გამოყენება.  დასჯადობის  ხარვეზი  რომ  აღმოიფხვრას  საჭიროა  სსკ-ში  სპეციალური  ნორმის  არსებობა.